იტალიამ 4 რეგიონი ხელმეორედ ჩაკეტა
06/11/2020 06:30:15 მსოფლიო
ეპიდვითარების გაუარესების გამო იტალიის ოთხ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
კერძოდ, აღნიშნული რეჟიმი ლომბარდიაში, პიემონტში, ვალე დასტასა და კალაბრიაში იმოქმედებს. დღეიდან ხსენებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს სახლის დატოვების უფლება მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში (საკვებისა და მედიკამენტების შეძენა, სამსახურში წასვლა) აქვთ.
5 ნოემბრიდან იტალიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით "კომენდანტის საათი" დააწესა, რომელიც ყოველდღე, 22:00-დან 05:00 სთ-მდე იმოქმედებს. ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, მუზეუმები დაიკეტა, ხოლო სავაჭრო ცენტრები არ იმუშავებენ შაბათ–კვირას. ხსენებული შეზღუდვები 1 თვის განმავლობაში იმოქმედებს.
26 ოქტომბრიდან ქვეყანაში მოქმედებს ასევე შემდეგი სახის შეზღუდვები:
- ბარები, რესტორნები და კვების ობიექტები ადგილობრივი დროით 18:00 სთ–მდე მუშაობენ. ერთ მაგიდასთან 4–ზე მეტი ადამიანის განთავსება აკრძალულია;
- სპორტული დარბაზები, საცურაო აუზები, თეატრები, კინოთეატრები, საკონცერტო დარბაზები, ბინგო-დარბაზები, კაზინოები და სილამაზის ცენტრები დახურულია;
26 ოქტომბერს დაწესებული შეზღუდვები 24 ნოემბრამდე იქნება ძალაში.
ბოლო რამდენიმე დღეა, იტალიაში Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 30 000–ს აჭარბებს.
უკანასკნელი მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 824 879 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 40 192 ადამიანი გარდაიცვალა.


