"თავდასხმის მიუხედავად, ბრიტანეთი ავღანეთიდან თანამოქალაქეებისა და ავღანელების ევაკუაციას გააგრძელებს"
26/08/2021 18:33:57 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, ქაბულის აეროპორტთან მომხდარი თავდასხმების მიუხედავად, ბრიტანეთი თანამოქალაქეების და საფრთხეში მყოფი ავღანელების ევაკუაციას გააგრძელებს.
„ეს ვერ შეაფერხებს ჩვენს პროგრესს, ვაგრძელებთ ევაკუაციის განხორციელებას. ყოველთვის იყო ტერორიზმის მიმართ დაუცველობა და ტერორისტული თავდასხმები. ჩვენ მათ ვგმობთ. ჩემი აზრით, ისინი საზიზღრობაა, მაგრამ ვშიშობ, ეს ისაა, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.
ქაბულის აეროპორტთან 2 აფეთქება მოხდა. სხვადასხვა მედიასაშუალებების ინფორმაციით, თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. "თალიბანმა" მომხდარი დაგმო. აშშ–ის ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ აფეთქებები "ისლამურმა სახელმწიფომ" განახორციელა.
"აფეთქებებს, სულ მცირე, 60 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 140 პირი", – იუწყება BBC. გარდა ამისა, The Wall Street Journal–ის ცნობით, მომხდარის შედეგად, სულ მცირე, 4 ამერიკელი ჯარისკაცია დაღუპული, დაჭრილია 3 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.
ცოტა ხნის წინ პენტაგონმა დაადასტურა ჯარისკაცების დაღუპვისა და დაშავების ფაქტები, თუმცა მათი რაოდენობის დასახელებისგან თავი შეიკავა.
იხილეთ ასევე: ევროპის რიგი ქვეყნები ავღანეთიდან საევაკუაციო ფრენებს დღესვე წყვეტენ


