რუსეთი - აფხაზეთი: “ჰარმონიზაცია” ჰარმონიის გარეშე

21-10-2020 17:58:58 კონფლიქტები

ბოლო დროს, აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებისას ხშირად მახსენდება ვოლტერის ცნობილი ფრაზა: “თავისუფლება ის კი არ არის, რაც გიბოძეს, არამედ ისაა, რასაც ვერ წაგართმევენ”... თუმცა ფილოსოფოსობას არ ვაპირებ – პირდაპირ ფაქტებზე გადავალ.

“პრეზიდენტმა” ასლან ბჟანიამ თავისი განკარგულებით შექმნა სამუშაო ჯგუფი “აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამისთვის” წინადადებების მოსამზადებლად. როგორც ჯერ სოციალურ მედიაში გაჟონილი ინფორმაციიდან გახდა ცნობილი, ხოლო მოგვიანებით უკვე “პრეზიდენტის” თანაშემწემ სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებში რენატ ქარჩაამ დაადასტურა, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს მოსკოვიდან გამოგზავნილი “კანონმდებლობათა ჰარმონიზაციის გეგმა” 46 პოზიციისგან შედგება და მოიცავს აფხაზური საზოგადოების ყოფის პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან სფეროს, მათ შორის – ისეთ მტკივნეულ საკითხებს, როგორიცაა “სახელმწიფო” საზღვრის გამჭვირვალობის თემა, ასევე რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვისა და აფხაზურ ენერგოსისტემაში რუსი ინვესტორების შესვლის აკრძალვების გაუქმება.

ხოლო ვინაიდან კრემლის სულ უფრო მზარდ პრესინგზე (დაფინანსების შეწყვეტა, კორონავირუსის პანდემიის პირობებში ფაქტობრივი სამედიცინო ბლოკადა, პენსიონერთათვის რეგულაციების გამკაცრება და სხვა) აფხაზეთში თვალს ყველაზე დიდი ოპტიმისტებიც კი ვეღარ ხუჭავენ, ფაქტებს მივათვლი იმასაც, რომ ორ ცეცხლს (კრემლსა და საკუთარ ხალხს) შორის აღმოჩენილი სოხუმის “ხელისუფლება” გადაწყვეტილებებს უდიდესი წნეხის ქვეშ იღებს და რისკავს, აფხაზეთის ისტორიაში ძალზე არასახარბიელო იმიჯით შევიდეს, ან სულაც ლინჩის წესით გასამართლდეს საკუთარი ხალხის მიერ...

ამითაა, როგორც ჩანს, გამოწვეული მისი ხანგრძლივი დუმილი მოსკოვიდან მომავალი სულ უფრო არაორაზროვანი “საპარტნიორო წინადადებების” საპასუხოდ. თავიდან იყო პრილეპინის, პროხანოვის, ჟირინოვსკისა და სხვათა იდეები რუსეთთან მიერთების “აუცილებლობის” თაობაზე, შემდეგ – ზატულინის განცხადება იმის შესახებ, რომ “აფხაზეთი, როგორც სახელმწიფო, გამოცდას მაინცდამაინც წარმატებულად ვერ გადის”, ბოლოს – რუსეთის მთავარ დიპლომატ სერგეი ლავროვის გამონათქვამები იმის შესახებ, რომ “აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეობის მქონე ეთნიკური რუსებისა და ეთნიკური ქართველების საკუთრება რუსეთის მუდმივი ყურადღების საგანია” და რომ ამიერიდან მოსკოვი ამ საკითხებს “უფრო ენერგიულად” მიხედავს.

