ლაშა ჟვანია: "აკოში ძალიან მძიმედ დაშავდა ქართველი ებრაელი, ჩვენი თანამემამულე“
13/05/2021 19:45:22 საზოგადოება
ისრაელში საქართველოს ელჩის ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, ისრაელის ქალაქ აკოში ქართველი ებრაელი მძიმედ დაშავდა.
"აკოში დაშავებულია ძალიან მძიმედ ისრაელის მოქალაქე ქართველი ებრაელი, ჩვენი თანამემამულე. ის საავადმყოფოშია, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანილი. ვაჟკაცი ბიჭია, რომ შეხედავთ აღნაგობით, შეუძლია გაუმკლავდეს რამდენიმეს მაინც, მაგრამ ადამიანების ხროვა, რომელსაც არ აინტერესებს, ვინ არის, რა არის, პირდაპირ დაესხმებიან ხოლმე თავს.
იაჰოში დღეს, ერთი საათის წინ სამხედროს დაესხნენ თავს, რაც უკვე მანიშნებელია იმის, რომ ექსტრემისტულად განწყობილი ჯგუფების მხრიდან ქმედებები როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს გადასულია საზღვრებს გარეთ", - განაცხადა ჟვანიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სარაკეტო იერიში 9 მაისის შემდეგ არ წყდება.
ისრაელის განცხადებით, ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ისრაელის 7 მოქალაქე, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, რომ ისრაელის სარაკეტო იერიშებს 83 პირი ემსხვერპლა, მათ შორის 17 ბავშვია.
სარაკეტო იერიშების პარალელურად ისრაელმა ღაზას სექტორის საზღვართან სამხედროების მობილიზება დაიწყო და არის მოლოდინი, რომ ისრაელი სახმელეთო ოპერაცისთვის ემზადება.
.


