"ალჯაზირა": ისრაელის მიმართულებით რაკეტები ლიბანიდანაც ისროლეს
13/05/2021 19:32:53 მსოფლიო
ლიბანის სამხრეთ ნაწილიდან ისრაელის მიმართულებით სულ მცირე სამი რაკეტა ისროლეს,– იუწყება ტელეკომპანია „ალჯაზირა“ ლიბანის უსაფრთხოების ძალებზე დაყრდნობით.
„ალ ჯაზირა“ ლიბანურ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რაკეტების გაშვებასთან დაკავშირებით ლიბანის სანაპირო ქალაქ ტირში რამდენიმე ადამიანია დაკავებულია. მედია სარაკეტო დარტყმების პალესტინურ დაჯგუფებებს უკავშირებს.
ისრაელის სამხედრო მეთაურობის ცნობით, ლიბანიდან გასროლილი რაკეტები ხმელთაშუა ზღვაში ჩამოვარდა.
შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სარაკეტო იერიში 9 მაისის შემდეგ არ წყდება.
ისრაელის განცხადებით, ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ისრაელის 7 მოქალაქე, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, რომ ისრაელის სარაკეტო იერიშებს 83 პირი ემსხვერპლა, მათ შორის 17 ბავშვია.
სარაკეტო იერიშების პარალელურად ისრაელმა ღაზას სექტორის საზღვართან სამხედროების მობილიზება დაიწყო და არის მოლოდინი, რომ ისრაელი სახმელეთო ოპერაცისთვის ემზადება.
იხილეთ ასევე: ლაშა ჟვანია: "აკოში ძალიან მძიმედ დაშავდა ქართველი ებრაელი, ჩვენი თანამემამულე“


