აფხაზეთი რუსეთს ბარდება

18-11-2020 00:54:42 კონფლიქტები

ყარაბაღის მეორე ომის დასრულებიდან სულ რამდენიმე დღეა გასული, მაგრამ კავკასიაში უკვე ბევრი რამ იცვლება და კიდევ ბევრი შეიცვლება: ვიღაცისთვის – სასიკეთოდ, ვიღაცისთვის კი - დამღუპველად. ამ 44-დღიანი ომის მსვლელობისას საქართველო ვითარებიდან თითქოს “მშრალი” გამოვიდა – მეომარი მეზობლების მიმართ ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება შეძლო და (თუ სოცქსელების სომხურ სეგმენტში “ქართველების მოღალატეობის” შესახებ პროპაგანდისტულ კამპანიას არ ჩავთვლით) როგორც ბაქოსთან, ისე ერევანთან კეთილმეზობლური ურთიერთობები შეინარჩუნა. თუმცა ომი დასრულდა – ყოველ შემთხვევაში, დროებით და საყოველთაოდ ცნობილი სიბრძნის მეორე ნაწილი – “გეშინოდეს მშვიდობის” მყისიერად შევიდა ძალაში, მათ შორის – ჩვენი ქვეყნისთვისაც. ცხადია, როცა რეგიონში ორი ძალზე ძლიერი, არაპროგნოზირებადი და სახიფათო აქტორის – მოსკოვისა და ანკარის ინტერესები იკვეთება (რომლებიც რიგ საკითხებში თანხვედრაშია, რიგ საკითხებში კი – ურთიერთსაწინააღმდეგო და ესეც - მონაცვლეობით), ძალზე ძნელი იქნება, გადარჩე, ვითარებიდან ზარალის გარეშე გამოხვიდე და მით უფრო სარგებელი გამოიტანო (ამას დიდი სიფრთხილე, სტრატეგიული და ტაქტიკური ხედვა, უპირველესად კი ნება და დაუღალავი ძალისხმევა სჭირდება), განსაკუთრებით – თუ ძირითადი ყურადღება სულ სხვა მიმართულებით გაქვს გადართული და დროის უდიდეს ნაწილს შიდაპოლიტიკურ ბატალიებზე ხარჯავ, მაშინაც კი, როცა ხსენებული ორი ძლიერი აქტორიდან ერთმა (რუსეთმა) შენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთში) “დასწრებაზე” თამაში უკვე დაიწყო და სოხუმიც, რომელიც ბოლო დროის განმავლობაში მუდმივად უგზავნიდა თბილისს სიგნალებს თანამშრომლობისა და დიალოგის, რეალურად კი შველის თაობაზე, ძალაგამოლეული ჩვენს თვალწინ მოსკოვს ბარდება.

სოხუმიდან შესაბამისი ინფორმაცია მთელი ბოლო თვეების განმავლობაში ჟონავდა და “აქცენტიც” ოფიციალური თბილისის სათანადო ან სათანადოსთან მიახლოებული რეაგირების იმედით ამ თემებზე დაუღალავად წერდა. თუმცა საპარლამენტო არჩევნები (მთელი წინასაარჩევნო პერიოდით) თავისი მნიშვნელობით, როგორც ჩანს, ამ საკითხებს აღემატებოდა... “საუკეთესო” შემთხვევაში ხდებოდა შერჩევითი რეაგირება: მაგალითად, ამასწინათ ოფიციალური თბილისი აღაშფოთა პრეზიდენტ პუტინის შეხვედრამ დე ფაქტო პრეზიდენტ ბჟანიასთან, მაგრამ რუსეთის მიერ აფხაზური დაბა აიბღას მიერთების თემაზე თბილისში არათუ საპროტესტო განცხადება არ გაკეთებულა, მოკლე კომენტარიც კი არავის მოუსმენია/უნახავს! - თითქოს აფხაზეთს საქართველოს ტერიტორიის ნაწილად აღარ ვთვლიდეთ და რუსეთს აიბღას მისაკუთრებით საქართველოს ტერიტორიის ნაწილი არ მიეთვისებინოს! მანამდე რიგი აფხაზი მეწარმეების მიერ თბილისში თანამშრომლობის შესახებ გამოგზავნილი მესიჯები დარჩა "ხმად მღღადებლისა უდაბნოსა შინა", ისევე, როგორც აფხაზური ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლების ძახილი და მრავალი სხვა გზავნილი, რომელსაც “აქცენტი” თბილისში ვინმეს “გამოღვიძების” იმედით აშუქებდა და აშუქებდა…

