Accentnews.ge
ევროპის რიგი ქვეყნები ავღანეთიდან საევაკუაციო ფრენებს დღესვე წყვეტენ

ევროპის რიგი ქვეყნები ავღანეთიდან საევაკუაციო ფრენებს დღესვე წყვეტენ

26/08/2021 14:02:53 მსოფლიო

ევროპის რიგი ქვეყნები ავღანეთიდან საევაკუაციო ფრენებს დღესვე წყვეტენ. მიზეზად ქვეყანაში უკიდურესად დაძაბულ ვითარებასა და ტერორისტული აქტების განხორციელების რისკებს ასახელებენ.

ბელგიამ და დანიამ უკვე განაცხადეს, რომ დღეს ბოლო საევაკუაციო ფრენები შეასრულეს.

მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ნიდერლანდებმაც.

საფრანგეთის განცხადებით, მისი ბოლო თვითმფრინავი ავღანეთს ხვალ საღამოს დატოვებს.

ავღანეთიდან საევაკუაციო ფრენების დღეისთვის დამთავრების თაობაზე განაცხადა კანადამაც.

რაც შეეხება გერმანიას, ოფიციალურად ჯერ–ჯერობით არ ადასტურებენ, რომ ბერლინიც დღეს წყვეტს ავღანეთიდან საევაკუაციო ფრენებს, თუმცა როგორც მედია გერმანელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება, გერმანია ხსენებულ ფრენებს დღეს დაასრულებს.

ამასთან, აშშ აცხადებს, რომ საევაკუაციო ფერენებს 31 აგვისტომდე გააგრძელებს.

ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ ქაბულის აეროპორტიდან აფრენისთანავე იტალიურ თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს. მოგვიანებით, კი აეროპორტთან აფეთქება მოხდა.

აშშ, ბრიტანეთი და ავსტრალია თანამოქალაქეებს აფრთხილებენ, არ მივიდნენ ქაბულის აეროპორტთან, ხოლო ადგილზე უკვე მყოფ პირებს ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებენ. აღნიშნულის მიზეზად ტერაქტის განხორციელების საფრთხე სახელდება.

24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთიდან ჯარების 31 აგვისტომდე გაყვანის თაობაზე პენტაგონის რეკომენდაციას დაეთანხმა.

მანამდე "თალიბანმა" აშშ გააფრთხილა, რომ თუ ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტოს შემდეგაც გაგრძელდება, აღნიშნულს შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ დაჯგუფების პრეს–სპიკერმა სუჰაილ შაჰინმა განაცხადა.

"თალიბანი" 31 აგვისტოს შემდეგ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესის გახანგრძლივებას არ დაუშვებს. 31 აგვისტო არის "წითელი ხაზი", თუ ამ პერიოდის შემდეგაც გაგრძელდება ევაკუაცია, ეს ნიშნავს ავღანეთის ოკუპაციას, რომელსაც შედეგები მოჰყვება", – განაცხადა სუჰაილ შაჰინმა.

მას შემდეგ რაც "თალიბანმა" ავღანეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაამყარა კონტროლი, ქვეყნის დატოვების მსურველი ათასობით ავღანელი ქაბულის აეროპორტს მიაწყდა, რომელსაც დღემდე აშშ აკონტროლებს. 15 აგვისტოდან დღემდე საერთაშორისო ძალები მოქალაქეებისა და ავღანელი პერსონალის ევაკუაციას ახორციელებენ. თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩება უამრავი ადამიანი, მათ შორის აშშ–ის მოქალაქეები, რომელთა ევაკუაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S