დღეიდან გერმანიაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა
02/11/2020 08:03:12 მსოფლიო
ეპიდვითარების გაუარესების გამო გერმანიამ ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები გაამკაცრა.
ქვეყანაში დღეიდან შემდეგი შეზღუდვები ამოქმედდა:
- რესტორნები, კაფეები დაიხურა; რესტორნებს მხოლოდ მიტანის სერვისი ექნებათ;
- კლუბები; თეატრები, კინოთეატრები დაიკეტება; კონცერტები გაუქმდა;
- საცურაო აუზები და სპორტული დარბაზები დაიკეტა;
- 10 კაცზე მეტის შეკრება აიკრძალა; ისინი მაქსიმუმ, ორი ოჯახის წევრები უნდა იყვნენ;
- პროფესიონალური სპორტული ღონისძიებების ჩატარება დასაშვებია მაყურებლის გარეშე;
- მოქალაქეებს გადაუდებელი საჭიროების გარდა მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციით მიმართავენ;
- სასტუმროებში ღამის გათევა შეეძლებათ იმ პირებს, რომელთაც მხოლოდ აუცილებელი საქმიანი ვიზიტები აქვთ;
აღსანიშანვია, რომ სკოლები, ბაღები და მაღაზიები ღია რჩება. მათ სოციალური დისტანციისა და ჰიგიენის ნორმების ზედმიწევნით დაცვა ევალებათ.
ახალი შეზღუდვები ძალაში 1 თვის განმავლობაში იქნება.
"ჩვენ მყისიერად უნდა ვიმოქმედოთ, რათა შევაკავოთ COVID-19-ის სწრაფი გავრცელება, რაც საავადმყოფოების გადატვირთვის საფრთხეს ქმნის. სადღეისოდ არსებულ ეპიდვითარებას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა უმკლავდება, თუმცა ვირუსი ისეთი ტემპებით ვრცელდება, ეს სისტემა შესაძლებლობების ზღვარს რამდენიმე კვირაში მიაღწევს, თუ სასწრაფოდ არ ვიმოქმედეთ", – განაცხადა 28 ოქტომბერს კანცლერმა ანგელა მერკელმა ქვეყნის 16 რეგიონის მმართველებთან შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ შეზღუდვებმა ზიანი შეუმსუბუქოს მცირე ბიზნესს, მთავრობა ამ სექტორს ფინანსურ დახმარებას სთავაზობს:
კერძოდ, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კომპანიები, რომელთაც 50-მდე თანამშრომელი ჰყავთ, ნოემბრის თვეში თავიანთი წლიური შემოსავლის 75%-ს მიიღებენ.
გარდა ამისა, თვითდასაქმებულებს, როგორიცაა მხატვრები, წვდომა ექნებათ სწრაფ სესხებზე. ხოლო მცირე ფირმებს, რომელთაც 10-ზე ნაკლები თანამშრომელი ჰყავთ, სახელმწიფო იაფ სესხებს შესთავაზებს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა, გერმანიაში COVID-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. გასული დღე–ღამის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 12 097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსმა 10 530 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 545 027 შემთხვევა.
ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 205 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 46 824 000–ზე მეტი ადამიანი, 33 758 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 42 579 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 26 800 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 342 გარდაიცვალა.


