
"ჰამასი": "დავიწყეთ ახალი რაკეტების გამოყენება, რომელიც ისრაელის ნებისმიერ წერტილში მიაღწევს"
13/05/2021 12:01:29 მსოფლიო
"ჰამასი" აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით ახალი რაკეტების გაშვება დაიწყო.
"დავიწყეთ ახალი "Ayyash 250" ტიპის რაკეტების გამოყენება, რომელიც ისრაელის ნებისმიერ წერტილში მიაღწევს". – აცხადებს "ჰამასის" წარმომადგენელი.
ამასთან, მან საერთაშორისო ავიაკომპანიებს მოუწოდა, "სასწრაფოდ შეწყვიტონ ფრენები ოკუპირებული პალესტინის ნებისმიერი აეროპორტიდან".
მანამდე, ისრაელმა განაცხადა, რომ ღაზას სექტორში "ჰამასის" სამიზნეები დაბომბა.
ამ წუთებში ისრაელის რიგ ქალაქებში, მათ შორის თელ–ავივში გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმის.
იხილეთ ასევე: ისრაელი სავარაუდოდ, სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება – საზღვართან სამხედრო ძალები გადაისროლეს
სრულმასშტაბიანი ომის საფრთხე ახლო აღმოსავლეთში: კონფლიქტის ანატომია
ცნობისთვის: ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სარაკეტო იერიში არ წყდება. ისრაელის განცხადებით, ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ისრაელის 7 მოქალაქე, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, რომ ისრაელის სარაკეტო იერიშებს 83 პირი ემსხვერპლა, მათ შორის 17 ბავშვია.
ბოლო დღეებში ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი საგრძნობლად გამწვავდა. მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.