არადა, სამი ათწლეულის განმავლობაში თავად სოხუმიდან თანამშრომლობისა და დიალოგის შესახებ განცხადებები ასე საჯაროდ და ხმამაღლა პირველად ჟღერდა: პანდემიის ურთულეს პერიოდში დაფინანსების გარეშე მიტოვებული აფხაზეთი, რომელსაც “სტრატეგიულმა პარტნიორმა” ზეწოლის მიზნით, ყველა “სიკეთესთან” ერთად, სამედიცინო ბლოკადაც მოუწყო, მოსკოვს მთელ რიგ უმნიშვნელოვანეს საკითხებში ჯერ კიდევ უწევდა სუსტ წინააღმდეგობას, თუმცა ხვდებოდა, რომ ამის ყოველგვარი რესურსი ელეოდა და თვითგადარჩენის ინსტინქტს მიჰყვებოდა. განმეორდება თუ არა ოდესმე თბილისისთვის ასეთი მომენტი აფხაზებთან ურთიერთობების დასალაგებლად – ძალზე ძნელი სათქმელია. ალბათ, უფრო პირიქით იქნება, თუ იმით ვიმსჯელებთ, რაც სწორედ ახლა, ამ წუთებში, ჩვენს თვალწინ ხდება აფხაზეთში, - ვგულისხმობ ღია ანექსიას, ჩვენ კი, თბილისში ამას კვლავინდებურად “არ ვიმჩნევთ”!

თუ ვინმეს მაინც დააინტერესებს, რას ვეყრდნობი ანექსიაზე საუბრისას, რა მაძლევს ამ ტერმინის გამოყენების საფუძველს, გადახედოს “აქცენტის” უამრავ ბოლოდროინდელ მასალას რუბლიკაში “კონფლიქტები”: იქ იპოვით როგორც ქართველი, ისე აფხაზი ავტორების პუბლიკაციებს უამრავი ფაქტით, რომელიც, წესითა და კანონით, ძალზე საყურადღებო უნდა ყოფილიყო არა მარტო რიგითი ქართველი მკითხველისთვის, არამედ ოფიციალური თბილისისთვისაც და სასწრაფო რეაგირებას მოითხოვდა. თუმცა ეს, როგორც აღოჩნდა – მხოლოდ ჩვენი ხედვით… ახლა კი ისღა დაგვრჩენია, იმედი ვიქონიოთ, რომ კიდევ ერთი სიბრძნე – “სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს” ამ შემთხვევასაც მიესადაგება და შექმნილ ვითარებაში “გვიან” “არასდროსს” არ უდრის…

ამ სტატიაში მხოლოდ უკვე დამდგარ შედეგზე, ასევე იმ რეალობაზე ვისაუბრებ, რომელიც უახლოეს ხანებში დაგვიდგება და რომელიც დღეს, რამდენიმე დღის წინ სოჭში რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის შესაჯამებლად დე ფაქტო პრეზიდენტ ბჟანიას მიერ გამართულ პრეს-კონფერენციაზე უკვე საბოლოოდ გამოიკვეთა. კერძოდ, იგეგმება:

1. ე.წ. აფხაზური რკინიგზის აღდგენა-ამოქმედება;

2. სოხუმის აეროპორტის აღდგენა-ამოქმედება;

3. მიწისა და სხვა უძრავი ქონების უცხოელებზე (რუსეთის მოქალაქეებზე) გასხვისების აფხაზური საკანონმდებლო აკრძალვის გაუქმება, რასაც აფხაზები წლების განმავლობაში კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ, რათა “რუს ოლიგარქებს მთელი აფხაზეთი არ ჩაეგდოთ ხელში”;

4. აფხაზური ენერგოსისტემის (მათ შორის ენგურჰესის) უცხოელების მიერ პრივატიზების დაშვება (გასაგებია, რომ ეს “უცხოელები” ისევ და ისევ რუსეთის მოქალაქეები იქნებიან);

