
ალიევი: “ჩვენ არ ავიტანთ რუსეთის მხრიდან აგრესიას და მსგავს უპატივცემულობას”
27/08/2025 19:07:00 მსოფლიო
რუსეთის ძალების მიერ აზერბაიჯანის სამოქალაქო თვითმფრინავის დაზიანებამ და ინციდენტზე რუსი ოფიციალური პირების რეაქციამ აზერბაიჯანში დიდი იმედგაცრუება და უკმაყოფილება გამოიწვია, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ტელეკომპანია „ალ-არაბიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ალიევის თქმით, აზერბაიჯანი არასდროს მოითმენს მის მიმართ აგრესიის ან უპატივცემულობის რაიმე ნიშანს ან გამოვლინებას.
“პირველ რიგში, ეს არ უნდა მომხდარიყო, რადგან როდესაც ხდება დრონებით თავდასხმები რუსეთის აეროპორტებზე, ისინი განსაკუთრებულ რეჟიმს აცხადებს. კატასტროფამდე ორი კვირით ადრე იგივე მოხდა ჩვენს საჰაერო ხომალდთან, რომელიც იმავე რუსულ ქალაქში მიფრინავდა. პილოტებმა მიიღეს სიგნალი და უკან დაბრუნდნენ. ამჯერად ასეთი სიგნალი არ მიგვიღია. სიგნალი უკვე მას შემდეგ გადმოაგზავნეს, რაც თვითმფრინავი იყო ჩამოგდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი უბრალოდ ცდილობდნენ შეცდომაში შეეყვანათ ის, ვინც გამოძიებას ჩაატარებდა. მათ თვითმფრინავს ორჯერ დაარტყეს.
მეორე ყარაბაღის ომის დროს, 9 ნოემბერს, აზერბაიჯანმა შემთხვევით ჩამოაგდო რუსეთის ვერტმფრენი, რომელიც აზერბაიჯანის საზღვართან იყო მიახლოვებული, სადაც ის თავიდანვე არ უნდა ყოფილიყო. იმიტომ რომ 30 წლის განმავლობაში რუსეთის ვერტმფრენები არასდროს მიახლოვებიან აზერბაიჯანის საზღვარს სომხეთის ტერიტორიიდან. ის სომხეთის მხრიდან მოდიოდა. ვინც ის ჩამოაგდო, დარწმუნებული იყო, რომ სომხური ვერტმფრენი ცდილობდა ჩვენს ტერიტორიაზე შეღწევას და ამიტომ ჩამოაგდეს. მაშინვე, იმავე დღეს, მე დავურეკე რუსეთის პრეზიდენტს და ბოდიში მოვუხადე. ჩვენ მაშინვე გადავუხადეთ კომპენსაცია დაღუპული პილოტების ოჯახებს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს. დავიწყეთ გამოძიება და ვინც ეს ტრაგიკული შეცდომა დაუშვა, ისინი პასუხისგებაში მიცემულნი იქნენ.
რუსეთის მხრიდან ჩვენ მსგავსი არაფერი გვინახავს. ეს ძალიან სერიოზული სიტუაციაა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. მაგრამ ამ ურთიერთობების გაუარესება ჩვენ არ გვინდოდა. დიახ, ჩვენი ხალხი იმედგაცრუებული, გაბრაზებული და დამწუხრებული იყო. ჩვენ ველოდით, რომ ადრე თუ გვიან გამოძიება დასრულდებოდა.
მაგრამ შემდეგ დაიწყო ეს უსაფუძვლო თავდასხმები აზერბაიჯანელებზე რუსეთში. ორი ადამიანი წამებას დაექვემდებარა და მოკლეს. შემდგომში გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში კი ეწერა, რომ ისინი გულის შეტევით გარდაიცვალნენ.
ასეთი დამოკიდებულია შეუძლებელია. რა დამოკიდებულებაა ეს? მათ შორის იყვნენ აზერბაიჯანის მოქალაქეები და რუსეთის მოქალაქეები აზერბაიჯანული წარმოშობით. ეს იყო უპრეცედენტო აქტი ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს ურთიერთობების გაუარესებაზე. ჩვენ ვრეაგირებთ კონსტრუქციულად და კანონიერად, მაგრამ არასდროს ავიტანთ ჩვენს მიმართ არცერთი სახის აგრესიისა და უპატივცემულობის გამოვლინებას,“ – თქვა ალიევმა.