სრულმასშტაბიანი ომის საფრთხე ახლო აღმოსავლეთში: კონფლიქტის ანატომია

12-05-2021 18:36:58 ინტერვიუ

უკიდურესად მწვავე რჩება ვითარება ახლო აღმოსავლეთში, რომელიც 2014 წლის 50–დღიანი ომისა და ასეულობით მსხვერპლის შემდეგ, კონფლიქტის ყველაზე მასშტაბურ ესკალაციად ფასდება. ისრაელისა და „ჰამასის“ ბოლო დღეების ორმხრივი სარაკეტო იერიშები 50–მდე დაღუპულს და მეტ დაშავებულს ითვლის, არ ჩანს იერიშების შეწყვეტის ნიშნები, კონფლიქტის გარე დამკვირვებლები კი სრულმასშტაბიანი ომის საფრთხეზე ალაპარაკდნენ: "დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ცეცხლი. ჩვენ ვუახლოვდებით სრულმასშტაბიან ომს. ყველა მხარის ლიდერებმა დეესკალაციაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღონ. ღაზაში ომის საფასური უდიდესია და ამას ჩვეულებრივი ხალხი იხდის. გაერო ყველა მხრივ მუშაობს მშვიდობის აღსადგენად. შეაჩერეთ ძალადობა ახლავე", – განაცხადა გაერო–ს სპეციალურმა კოორდინატორმა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში, ნორვეგიელმა დიპლომატმა ტოპ ვენესლანდმა

საერთაშორისო საზოგადოება მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს, თეთრი სახლის ფორმულირებამ კი ანკარის გაღიზიანება გამოიწვია. მოგვიანებით, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თავის რუს კოლეგასთან კიდევ ერთხელ გააჟღერა პალესტინაში საერთაშორისო მშვიდობისმყოფელების გაგზავნის იდეა, რაზეც ოფიციალური ანკარა 2018 წლიდან საუბრობს.

"ერდოღანმა პუტინს განუცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ისრაელს ძლიერი და შემაკავებელი გაკვეთილი უნდა ჩაუტაროს", – ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბუნებრივია, მყიფე უსაფრთხოების, კონფლიქტისადმი გარე აქტორების ინტერესის, ერთმანეთისადმი მიბჯენილი იარაღის პირობებში რთულია მოვლენათა განვითარების პროგნოზირება, თუმცა კონფლიქტის ისტორიული დაკვირვება და მოვლენათა ლოგიკა აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორს გიორგი სანიკიძეს ფართომასშტაბიანი ომის მოლოდინზე საუბრის საფუძველს არ აძლევს, ამ ეტაპზე ვერ ხედავს რა მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარების ინდიკატორებს და ელის, რომ კულმინაციის შემდეგ ტემპერატურა დაიწევს.

„პალესტინელ არაბებსა და ებრაელებს შორის კონფლიქტი ტალღოვან ხასიათს ატარებს: გარკვეულ პერიოდებში აპოგეას აღწევს, როგორც დღეს – ვითარება მძაფრია, მაგრამ მსგავსი შემთხვევები ყოფილა და არაერთხელ. ფართო სურათიდან და ლოგიკიდან გამომდინარე, არ მგონია, რომ დღეს არსებობდეს არა თუ ფართომასშტაბიანი, რეალურად ომის საფრთხე“,– ამბობს „აქცენტთან“ ქართველი მკვლევარი და ამ კონტექსტში იგი, პალესტინის რესურსებზე ამახვილებს ყურადღებას, მსგავსი განწყობის არსებობის მიუხედავად.