5. “თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი სივრცის” შესაქმნელად 2014 წლის ორმხრივი – აფხაზურ-რუსული “ჩარჩო-ხელშეკრულებით” გათვალისწინებული ყველა პუნქტის სრულად რეალიზება;

6. გასული წლის დეკემბერში მოსკოვიდან გამოგზავნილი 46-პუნქტიანი დოკუმენტის რეალიზება “ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის” შესაქმნელად;

7. პირობების შექმნა “აფხაზეთის სრულფასოვანი მონაწილეობისათვის პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე საინტეგრაციო პროცესებში, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს” (მარტივი ენით - აფხაზეთის ინტეგრაცია რუსეთ-ბელორუსის ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოში).

ამასთან, პუტინთან შეხვედრით “შეგულიანებულმა” (რეალურად კი – წელში გადატეხილმა) ბჟანიამ აცნობა საზოგადოებას, რომ რიგ საკითხებში აფხაზურ “პარლამენტს” აზრს არც დაეკითხება: “რიგი საკითხები პარლამენტისა და მთავრობის დონეზე იქნება განხილული, ნაწილი კი – მთავრობისო”.

და ბოლოს მე-8 პუნქტი: ჩატარდება რეფერენდუმი რუსეთთან მიერთების თაობაზე (შესაძლოა, საკითხს სხვაგვარად “შეფუთავენ”, რათა აფხაზები, რომლებიც ოსებისგან განსხვავებით, ამის გაგონებაზეც კი მზად იქნებიან, სამოქალაქო ომში ჩაებან, დააშოშმინონ. თუმცა თუ რუსეთს ეს მშვიდობიანად არ გამოუვა, არც ეს ქმნის დიდ პრობლემას: აფხაზეთის ტერიტორიაზე ყველა რაიონში საკმარისი ძალა ჰყავს ნებისმიერი პროტესტის სწრაფად და ეფექტიანად ჩასაცხრობად. ხოლო როგორ ატარებენ რუსეთი და მის მიერ ხელდასმული რეჟიმები მსგავს რეფერენდუმებს და როგორ “ცხვება” მისი შედეგები – ყველას არაერთხელ გვინახავს).

“რიგი საკითხები ჩვენი მოსახლეობის მიერ, ჩვენი მოქალაქეების მიერ გადაწყდება. მადლობა ღმერთს, გვაქვს ისეთი მექანიზმი, როგორიცაა რეფერენდუმი. და ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ეს მექანიზმი არა მარტო შიდაპოლიტიკური გარჩევებისთვის, არამედ გლობალური საკითხების გადასაწყვეტადაც» - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა და მოსახლეობას (რომელიც, ცხადია და ეს ბჟანიამაც იცის, რომ ამ ყველაფერს მწვავე პროტესტით შეხვდება) წინმსწრებად მოუწოდა, “რუსეთის უდიდესი მხარდაჭერა დააფასოს”.

პარალელურად დაწყებულია საზოგადოებრივი აზრის შემზადება რეფერენდუმისთვის აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩოსა და რუსული ორგანიზაციების მიერ: რიგდება პროკლამაციები “თბილისის მხრიდან მოსალოდნელი მორიგი აგრესიისა” და “რუსეთში მოსალოდნელი რევოლუციის” შესახებ, რომლის შედეგადაც ქვეყნის სათავეში თურმე, კომუნისტური ძალები მოვლენ და “მეორე დღესვე მიუერთებენ აფხაზეთს რუსეთს ყოველგვარი სტატუსის გარეშე”. ამიტომაც, ავტორების აზრით, “აუცილებელია, აფხაზებმა საკუთარი ინიციატივით სასწრაფოდ ჩაატარონ რეფერენდუმი და ნებით მიუერთდნენ რუსეთს რესპუბლიკის სტატუსით”.

მე მგონი, სრულიად საკმარისია, რათა აფხაზეთის ღია ანექსიაზე ვისაუბროთ და შევშფოთდეთ მაინც... თუ არა, ბატონებო საქართველოს ხელისუფლებაში?!

ახალი ამბები

სხვა სიახლეები