ჩინეთის «სველი ბაზრები”: მზადაა თუ არა პეკინი მათ სამუდამოდ დასაკეტად?
13/05/2020 10:43:21 მსოფლიო
ჩინეთის ხელისუფლებამ ამასწინათ განაცხადა, რომ ქვეყანაში არავითარი "სველი ბაზრები" არ არსებობს. საუბარია უმსხვილეს სავაჭრო ტერიტორიებზე, სადაც ცოცხალ არსებებს, მათ შორის წითელ წიგნში შეტანილ გარეულ ცხოველებს ყიდიან ან საკვებად გამოსაყენებლად იქვე ხოცავენ, ხშირად - ბარბაროსული მეთოდებით. და ეს – მიუხედავად უამრავი მტკიცებულებისა, რომ, მაგალითად, სულ მცირე, ერთი ასეთი ბაზარი სწორედ იმ ქალაქ უჰანში, რომელიც სავარაუდოდ, ახალი კორონავირუსის გავრცელების წყაროდ იქცა, უკვე კვლავ გაიხსნა და ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
კორონავირუსი SARS-CoV-2, რომელიც დაავადება COVID-19-ს იწვევს, შესაძლოა, ადამიანებს ცხოველებისგან ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში გადასცემოდათ და, მაღალი ალბათობით, ეს სწორედ “სველ ბაზრებში” მოხდა, - წერდა ახლახანს წამყვანი ჰონკონგური გამოცემა “South China Morning Post”. სტატიის თანახმად, ახალი კორონავირუსის მთელი მსოფლიოდან აღებული 7 ათასი ნიმუშის გენომის ანალიზმა ცხადყო, რომ ეს შესაძლოა, 2019 წლის 6 ოქტომბერსა და 11 დეკემბერს შორის პერიოდში მომხდარიყო.
ჩინეთი არალეგალურად დაჭერილი გარეული ცხოველების მსოფლიოში უმსხვილეს ბაზარს წარმოადგენს. ცენტრალურ და სამხრეთ ჩინეთში ამ დრომდე (მიუხედავად ჩინური საზოგადოების ცივილიზებული ნაწილის დაგმობისა) მილიონობით ადამიანი ემხრობა “ევეის” (“ცოცხალი ხორცი“) კულინარიულ ტრადიციებს, ანუ საკვებად გარეული ცხოველებისა და ფრინველების ხორცის გამოყენებას. მათ სჯერათ, რომ ამ გზით ბუნების ენერგიით ივსებიან და სიცოცხლეს იხანგრძლივებენ.

ამჟამინდელი პანდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიო ცნობადობა მოიპოვა ერთ-ერთმა ასეთმა ბაზარმა ქალაქ უჰანში. მისი ოფიციალური სახელწოდებაა "ცხოველებისა და ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზარი "ხუანანი". ითვლება, რომ სწორედ ის იქცა კორონავირუსული ინფექცია COVID-19-ის გავრცელების კერად. ბაზრის ფართობი 50 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება და იქ 1000-ზე მეტი გამყიდველი ვაჭრობდა, რომლებსაც ტერიტორიაზე იჯარით კარვები, ფარდულები და ჯიხურები ჰქონდათ აღებული.

ბაზრებს “სველს” იმის გამო უწოდებენ, რომ ცემენტის ან მიწის იატაკები იქ მუდმივად ირწყვება წყლით შლანგებიდან და ხშირად ნესტიანი რჩება, გამყიდველები კი რეზინის ჩექმებით მუშაობენ
ყველა, ვინც აქ ნამყოფია, საშინელ ანტისანიტარიაზე, შექუჩებულობასა და სისასტიკეზე მიუთითებს: კარვებს შორის ბილიკები ძალზე ვიწროა, გადავსებულია გალიებითა და აკვარიუმებით ცოცხალი არსებებით, რომლებიც ხშირ შემთხვევაში უკვე მოკლული ცხოველების უშუალო სიახლოვეს არიან განთავსებულები. ცოცხალ არსებებს არაჰუმანური გზებით ხოცავენ და ყველას თვალწინ ატყავებენ.