საიდან გაჩნდა საერთოდ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის თემა? - იგი ლავროვთან შეხვედრაზე სამი ინტერვიუერიდან ერთ-ერთმა - «Комсомольская правда»-ს მთავარმა რედაქტორმა ვ. სუნგორკინმა გააჟღერა (რაღა თქმა უნდა, არა შემთხვევით). და სანამ სოხუმის “ხელისუფლება” დუმილს ინარჩუნებდა, სუნგორკინს სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში უპასუხეს:

“დღეს ბ-ნმა ვ. სუნგორკინმა გაგვაოცა ს. ლავროვთან შეხვედრაზე აფხაზეთში რუსების მდგომარეობის შესახებ თავისი გამონათქვამებით. […] აფხაზეთში მას ფეხი არ ჩამოუდგამს, ხოლო მისი მტკიცებები ქართულ პროპაგანდას უფრო ჰგავს, რომელსაც რეალობასთან არაფერი აკავშირებს. რაც შეეხება უძრავი ქონების ირგვლივ დავებს, კრიმინალური შემთხვევების ჩათვლით, მსხვერპლად აქ აფხაზებიც იქცევიან - არა მარტო რუსები. რუსები აფხაზეთში სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან, ისევე, როგორც სხვა ეთნოსების წარმომადგენლები - ყველა შესაბამისი უფლებით და პრობლემისთვის ეროვნული ელფერის მინიჭება დიდი შეცდომაა. გარდა ამისა, აფხაზეთის რესპუბლიკა რუსეთის მიმართ ყოველთვის ისე იქცეოდა, როგორც მოკავშირესა და სანდო მეგობარს შეშვენის, სხვებისგან (თურქეთი, სირია, უკრაინა, სომხეთი) განსხვავებით. და ბოლოს – აფხაზეთში რუსული ენა არც ერთი თვალსაზრისით არ იბღალება და გამოიყენება აფხაზურთან ერთად, რუსული რუბლი გამოყენებაშია, როგორც სახელმწიფო ვალუტა, ფუნქციონირებს რუსული სკოლები, აფხაზურ არხებზე ტელეგადაცემები რუსულ ენაზე გადის... ახლა კითხვა მაქვს ბ-ნ სუნგორკინთან: არსებობს კი მსოფლიოში მეორე ასეთი ქვეყანა, სადაც ესოდენ თავისუფლად სუნთქავს რუსი ადამიანი? მიპასუხოს!”.

თუ აქამდე, მოსკოვიდან შემაშფოთებელი გზავნილების მომძლავრების ფონზე აფხაზურ საზოგადოებაში შფოთვა მატულობდა, ახლა – “პრეზიდენტ” ბჟანიას განკარგულების შემდეგ ცხადი გახდა, რომ შიშები უსაფუძვლო არ იყო და რომ კრემლის მიერ შეთავაზებული “ჰარმონიზაციის გეგმა” – ეს არის “წინადადება”, რომელზე უარის თქმაც სოხუმს ძალიან გაუჭირდება. სოცქსელებში გაჩნდა “ხელისუფლებისადმი” მოთხოვნები, ყველა საკითხი ხალხთან განიხილოს:

“ყველას გვაინტერესებს, რომელ პუნქტებს, რომელ თავებს შეეხება ცვლილებები. პრეზიდენტ ბჟანიას განკარგულებიდან ამას ვერ გაარკვევ – იგი არაინფორმატიულია. ღიად და მკაფიოდ უნდა განგვიმარტონ ყველაფერი და მოგვიწყონ საჯარო განხილვა, თუ სურთ, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიაროს”;

“ის, რომ რეფორმა უნდა ჩატარდეს, გასაგებია, მაგრამ რა პუნქტებზეა საკუთრივ საუბარი და რასთან ექნება შედეგად ხალხს საბოლოოდ საქმე? განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს სამი პუნქტი – სახელმწიფო საზღვრის, მოქალაქეობის და უძრავი ქონების შესახებ არსებული კანონების გადახედვის თაობაზე. ყველა ეს პრობლემა საჯაროდ და არა კულისებიდან უნდა გადაიჭრას. პარლამენტში კენჭისყრამდე აუცილებელია შეთანხმება ხალხთან – წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ დიდ პრობლემებს. საბოლოო ჯამში ხომ მაინც ყველაფერს აეხდება ფარდა”.