„გარდა ამისა, პალესტინელ არაბთა პოტენციური მოკავშირეები – სხვა არაბული ქვეყნები არ არიან განწყობილი ისრაელთან დაპირისპირების მიმართულებით ნაბიჯების გადასადგმელად, მით უფრო, რომ ტრამპის ადმინისტრაციის დროს [აშშ ისრაელის სტრატეგიული მოკავშირეა – რედ] ისრაელმა საკმაოდ მოაწესრიგა არაბულ სამეზობლოსთან ურთიერთობა; ირანი საკუთარი პრობლემებითაა დაკავებული და არ ველი, რომ კონფლიქტში ჩაერთვება. მეორეს მხრივ, ჯერ არ არის ინფორმაცია, რა პოზიცია აქვს ლიბანურ „ჰესბოლას“, რომელიც ირანს ექვემდებარება. „ჰესბოლაში“ სერიოზული ძალაა, მაგრამ არც ის და არც „ჰამასი“ არ არიან ძალები, რომლებიც რეგიონში ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღებას დამოუკიდებლად, პროცესში სხვა ქვეყნების ჩართულობის გარეშე შეძლებენ.

აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილის დაკვირვებით კი „ჰამასს“ მსგავსი ოდენობის რაკეტაზე წვდომა ამ დრომდე არ ჰქონია, ამიტომ ის კონფლიქტის მოკლე ვადაში დასრულებას არ ელის;

„ორივე მხარე საბრძოლოდაა განწყობილი. მსგავსი თავდასხმა ისრაელზე არასდროს მომხდარა და მასზე პასუხი ისრაელისთვის უსაფრთხოებასთან ერთად პრესტიჟის საკითხიცაა. ამასთან, „ჰამასს“ არასოდეს ჰქონია მსგავსი რაოდენობის რაკეტა და ალბათ ამიტომაც არის თავდაჯერებული: ათასობით რაკეტა აქვს, რომლის გამოყენებაც შეუძლია. რაკეტების უდიდესი ნაწილი ადგილზეა წარმოებული. არის სხვადასხვა ზომის, რადიუსის. ღაზას სექტორიდან გაშვებულ რაკეტებს შეუძლია, ისრაელის ტერიტორიის დაახლოებით, 70% დაფაროს. ეს საკმაოდ დიდი ტერიტორიაა და მსგავსი ტექნოლოგური საშუალებები მას არასდროს ჰქონია. ისრაელი შეცდება, წყაროების განეიტრალებას, მაგრამ თუ პროცესი გაგრძელდა, შესალოა, ისრაელმა სახმელეთო ოპერაციის წარმოების საჭიროება მიიჩნიოს მიზანშეწონილად, რაც კიდევ უფრო დრამატული იქნება, რადგან ისრაელის არმია 2,5–მილიონიან ქალაქში უნდა შეიდეს და ხელჩართული ბრძოლები ძალიან დიდი მსხვერპლის სათავე იქნება“.

კონფლიქტის ესკალაცია

ისრაელისა და მოძრაობა „ჰამასის“ ორმხრივ საჰაერო იერიშებს წინ უძღოდა დაძაბულობა იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში. მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.

თუმცა სიტუაციის ესკალაციის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მაინც ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე, დიდწილად პალესტინელებით დასახლებული უბნის, შეიხ–ჯარას გარშემო განვითარებული პროცესები განიხილება. საქმე ეხება სასამართლო განხილვას, რომლის ფარგლებშიც ებრაული ორგანიზაცია უბანში მცხოვრები რამდენიმე პალესტინური ოჯახის გამოსახლებას ითხოვს.

კნფლიქტის ანატომია

მხარეებს შორის დავა ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის. თავად კონფლიქტი მრავალწახნაგოვანია, მოიცავს, მათ შორის, ტერიტორიულ დავას, რელიგიური სიწმინდეების თაობაზე შეუთანხმებლობას და სადღეისოდ მთავარ პრობლემად, გადაულახავ „წითელ ხაზად“ რჩება იერუსალიმის საკითხი: პალესტინელები მიიჩნევენ, რომ მათი სახელმწიფოს დედაქალაქი იერუსალიმი უნდა იყოს, ამასთან იერუსალიმი ისრაელს ქვეყნის დედაქალაქად აქვს გამოცხადებული

როგორც უკვე აღინიშნა, ამჟამინდელი კონფლიქტის ინსპირატორადაც იერუსალიმში განვითარებული მოვლენები იქცა.

