Accentnews.ge
პოლონეთი მზადაა, ქვეყნის კუთვნილებაში არსებული „მიგ-29“ ტიპის ყველა გამანადგურებელი აშშ-ის ხელისუფლების განკარგულებაში დაუყოვნებლივ და უფასოდ გადასცეს

პოლონეთი მზადაა, ქვეყნის კუთვნილებაში არსებული „მიგ-29“ ტიპის ყველა გამანადგურებელი აშშ-ის ხელისუფლების განკარგულებაში დაუყოვნებლივ და უფასოდ გადასცეს

08/03/2022 19:42:28 მსოფლიო

პოლონეთი მზადაა, ქვეყნის კუთვნილებაში არსებული „მიგ-29“ ტიპის ყველა გამანადგურებელი გერმანიაში მდებარე რამშტაინის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე განათავსოს და გადასცეს ისინი აშშ-ის ხელისუფლების განკარგულებაში დაუყოვნებლივ და უფასოდ. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, ვარშავა აშშ-ს მიმართავს თხოვნით, მიაწოდოს პოლონეთს გამოყენებული თვითმფრინავები შესაბამისი საექსპლუატაციო შესაძლებლობებით. პოლონეთის მთავრობა მზადყოფნას გამოთქვამს, დაუყოვნებლივ შეიმუშაოს აღნიშნული თვითმფრინავების შესყიდვის პირობები.

პოლონეთის მთავრობა ასევე მოუწოდებს ნატო-ს მოკავშირეებს, რომლებიც „მიგ-29“ ტიპის გამანადგურებლებს ფლობენ, ანალოგიურად იმოქმედონ.

მანამდე, შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ მუშაობდა პოლონეთთან უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდების თაობაზე. კერძოდ, 6 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა ენტონი ბლინკენმა შემდეგი განაცხადა:

"ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ჩვენს პოლონელ მეგობრებთან იმის თაობაზე, თუ რა შეგვიძლია, გავაკეთოთ მათი საჭიროებების უზრუნველსაყოფად იმ შემთხვევისთვის, თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ უკრაინას სამხედრო თვითმფრინავები გადასცენ".

საუბარია საბჭოთა წარმოების „მიგ-29“ ტიპის ავიაგამანადგურებლებზე, რომელთა მართვაზეც უკრაინელი პილოტები უკვე გაწვრთნილები არიან.

შეგახსენებთ, რომ ნატო უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შემოღებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა 4 მარტს განაცხადა.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S