აშშ-ის სამხედრო ხომალდების მოლოდინის ფონზე რუსეთმა შავი ზღვის მიმართულებით 15 სამხედრო გემი გაუშვა და წვრთნები დააანონსა
14/04/2021 15:13:00 მსოფლიო
რუსეთმა კასპიის ფლოტილიის 15 სამხედრო გემი, მათ შორის, 3 საარტილერიო და 8 სადესანტო ხომალდი შავი ზღვის მიმართულებით გაუშვა. როგორც ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ხომალდები სამხედრო წვრთნაში მიიღებენ მონაწილეობას.
ოფიციალური პრეს–რელიზის თანახმად, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სარდლობა ერთობლივი წვრთნით მიზნად ისახავს საბრძოლო მზადყოფნის დონის შემოწმებას და შავი და კასპიის ფლოტილიის მხარდაჭერით ჰიპოთეტური მოწინააღმდეგის საზღვაო და საჰაერო დესანტის მოგერიებას. მოსკოვში აცხადებენ, რომ მასშტაბური წვრთნები დაახლოებით, 2 კვირაში უნდა დასრულდეს.
აღსანიშნავია, რომ აშშ უკრაინის მხარდასაჭერად უახლოეს დღეებში გეგმავს, შავ ზღვაში 2 სამხედრო ხომალდი შემოიყვანოს. როგორც თურქული მედია იუწყება, „მონტროს კონვენციის“ შესაბამისად, აშშ-მა თურქეთს გემების შემოყვანაზე შეტყობინება უკვე გაუგზავნა. შეერთებული შტატების გადაწყვეტილება მოსკოვში "არამეგობრულ პროვოკაციად" შეაფასეს, რომლის მიზანი "კრემლის ნერვების გამოცდაა".
უკრაინა თავის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ნაწილების თავმოყრას ახალი აგრესიისთვის მზადებად აფასებს. უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფების კონცენტრაცია აშფოთებთ ნატო–ს, ევროკავშირს და აშშ-ს, რომლებმაც უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს. 13 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ვითარების დეესკალაცისკენ მოუწოდა და “მესამე ქვეყანაში” სამიტის ჩატარება შესთავაზა.


