120-ზე მეტი ქვეყანა პანდემიის მიზეზების გამოძიებას მოითხოვს
18/05/2020 11:20:22 მსოფლიო
დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეამ დაიწყო მუშაობა. კორონავირუსის პანდემიის გამო იგი პირველად იმართება ვირტუალურ ფორმატში. ელიან, რომ დღის წესრიგში დადგება კორონავირუსთან ბრძოლაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოქმედების გამოძიების თემაც.
ევროკავშირისა და ავსტრალიის მოთხოვნას ახალი ვირუსის წარმომავლობისა და მასობრივი გავრცელების მიზეზების გამოძიების შესახებ უკვე 122-ზე მეტმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მათ შორის – ბრიტანეთმა და რუსეთმაც. მათ მთელი რიგი კითხვები აქვთ, მათ შორის, აინტერესებთ, ყველაფერი გაკეთდა თუ არა იმ პანდემიის პრევენციისთვის, რომელმაც მსოფლიოში უკვე 4,5 მლნ-ზე მეტი ადამიანის ინფიცირება და 300 000-ზე მეტის გარდაცვალება გამოიწვია.
მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების მოთხოვნაში საკუთრივ ჩინეთი და მისი პროვინცია უჰანი, საიდანაც, როგორც ვარაუდობენ, დაიწყო ვირუსის გავრცელება, მოხსენიებული არ არის, პეკინი ინიციატივას მკვეთრად ეწინააღმდეგება და ავსტრალიას პოლიტიკურ შეტევაში ადანაშაულებს.
თავის მხრივ, ვაშინგტონი ინიციატივაში ფორმულირებების გამკაცრებას მოითხოვს. მისი აზრით, აუცილებელია, მოთხოვნაში მკაფიოდ ჩაიწეროს, რომ ვირუსის წარმომავლობის გამოძიება სწორედ ჩინეთიდან უნდა დაიწყოს. ბოლო პერიოდში პრეზიდენტ ტრამპს არაერთგზის დაუდანაშაულებია ჩინეთი ვირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვაში, ჯანმო კი – ამის ხელშეწყობაში. აშშ-ის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ვირუსმა სწორედ უჰანის ლაბორატორიიდან გაჟონა. ჩინეთი კი ამას კატეგორიულად უარყოფს.
• აშშ სადღეისოდ COVID-19-ისგან ყველაზე მეტად დაზარალებული სახელმწიფოა. ბოლო მონაცემებით, იქ თითქმის 1,5 მილიონი ინფიცირებულია აღრიცხული, დაიღუპა დაახლოებით 84 ათასი პაციენტი.
იხილეთ ასევე: ჩინეთის «სველი ბაზრები”: მზადაა თუ არა პეკინი მათ სამუდამოდ დასაკეტად?
2019-nCoV-ის შესაძლო წარმომავლობა: ჩინელი მეცნიერების აკრძალული სტატია


