
"ქართველ ხალხს სურს, ქვეყანა გახდეს ევროკავშირისა და NATO–ს წევრი, პოლიტიკოსებმა კი უნდა დაიცვან და განახორციელონ ეს სურვილი"
03/08/2021 09:44:23 პოლიტიკა
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე რასა იუკნევიჩენე საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა ქართველი ხალხის სურვილი, ქვეყანა გახდეს ევროკავშირისა და NATO–ს წევრი, უნდა დაიცვან და განახორციელონ.
როგორც ევროპარლამენტარი "აქცენტისთვის" მოწერილ წერილში აღნიშნავს, "ძალიან სამწუხაროა, რომ ქართველი პოლიტიკოსები საქართველოს მომავლით თამაშობენ":
"19 აპრილის შეთანხმება პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის გზას ხსნის. ვწუხვარ, რომ ქართველი პოლიტიკოსები საქართველოს მომავლით თამაშობენ. ძალიან რთულია, მოიპოვო ისეთი აღიარება, როგორიცაა ევროკავშირის რეფორმების მოწინავე ქვეყნის სტატუსი, თუმცა მისი დაკარგვა ძალიან ადვილია. პოლიტიკოსებმა უნდა გადალახონ უთანხმოებები და კონცენტრირება მოახდინონ იმ სამუშაოზე, რომელიც საქართველოს ევროპულ გზაზე დასაწინაურებლად არის საჭირო".
მისივე თქმით, ევროკავშირის დახმარება "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებისთვის გათვალისწინებულია რეფორმებში მათი პროგრესის საფუძველზე.
"რაც შეეხება შეთანხმების არშესრულების შესაძლო შედეგებს, მინდა, აღვნიშნო, რომ ევროკავშირის დახმარება "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებისთვის გათვალისწინებულია რეფორმებში მათი პროგრესის საფუძველზე. როგორც კომისია და ევროპარლამენტი, ისე სხვა საერთაშორისო აქტორები ყურადღებით ადევნებენ თვალს და აფასებენ საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებას, არჩევნებს, დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მედიის თავისუფლებას და ა.შ. ქართველ ხალხს სურს, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირისა და ნატო–ს წევრი. ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა დაიცვან და განახორციელონ ეს სურვილი", დასძინა ევროპარლამენტარმა.
ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. 28 ივლისს პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".
"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".
"ოცნების" ხსენებულ ნაბიჯს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისგან, აშშ–ისა და ევროკავშირისგან კრიტიკული განცხადებები მოჰყვა. ისინი მმართველ პარტიას მოუწოდებენ, დაუბრუნდეს 19 აპრილის შეთანხმებას. თუმცა აღნიშნული კატეგორიულად გამორიცხა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.