2020 წლის 1 იანვრიდან ეს ბაზარი – უმსხვილესი ცენტრალურ ჩინეთში – გაურკვეველი ვადით დაიკეტა. მანამდე აქ იყიდებოდა, მაგალითად, ცოცხალი კატები, მაჩვები, მაჩვზღარბები, ვირთხები და სხვა მღრღნელები, ღამურები, ნიანგები, ძაღლები, მელიები, გიგანტური სალამანდრები, გველები, მათ შორის - შხამიანიც, ფარშევანგები და სხვა.

“ხუანანის” ბაზრის შესასვლელი. 2020 წლის 11 იანვარი. ფოტო ბაზრის დაკეტვამდეა გადაღებული
მაგრამ "ხუანანი" თითქმის 12-მილიონიან უჰანში ერთადერთი ასეთი ადგილი არ არის. არანაკლებ ცნობილია აქ სხვა "სველი ბაზარი", "ბაიშაჩჟოუ" – და ამჟამად, სამთვიანი შესვენების შემდეგ იგი კვკლავ ღიაა - ისევე, როგორც კიდევ ათეულობით მსგავსი ბაზარი სხვა ჩინურ ქალაქებში, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება, მიუხედავად არა მარტო საერთაშორისო ზეწოლისა, არამედ პეკინის საკმაოდ მკაცრი გაფრთხილებებისა, თვლის, რომ ამ ბაზრების მუშაობის აკრძალვა შეუძლებელია: “ეს საუკუნოვან ტრადიციებს შებღალავს და ათობით მილიონ ჩინელს შეურაცხყოფს, განსაკუთრებით - სოციალურად დაუცველებს, რომელთათვისაც აღარ იარსებებს ადგილი იაფი და სასარგებლო ხორცის საყიდლადო”.
2018 წელს კანადელი სოციოლოგების მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ მაგალითად, ჩინურ ქალაქ ნანკინში მცხოვრები ოჯახების თითქმის 90 % კვების პროდუქტებს სწორედ “სველ ბაზრებზე” ყიდულობს. რესპონდენტთა 75% ამ ბაზრებს კვირაში სულ მცირე, 5-ჯერ მაინც სტუმრობდა.

გამყიდველს ჩინურ ქალაქ ნანკინის “სველ ბაზარში” ფრინველების გალიაზე სძინავს. გვერდზე იხვებს ყიდიან
სადღეისოდ დასავლური ქვეყნები აშშ-ის თაოსნობით ზეწოლას ახდენენ ჩინეთის ლიდერ სი ცზინპინზე მოწოდებით, ყველა “სველი ბაზარი”, როგორც სხვადასხვა დაავადებების გავრცელების მუდმივი წყარო, ერთხელ და სამუდამოდ დაიკეტოს – და ეს, ცხადია, გასაგებ წინააღმდეგობას იწვევს. ნათელია, რომ ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობებში საერთო კრიზისის ფონზე, ფორმულირებების უზუსტობისა და სიმკაცრის გამო მხარეები ერთმანეთს უბრალოდ ვერ უგებენ. პეკინი თვლის, რომ მისგან საერთოდ ყველა ფერმერული ბაზრის დაკეტვას მოითხოვენ, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი და სხვა დასავლური დედაქალაქები კონკრეტულ მოთხოვნას აყენებენ – იქ ცოცხალი, უპირველესად ეგზოტიკური გარეული ცხოველების მკვლელობა და მათი ხორცით ვაჭრობა შეწყდეს.
კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 22 აპრილს განაცხადა, რომ ჩინეთსა და სხვა აზიურ სახელმწიფოებს ჰმართებთ, "სველი ბაზრები" დაკეტონ, რადგან ისინი “საზოგადოებრივ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს”: “მსგავსი ბაზრების დაკეტვა ჩინეთშიც და მის ფარგლებს გარეთაც ადამიანთა სიცოცხლისთვის რისკებს მინიმუმამდე შეამცირებს და უკანონოდ დაჭერილი ველური ცხოველებისა და ველური ბუნების პროდუქციის გამოყენების აღკვეთას შეუწყობს ხელს".
ახალი კორონავირუსის წარმომავლობის ადრეულმა სამეცნიერო კვლევებმა იგი ქალაქ უჰანის “ხუანანის” საბითუმო ბაზარს დაუკავშირეს, - ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და დასძინა, რომ ატიპური პნევმონიისა და "ფრინველის გრიპ" H5N1-ის გავრცელებაც ცოცხალი ცხოველების ბაზრებთან იყო დაკავშირებული. "მოვუწოდებთ ყველა მთავრობას, შემოუერთდნენ ჩვენს ძალისხმევას იმ უბედურებასთან ბრძოლაში, რომელსაც გარეული ცხოველებით უკანონო ვაჭრობა წარმოადგენს", – აღნიშნა პომპეომ.

