
„მცირე წინსვლებია“– მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულდა
07/03/2022 18:10:30 ევროპა
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულდა. შეხვედრა 3 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის მიხეილ პოდოლიაკის ინფორმაციით, არის გარკვეული პოზიტიური ძვრები ჰუმანიტარული დერეფნების ლოჯისტიკის გასაუმჯობესებლად.
"არის მცირეოდენი პოზიტიური წინსვლები ჰუმანიტარული კორიდორების ლოჯისტიკის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ლოჯისტიკის ნაწილში გარკვეული ცვლილებები შევა, რათა შევძლოთ, იმ ხალხს დავეხმაროთ, ვინც რუსული აგრესიის მსხვერპლია. საბაზისო პოლიტიკურ ნაწილში - ცეცხლის შეწყვეტისა და უსაფრთხოების გარანტირების კუთხით ინტენსიური კონსულტაციები გაგრძელდება. დღეის მდგომარეობით, ამ მხრივ ხელშესახები შედეგები ჯერ არ გვაქვს, თუმცა კონსულტაციები ისევ გაგრძელდება და შედეგს მივაღწევთ", - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ვერსიით, ჰუმანიტარული დერეფნებით უკრაინელებს მხოლოდ ბელარუსსა და რუსეთში შეეძლოთ გადასვლა, რასაც კიევში კატეგორიულად მიუღებელი უწოდეს.
მოგვიანებით რუსმა დიპლომატმა განაცხადა, რომ „გაგრძელდა დისკუსია სამხედრო და პოლიტიკურ საკითხებზე, რაც რთულად მიმდინარეობს და ნაადრევია რაღაც პოზიტიურზე საუბარი“:
„მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ აქ წერილობითი დოკუმენტების დიდი კრებულით მოვედით. ჩვენ კონკრეტული პროექტები, დოკუმენტები და შეთავაზებები შევადგინეთ. იმედი გვქონდა, რომ იმ პუნქტებზე, რაზეც თითქოს პრინციპულად უკვე ორივე მხარეს ვთანხმდებოდით, შეგვეძლო თუნდაც პროტოკოლის ფარგლებში მოგვეწერა ხელი, თუმცა უკრაინულმა მხარემ ყველა ეს დოკუმენტი გამოსაკვლევად სახლში წაიღო. ადგილზე მათ დოკუმენტებს ხელი არ მოაწერეს და თქვეს, რომ, სავარაუდოდ, ამ საკითხს შემდეგ შეხვედრაზე დავუბრუნდებით. სიმართლე გითხრათ, მოლაპარაკებებმა ჩვენი მოლოდინები არ გაამართლა, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ შემდეგ შეხვედრაზე უფრო საგრძნობ ნაბიჯს გადავდგამთ წინ - მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდება“.
რუსეთის დუმაში საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლის ლეონიდ სლუცკის განცხადებით, მეოთხე რაუნდი ბელარუსის ტერიტორიაზე უახლოეს დროს ჩატარდება.
მე–12 დღეა, რუსეთი უკრაინაში სრულმაშტაბიან სამხედრო აგრესიას ახორციელებს, ბომბავს მათ შორის საცხოვრებელ სახლებს, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები.1.7 მილიონზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა.
იხილეთ ასევე: გროზევი კრემლის მიერ კიევისთვის წაყენებულ კიდევ ერთ ულტიმატუმზე საუბრობს