ერდოღანი უარყოფს ცნობებს აშშ–ის მიმართვაზე, გადასცეს S-400–ები უკრაინას და აცხადებს, რომ თურქეთის პოზიცია რუსული სისტემების შესყიდვაზე უცვლელია
25/03/2022 10:36:42 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად აშშ–მა თურქეთს რუსული S-400 ტიპის სარაკეტო სისტემების უკრაინისთვის გაგზავნაზე მიანიშნა.
ერდორანმა განაცხადა, რომ თურქეთის პოზიცია რუსული S-400 სარაკეტო თავდაცვის სისტემების შეძენის თაობაზე უცვლელია.
ამასთან, მისი თქმით, "ანკარას პოზიტიური მოლაპარაკებები ვაშინგტონიდან ახალი F-16 თვითმფრინავებისა და მოდერნიზაციის კომპლექტების შეძენის თაობაზე მალე გამოიღებს შედეგს".
გარდა ამისა, ერდოღანმა თქვა, რომ ნატო–ს სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და იტალიის პრემიერ–მინისტრთან მარიო დრაგისთან ერთად განიხილა "SAMP-T"–ს ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემების შეძენის შესაძლებლობა ფრანკო-იტალიური Eurosam კონსორციუმისგან.
ცნობისთვის: რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაახლოებით 2,5 მლრდ დოლარის სარაკეტო სისტემა S-400–ების მიწოდების შესახებ კონტრაქტს ანკარამ და მოსკოვმა 2017 წელს მოაწერეს ხელი. მიწოდება 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მხარეებმა მოილაპარაკეს, ეს უკვე 2019 წლის ივლისში განხორციელებულიყო.
აღსანიშნავია, რომ თურქეთს რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა S-400–ების შეძენის პარალელურად, ამერიკული F-35–ის ტიპის 100 ავიაგამანდგურებლების შეძენაც სურდა. თუმცა თურქეთის მიერ რუსეთისთვის საზენიტო, სარაკეტო სისტემის დაკვეთა ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების დაძაბვის მიზეზად იქცა. ანკარამ იმჟამად განაცხადა, რომ იძულებული გახდა S-400-ები რუსეთისგან შეეძინა, რადგან "მოკავშირეებმა არ მიაწოდეს მსგავსი ტიპის იარაღი დამაკმაყოფილებელი პირობებით". 2019 წლის18 ივლისს ვაშინგტონმა ანკარა F-35–ის წარმოების პროგრამიდან გარიცხა.


