მედია - აშშ–მა თურქეთს რუსული S-400–ების უკრაინისთვის გაგზავნაზე მიანიშნა
20/03/2022 08:32:31 მსოფლიო
აშშ–მა თურქეთს რუსული S-400 ტიპის სარაკეტო სისტემების უკრაინისთვის გაგზავნაზე მიანიშნა, – იუწყება Reuters სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ეს წინადადება თებერვალში თავიანთ თურქ კოლეგებთან შეხვედრისას გააჟღერეს. თუმცა მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამერიკულ მხარეს რაიმე კონკრეტული ან ოფიციალური მოთხოვნა ამ დრომდე არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია სთხოვს მოკავშირეებს, რომლებიც იყენებენ რუსული წარმოების აღჭურვილობასა და სისტემებს, მათ შორის S-300-ებსა და S-400-ებს, განიხილონ მათი უკრაინისთვის გადაცემის საკითხი.
როგორც Reuters წერს, თურქეთის ხელისუფლებაში ხსენებულ თემასთან დაკავშირებით ჯერ–ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრას ანკარამ ომი უწოდა. თურქეთმა მოსკოვის ქმედებებს მიუღებელი უწოდა, აამოქმედა "მონტრეს კონვენცია", მხარდაჭერა გამოუცხადა კიევს, მან რუსულ და უკრაინულ მხარეებს შუამავლობაც შესთავაზა, თუმცა იგი არ შეურთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.
ამასთან, ანკარამ მიჰყიდა კიევს სამხედრო დრონები და ხელი მოაწერა შეთანხმებას მეტი თანაწარმოების შესახებ, რამაც კრემლის გაბრაზება გამოიწვია. თურქეთი ასევე ეწინააღმდეგება რუსეთის პოლიტიკას სირიასა და ლიბიაში, ისევე როგორც მის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიას.
ცნობისთვის: რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაახლოებით 2,5 მლრდ დოლარის სარაკეტო სისტემა S-400–ების მიწოდების შესახებ კონტრაქტს ანკარამ და მოსკოვმა 2017 წელს მოაწერეს ხელი. მიწოდება 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მხარეებმა მოილაპარაკეს, ეს უკვე 2019 წლის ივლისში განხორციელებულიყო.
აღსანიშნავია, რომ თურქეთს რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა S-400–ების შეძენის პარალელურად, ამერიკული F-35–ის ტიპის 100 ავიაგამანდგურებლების შეძენაც სურდა. თუმცა თურქეთის მიერ რუსეთისთვის საზენიტო, სარაკეტო სისტემის დაკვეთა ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების დაძაბვის მიზეზად იქცა.
ანკარამ იმჟამად განაცხადა, რომ იძულებული გახდა S-400-ები რუსეთისგან შეეძინა, რადგან "მოკავშირეებმა არ მიაწოდეს მსგავსი ტიპის იარაღი დამაკმაყოფილებელი პირობებით".
2019 წლის18 ივლისს ვაშინგტონმა ანკარა F-35–ის წარმოების პროგრამიდან გარიცხა. აშშ შიშობს, რომ კრემლის ხელში შეიძლება, აღმოჩნდეს დახურული ინფორმაცია F-35 –ების შესახებ, რომლებიც NATO-სთვის იწარმოება. აშშ-ში აცხადებენ, რომ თურქეთს, როგორც NATO-ს წევრ სახელმწიფოს, არ შეუძლია, ერთდროულად აწარმოოს სამხედრო თანამშრომლობა ამერიკასთანაც და რუსეთთანაც. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ივნისში პენტაგონმა თურქ პილოტებს აუკრძალა წვრთნები F-35 ტიპის გამანადგურებლებზე, რომლებიც ანკარამ ვაშინგტონს დაუკვეთა.


