საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში კოვიდ–ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
07/11/2020 07:10:42 მსოფლიო
საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში კოვიდ–ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში საფრანგეთში Covid-19-ის 60 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იტალიაში – 37 809, გერმანიაში – 21 506.
ოფიციალური მონაცემებით, დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირებული ამ დროისთვის საფრანგეთს ჰყავს.
უკანასკნელი მონაცემებით, საერთო ჯამში, საფრანგეთში კოვიდ-ინფიცირების 1 661 853 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 39 865 პაციენტი გარდაიცვალა. გერმანიაში, საერთო ჯამში, კორონავირუსი 641 362 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან დაავადებამ 11 364 პირი იმსხვერპლა. რაც შეეხება იტალიას, ქვეყნაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდ–ინფიცირების 862 681 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ვირუსით 40 638 ადამიანი გარდაიცვალა.
ეპიდვითარების გაუარესების გამო გერმანიამ და იტალიამ შეზღუდვები გაამკაცრეს, ხოლო საფრანგეთის მთავრობამ ქვეყნის ხელმეორედ ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.
ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 249 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულია 49 682 000–ზე მეტი ადამიანი, 35 267 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.