მოსკოვის “წინადადებების” ანალიზის საფუძველზე უამრავი “წყალქვეშა რიფი” აღმოაჩინეს აფხაზმა ანალიტიკოსებმაც . გაამახვილეს რა რისკების მხრივ განსაკუთრებული ყურადღება რამდენიმე პუნქტზე (პუნქტი 2 - “აფხაზეთის “ელექტროენერგეტიკის შესახებ” კანონის იმ მუხლის გაუქმება, რომლის თანახმად, რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული გადამცემი ხაზები აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს და პრივატიზაციას არ ექვემდებარება», პუნქტი 9 - “სტრატეგიული დაგეგმვის შესახებ” კანონის შემუშავება”, პუნქტი 11 - “შემუშავება ნორმატიული აქტებისა, რომლებიც რუსულ კრედიტორ ბანკებს დავალიანებების ამოღების, კერძოდ, აფხაზეთში ვალად ჩადებული ქონების სახით ამოღების შესაძლებლობას შეუქმნით”, პუნქტი 14 -«აფხაზურ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი საცხოვრებელი ქონების მიყიდვის აკრძალვის გასაუქმებლად», პუნქტები 37-40 – “ორმხრივი აქტების მომზადება საბაჟო რეგულირების სფეროში; საბაჟო დოკუმენტირების ფორმებისადმი საერთო მიდგომების ფორმირება”), მათ აფხაზურ “უშიშროების საბჭოს” მისცეს რეკომენდაცია, უზრუნველჰყოს მოსკოვის მიერ შეთავაზებული პროექტის საჯარო განხილვა “დეპუტატების”, პროფილური უწყებების, სამეცნიერო წრეებისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლების მონაწილეობით “ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების შესაბამისი შეთანხმებული პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად”.

“ხელისუფლება” იძულებული გახდა, დუმილი დაერღვია, თუმცა ჯერ-ჯერობით შემოიფარგლა მხოლოდ მცდელობით, ყოველგვარი დეტალებისთვის თავის არიდებით, შეძლებისდაგვარად რბილად და ბუნდოვნად წარმოეჩინა რუსული “წინადადებების” არსი: “საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცე – ეს ნიშნავს, რომ ორი ტერიტორია, ორი ქვეყანა, ორი სახელმწიფო არსებობს სოცილური და ეკონომიკური ცხოვრების თუ ერთიანი არა, მაკორესპონდირებელი წესებით მაინც”... აფხაზური მხარისთვის “პლუსებად” იგი ასახელებს “კანონმდებლობის დახვეწას ინფექციური დაავადებების იმუნოპროფილაქტიკის, საპენსიო უზრუნველყოფის, მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით”; “საბაჟო რეგულირების წესების მაქსიმალურ სინქრონიზაციას ევრაზიული ეკონომიკური სივრცის შესაბამის რეგულაციებთან საზღვარზე აფხაზური საქონლის გატარების წესების გასამარტივებლად”, ასევე “ინტელექტუალური საკუთრების, კერძოდ ინდმეწარმეების უფლებების დაცვის საკითხების რეგულირებას”.

და მოსახლეობას ამ ყველაფერს უსაღებენ “იმად, რამაც აფხაზეთი, როგორც სამართლებრივი სახელმწიფო, წინ უნდა წასწიოს”. ამასთან, რატომ არ წაიწია მან ამ მიმართულებით წინ “დამოუკიდებლობის” 12 წლის განმავლობაში და რატომ გადაწყვიტა რუსმა “სტრატეგიულმა პარტნიორმა” პროცესის დაწყება მაინცდამაინც ახლა – სოხუმის “ხელისუფლებიდან” ჯეროვნად ვერავინ ხსნის, თუმცა ამის მცდელობით დიდად არც იწუხებენ თავს. მოსკოვის ახსნა კი მარტივია – “აფხაზების სამშობიარო ტრავმა” – და წერტილი!