მოძრაობა „ჰამასი“

ეს არის პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური ორგანიზაცია, რომელიც ღაზას სექტორში მმართველობას ახორციელებს. ღაზა პალესტინის ტერიტორიების შემადგენელი ნაწილია.1994 წელს ისრაელმა პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას ღაზაზე თვითმმართველობის უფლება გადასცა. მანამდე ღაზა ჯერ ისრაელის (1967–94), უფრო ადრე ეგვიპტის (1948–67), კიდევ უფრო ადრე დიდი ბრიტანეთისა (1918–48) და თურქეთის (როდესაც ღაზა ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო) სამხედრო ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა.

„ღაზას სექტორში ურთულესი სოციალურ–ეკონომიკური ვითარებაა. მსოფლიოში არის ტრაგიკული ადგილები და ერთ–ერთად შეიძლება, სწორედ ღაზას სექტორი მივიჩნიოთ. მძიმე სოციალური ფონი კი (ისევე როგორც სხვაგან), მოსახლეობის რადიკალიზაციას, რადიკალური ორგანიზაციებისადმი მხარდაჭერას უწყობს ხელს, რაც ხდება კიდეც „ჰამასის“ შემთხვევაში. მიუხედავად რადიკალიზმისა, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტი მხარდამჭერი პალესტინელებს შორის სწორედ „ჰამასს“ ჰყავს“,– ამბობს სანიკიძე.

რაც შეეხება მოძრაობის მიერ მობილიზებულ ფინანსურ რესურსებს, მკვლევარი ამბობს, რომ არაბულ სამყაროს უზარმაზარი ფული აქვს დაბანდებული, არაოფიციალური სტრუქტურებიდანაც მნიშვნელოვანი რესურსები შედის. ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფოების დახმარება, როგორც შეიძლება, იყოს ირანის შემთხვევაში, არამედ კერძო პირების, ორგანიზაციების მხარდაჭერაც“.

რეგიონის ქვეყნების ინტერესი კონფლიქტის მიმართ

„რეალობაა, რომ არაბული სახელმწიფოების სურვილის საწინააღმდეგოდ შეიქმნა ისრაელის სახელმწიფო, რომელმაც დროს და გარემოს გაუძლო, არაერთგზის მოიპოვა არაბულ ქვეყნებზე გამარჯვება და მიაღწია იმას, რომ სადღეისოდ არაბული ქვეყნების უმეტესობას მეორე პლანზე აქვთ გადაწეული პალესტინის საკითხი. დეკლარირებულად ყოველთვის უჭერენ მხარს პალესტინელი ხალხის ბრძოლას, მაგრამ რეალური დახმარების გაწევა და ომში პალესტინისთვის ჩართვა, დღევანდელ ვითარებაში მოსალოდნელი არაა, მათ შორის, იმიტომაც, რომ არც რეგიონის გარე აქტორების ინტერესში შედის ფართომასშტაბიანი კონფლიქტის გაჩაღება.

რაც შეეხება რუსეთს, მას თითქოს კარგი ურთიერთობა აქვს ისრაელთან და ჯერ–ჯერობით ეს მომენტი ჩანს [Jerusalem Post–ის ინფორმაციით, "ჰამასი" ებრაულ ობიექტებს რუსული «კორნეტის» გამოყენებით უტევდა – რედ.]; ირანი არ აღიარებს ისრაელის, როგორც სახელმწიფოს არსებობას. მისი ინტერესია, პალესტინელებმა რაც შეიძლება, მეტი პრობლემა შეუქმნან ისრაელს, მაგრამ არც ირანია ის ძალა, რომელიც ასე ვთქვათ, საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ წავა და ფართომასშტაბიან ომში ჩაერთვება. მეორე საკითხია, რამდენად შეუქმნის ისრაელს პრობლემებს ირანს დაქვემდებარებული ლიბანური პოლიტიკურ–სამხედრული ძალის მეშვეობით. მაგრამ ვიმეორებ, ესეც არ იქნება ამ შემთხვევაში გადამწყვეტი.

