ნატო უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შემოღებაზე უარს აცხადებს
04/03/2022 13:17:29 მსოფლიო
ნატო უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შემოღებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
"ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შემოღების საკითხი, მაგრამ შეთანხმდნენ, რომ ნატო–ს თვითმფრინავებმა უკრაინის საჰაერო სივრცეში არ უნდა იმოქმედონ", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მანამდე, ალიანსში აშშ-ის ელჩმა ჯულიანა სმიტმა აღნიშნა, რომ ნატო უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში მხარედ ჩართვას ამ ეტაპზე არ აპირებს და შესაბამისად, უკრაინის თავზე უპილოტო ზონის ჩამოყალიბების შესაძლებლობას არ განიხილავს.
უკრაინამ ნატო–ს ქვეყნის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შემოღების თხოვნით რამდენჯერმე მიმართა. ერთ–ერთი პირველი, ვინც კიევის მიმართვას გამოეხმაურა, ბრიტანეთი იყო. კერძოდ, ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესმა განაცხადა, რომ "ქვეყანა ევროპულ ომს არ გამოიწვევდა":
"უკრაინა ქვეყნის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შემოღებას ითხოვს, ამ თხოვნაზე დათანხმების შემთხვევაში მე უნდა დავაყენო ბრიტანული გამანადგურებლები რუსეთის მოიერიშე თვითმფრინავების პირისპირ. შედეგად ნატო–ს მოუწევს გამოუცხადოს ომი რუსეთს. მე არ გამოვიწვევ ევროპულ ომს, თუმცა დავეხმარები უკრაინას იბრძოლოს ყველა ქუჩაზე იმ ტექნიკით, რასაც გავუგზავნი".
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