მსგავს პირობებში მოსახლეობისთვის რთულია, ჩამოყალიბდეს, რამდენად რეალურია მოსკოვური “წინადადებების” “პლუსები” და თუნდაც რეალური იყოს, აღემატება თუ არა ისინი “მინუსებსა” და რისკებს. თუმცა თავად მოსახლეობის გარდა, ეს გაურკვევლობა, როგორც ჩანს, ყველას აწყობს: მოსკოვი კიდევ უფრო ინტენსიურად უტევს, სოხუმის “ხელისუფლება” კი ნეგატიურ საზოგადოებრივ რეზონანსს “სტარტზე საკითხების არაკორექტული ”შეფუთვით” ხსნის და სამ ყველაზე სენსიტიურ საკითხს ასე “მარტივად” აკომენტარებს: 1. “საზღვრები შეიძლება, იყოს მყარი და შეუღწევადი, ან პირობითი, - ყველაფერი სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების რეჟიმზეა დამოკიდებული და ჩანაფიქრის (!) მიხედვით, მართვის ერთიანი წესების დამკვიდრებამ მნიშვნელოვნად უნდა გაამარტივოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა”; 2. “რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის თემის ირგლივ უამრავი სპეკულაცია, დემაგოგია და ფობიაა, საკითხები კი გააზრებულად უნდა წყდებოდეს”; 3. “აფხაზეთის ენერგობაზარზე რუსი ინვესტორების შემოსვლასთან დაკავშირებული შფოთვა გასაგებია, მაგრამ ბაზარი თავის პირობებს გვკარნახობს – საჭიროა მისი მოყვანა შესაბამისობაში თანამედროვე სტანდარტებთან”.

მოსკოვს კი, როგორც ჩანს, საერთოდაც არ ადარდებს, დაუჭერს თუ არა მის “მეგობრულ წინადადებებს” მხარს აფხაზეთის მოსახლეობა. სოხუმის “ხელისუფლებას” მკაცრად განუსაზღვრეს ვადა: “გეგმის” საბოლოო ვერსია 2021 წლის ადრეულ გაზაფხულამდე წარმოადგინოს, ხოლო კრემლის სურვილების რეალიზება 2021-დან 2023 წლამდე უზრუნველჰყოს...

ამიერკავკასიის ქვეყნებისთვის (და არა მარტო მათთვის) დიდი ხანია, აღარაა საიდუმლო: თუკი ესაზღვრები სახელმწიფოს ისეთი ხელმძღვანელობით, როგორიც ამჟამინდელი კრემლია, ადრე თუ გვიან, მოგიწევს, სერიოზულ პრობლემებს შეეჯახო. ახლა, როგორც ჩანს, ამ მწარე სიმართლის დაგემოვნება მოუწევთ მათაც, ვინც სწორედ ამჟამინდელი კრემლის გადაწყვეტილებების წყალობით მიიღეს თავის დროზე რაღაც და მიამიტურად ეგონათ, რომ ეს რაღაც წრფელი გულითა და სამუდამოდ უბოძეს…

აქ დავუბრუნდები ვოლტერს: ის, რაც მან თავის დროზე თავისუფლებაზე თქვა, როგორც ჩანს, სრულიად რელევანტურია დამოუკიდებლობის ცნებისთვისაც. და აფხაზეთისთვის დადგა დრო, როგორც ერთის, ისე მეორეს ქონა დაამტკიცოს.

დიახ, ამჟამინდელ ვითარებაში სოხუმის (რომელმაც 2008-ში “დამოუკიდებლობა” სწორედ კრემლის გადაწყვეტილებით მოიპოვა, მერე კი 12 წელი ზუსტად იმდენად და იმ მიმართულებით ვითარდებოდა, რომელიც კრემლმა განუსაზღვრა) რესურსები, ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიოს მოსკოვის გეგმებს, უკვე მნიშვნელოვნადაა შეზღუდული. მაგრამ ნიშნები იმისა, რომ ხალხის უმოქმედობა და ყველაფრის “ქართული პროპაგანდისთვის” მიწერის გაგრძელება შეუქცევად შედეგებს გამოიღებს, ყოველდღიურად სულ უფრო მეტია.

ეკატერინე ცანავა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები