თბილისი მოსკოვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართული უკანონო ნაბიჯების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

25-11-2020 00:05:53

ოფიციალური თბილისი რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის “ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის” დამტკიცებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს არის “დე-ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმული მორიგი უკანონო ნაბიჯი, რომელიც საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ეტაპობრივად ინტეგრაციას ემსახურება”.

“რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის 2014 წლის ნოემბერში დადებული ე.წ. „ხელშეკრულება“ მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ისევე, როგორც მის ფარგლებში შემუშავებული ყველა ე.წ. „შეთანხმება“, „მემორანდუმი“ თუ „პროგრამა“ უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯებითა და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებით რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას ევროპის კონტინენტზე. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს დესტრუქციული მოქმედებები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ მიმართული უკანონო ნაბიჯები, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და ხელი არ შეუშალოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას” – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მიერ “აქცენტისთვის” მოწოდებულ ოფიციალურ კომენტარში.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთთან “ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა” დაამტკიცა, 23 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზდენტ ასლან ბჟანიას პრეს-სამსახურმა გაავრცელა.

«აფხაზეთისა და რუსეთის პრეზიდენტების 12 ნოემბრის შეხვედრის შედეგად დამტკიცებულია რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა, რომელიც ორი ქვეყნის კანონმდებლობების ჰარმონიზაციის საფუძველზე განხორციელდება. ეს დოკუმენტი ლოგიკური გაგრძელებაა ქვეყნებს შორის 2014 წლის 24 ნოემბერს მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაფორმებული შეთანხმების. დამტკიცებული პროგრამა მიმართულია ნაყოფიერი საფუძვლის შექმნისაკენ რუსეთის მიერ ან მისი ინიციატივით მიმდინარე საინტეგრაციო პროცესებში აფხაზეთის რესპუბლიკის სრულფასოვანი მონაწილეობისათვის” – ნათქვამია პრეს-რელიზში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ვადებად კი 2-3 წელია დასახელებული.

სწორედ ამ ვადებში უნდა მოხდეს კანონმდებლობების ჰარმონიზაცია თითქმის ყველა სფეროში.

იხილეთ ასევე: "რუსეთი - აფხაზეთი: “ჰარმონიზაცია” ჰარმონიის გარეშე"

"აფხაზეთი რუსეთს ბარდება"

ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტს 12 ნოემბერს სოჭში შეხვდა. სოხუმში დაბრუნებულმა ბჟანიამ ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა და განაცხადა, რომ “ყარაბაღის მოვლენებმა ბევრი რამ შეცვალა და კიდევ შეცვლის”. ამასთან, მან ახსენა, რომ პუტინთან ე.წ. აფხაზური რკინიგზის აღდგენის საკითხზეც იმსჯელა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები