Accentnews.ge
მედია –  აშშ–მა შავ ზღვაში სამხედრო გემების შემოყვანა გადაიფიქრა

მედია –  აშშ–მა შავ ზღვაში სამხედრო გემების შემოყვანა გადაიფიქრა

15/04/2021 06:15:43 მსოფლიო

აშშ–მა შავ ზღვაში სამხედრო გემების შემოყვანა გადაიფიქრა, – იუწყება Reuters თურქ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ანკარაში აშშ-ის საელჩომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ გადაწყვეტილების შესახებ უკვე შეატყობინა, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებიათ.

ცნობისთვის: 9 აპრილს CNN –მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, აშშ უკრაინის მხარდასაჭერად შავ ზღვაში უახლოეს დღეებში 2 სამხედრო ხომალდის გაგზავნის საკითხს განიხილავდა. მოგვიანებით, იმავე დღეს თურქულმა მედიამ განაცხადა, რომ „მონტროს კონვენციის“ შესაბამისად, აშშ-მა თურქეთს შავ ზღვაში სამხედრო გემების შემოყვანაზე შეტყობინება გაუგზავნა. შეერთებული შტატების გადაწყვეტილება მოსკოვში "არამეგობრულ პროვოკაციად" შეაფასეს, რომლის მიზანი "კრემლის ნერვების გამოცდაა".

აღსანიშნავია, რომ 13 აპრილს რუსეთმა კასპიის ფლოტილიის 15 სამხედრო გემი, მათ შორის, 3 საარტილერიო და 8 სადესანტო ხომალდი შავი ზღვის მიმართულებით გაუშვა. როგორც ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ხომალდები სამხედრო წვრთნაში მიიღებენ მონაწილეობას. ოფიციალური პრეს–რელიზის თანახმად, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სარდლობა ერთობლივი წვრთნით მიზნად ისახავს საბრძოლო მზადყოფნის დონის შემოწმებას და შავი და კასპიის ფლოტილიის მხარდაჭერით ჰიპოთეტური მოწინააღმდეგის საზღვაო და საჰაერო დესანტის მოგერიებას. მოსკოვში აცხადებენ, რომ მასშტაბური წვრთნები დაახლოებით, 2 კვირაში უნდა დასრულდეს.

უკრაინა თავის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ნაწილების თავმოყრას ახალი აგრესიისთვის მზადებად აფასებს. უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფების კონცენტრაცია აშფოთებთ ნატო–ს, ევროკავშირს და აშშ-ს, რომლებმაც უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს. 13 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ვითარების დეესკალაცისკენ მოუწოდა და “მესამე ქვეყანაში” სამიტის ჩატარება შესთავაზა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S