თურქეთის პოლიტიკა ერდოღანის ხელისუფლების პირობებში მნიშვნელოვნად შეიცვალა, მნიშვნელოვნად შემოტრიალდა ახლო აღმოსავლეთისკენ და სერიოზული პრობლემებიც გაჩნდა თურქეთსა და ისრაელს შორისაც. თურქეთის პოზიცია მკვეთრად პროპალესტინურია, მაგრამ არ ველი, რომ მან ომი დაიწყოს იმისთვის, რომ პალესტინური სახელწიფო შეიქმნას იმ საზღვრებში, როგორც ამას პალესტინელები მოითხოვენ“,– ფიქრობს სანიკიძე.

თეორიული დაშვებით, მკვლევარის ანალიზით, ფართომასშტაბიანი ომის კატალიზატორი შეიძლება, გახდეს, ისრაელის თავდასხმა რომელიმე არაბულ ქვეყანაზე, რასაც ის გამორიცხავს:

„როგორც უკვე ვთქვი, ისრაელმა მეტ–ნაკლებად მოაწესრიგა არაბ მეზობლებთან ურთიერთობები. ამ ეტაპზე არ ჩანს ინდიკატორი, რომ კონფლიქტი ისრაელის და პალესტინის ავტონომიიის ფარგლებს გასცდეს“.

რაც შეეხება აშშ–ის პოზიციას, აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილი ელის, რომ ისრაელს ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, ტრამპის ადმინისტრაციის მსგავსი მხრდაჭერა არ ექნება, თუმცა შეეცდება ბალანსის მოძებნას, რაც მას რთულად ესახება:

„ამოსავლეთში ბევრი პრობლემა დაგროვდა, სადაც აშშ–ის ინტერესი იკვეთება. ეს ეხება როგორც ირანის ატომურ პროგრამას, ერაყს, ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანას, სირიას, სადაც სამოქალაქო ომი ამჟამადაც მიმდინარეობს, ასევე ცალკე დაძაბულობაა აშშ–თურქეთის ურთიერთობებში. რეალური გმოცდა მოუწყო ბაიდენის ადმინისტრაციას ისრაელ–პალესტინის ამ დაპირისპირებამ. ჯერ–ჯერობით მხოლოდ განცხადებებით შეოიფარგლებიან. პრობლემა მარტივად ვერ მოგვარდება და რომც მოგვარდეს , ეს მხოლოდ დროებითი იქნება“

საქართველოს პოზიცია

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თემის კომენტირებისას განაცხადა, რომ საქართველო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ სარაკეტო თავდასხმას გმობს:

„საქართველოს მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალყურს ისრაელსა და ღაზას სექტორში განვითარებულ მოვლენებს. საქართველო გმობს ძალადობას და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ სარაკეტო თავდასხმას, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს მშვიდობას და სტაბილურობას რეგიონში. რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციას ალტერნატივა არ აქვს“.

„ეს ისეთი პრობლემაა, რომელიც მსოფლიოში ყველას ეხება, თუმცა დღევანდელი მოცემულობით ვითარებას, ბუნებრივია, საქართველოზე ნაკლები ზეგავლენა აქვს: ეს ლოკალური კონფლიქტია წერტილოვანი დარტყმებით. მნიშვნელოვანია, რომ იგი ფართომასშტაბიან კონფლიქტში არ გადაიზარდოს, რომელიც უკვე ყველას შეეხება, მათ შორის, საქართველოს“,– დასძენს სანიკიძე.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ისრაელი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ქვეყნებს შორის არსებობს მჭიდრო ეკონომიკურ–კულტურულ და სამხედრო ურთიერთობები. ისრაელში საქართველოს ათასობით მოქალაქე იმყოფება, მათ შორის, შრომით ემიგრაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები