რას პასუხობენ „ოცნებიდან“ გახარიას
09/06/2021 08:34:51 პოლიტიკა
ექს–პრემიერ გიორგი გახარიას 8 მაისის ვრცელ ინტერვიუს, სადაც გახარიამ სახელისუფლებო პარტიის ლიდერშიფზე საკმაოდ ხისტად ისაუბრა, "ქართული ოცნების" რიგი წევრების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. მმართველ გუნდში ყოფილ თანაგუნდელს არგუმენტები დაუწუნეს. კერძოდ, „ოცნების“ წევრი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ გიორგი გახარიას მაგალითზე საზოგადოებამ ნათლად დაინახა, თუ ვის შეეშინდა და ვინ გაექცა პასუხისმგებლობას.
"მისი გადადგომა იყო აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელი გუნდისთვის და საზოგადოებისთვის, ის პასუხისმგებლობას გაექცა," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას განცხადებებს დამაჯერებლობა აკლია.
ხოლო მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრი შალვა პაპუაშვილი უღირს ტყუილს უწოდებს გიორგი გახარიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში მმართველი პარტიის დეპუტატები ვერ იპოვეს:
"ის, რაც მან თქვა 20 ივნისთან დაკავშირებით, თითქოს ამ პარლამენტში არავინ არ იყო, ეს არის იმხელა ტყუილი და იმხელა უღირსი საქციელი, რომ უკვე ფარავს იმ უღირს საქციელს რასაც ჰქვია პარაზიტობა "ქართული ოცნების" ხმებზე. სამწუხაროა "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველი ნომერი რომ ასე არაღირსეულად იქცევა," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
20 ივნისთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას არასწორს უწოდებს არჩილ თალაკვაძეც:
"არ მინახავს ჩვენს კაბინეტებში შემოსულიყო, ყველამ იცის, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი, სანამ აქცია დასრულდა, ვიმყოფებოდით საქართველოს პარლამენტში. თუ მას რამე სჭირდებოდა, მე ჩემს სამუშაო ადგილზე ვიმყოფებოდი. გამთენიამდე ჩვენ ვიყავით პარლამენტში, შესაბამისად, განცხადება, რაც გააკეთა, არის არასწორი და არ შეესაბამება სიმართლეს".
იხილეთ ასევე: გახარია – კობახიძეზე: „ეს შეშინებული კაცის ბოდვაა“