გარეული ცივეტა ქალაქ უჰანის “ბაიშაჩჟოუს” ბაზარში. SARS-ის სახელით ცნობილი კორონავირუსის ეპიდემიამ 2003 წელს რამდენიმე ქვეყანაში ასობით ადამიანი იმსხვერპლა. მაშინ ეპიდემია მას შემდეგ დაიწყო, რაც ადამიანმა საკვებად გამოიყენა ცივეტა, რომელიც მანამდე ღამურისგან დაინფიცირდა. ეპიდემიის დროს ჩინეთის ხელისუფლებამ მაშინ 10 ათასამდე ცივეტა გაანადგურა
თუმცა აპრილის ბოლოს ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა გენ შუანმა განაცხადა, რომ მის ქვეყანაში საერთოდ არ არსებობს ე.წ. "სველი ბაზრები", სადაც გარეული ცხოველებით ვაჭრობენ: "მათ ნაცვლად ჩინეთში, დიდი ალბათობით, შეგხვდებათ ფერმერული და ზღვის პროდუქტების ბაზრები, სადაც იყიდება ახალი ხორცი, თევზი, ბოსტნეული, ზღვისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, ხოლო ისეთი ბაზრები, სადაც ცოცხლად თუნდაც შინაური ფრინველები იყიდება, ძალიან ცოტაა", – განუცხადა ჟურნალისტებს ჩინელმა დიპლომატმა. ამასთან, მისივე თქმით, მსგავსი ბაზრები არსებობს როგორც ჩინეთში, ისე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბევრ ქვეყანაში, ასევე სხვა არაერთ განვითარებად სახელმწიფოში და ეს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას უკავშრდება.
გენ შუანი დასძენს, რომ საერთაშორისო კანონმდებლობაში არ არსებობს არანაირი აკრძალვა მსგავსი ბაზრების გახსნასა და ფუნქციონირებაზე და ჩინეთის ხელისუფლებამ, თავის მხრივ, ადრე საკუთარი ინიციატივით მიიღო არალეგალური ნადირობისა და გარეული ცხოველებით ვაჭრობის აკრძალვა, ასევე აკრძალა მათი ხორცის საკვებად გამოყენება.

ჩინელი პოლიციელი რეაგირებს ფოტოგრაფზე, რომელიც უჰანში “ხუანანის” დაკეტილი ბაზრის გადაღებას ცდილობს. 2020 წლის 30 მარტი
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის უთვალავი რაოდენობის “სველი ბაზრების” უმრავლესობაში ცოცხალ ცხოველებს არ ყიდიან, ქვეყანაში ტერმინები “სველი ბაზარი” და “ველური ბუნების ბაზარი” ხშირად ემთხვევა, - ამბობს ლონდონში მოქმედი "ეკოლოგიური გამოძიებების სააგენტოს" ჩინეთის საკითხთა სპეციალისტი აარონ უაიტი. "ველური ბუნების ბაზრები", რომლებიც ასევე უამრავია მთელს მსოფლიოში, სპეციალურად ყიდიან ცოცხალ გარეულ ცხოველებს საკვებად ან შინაურ ცხოველებად გამოსაყენებლად. ეს ბაზრები შეიძლება, ლეგალური იყოს, თუმცა თითქმის ყოველთვის იქ გაყიდვაში შეიძლება, შეხვდეთ არა მარტო დაშვებულ, არამედ გადაშენების პირას მყოფ სახეობებსაც, რომლებზე ნადირობაცა და ვაჭრობაც აკრძალულია. სულ რამდენი ასეთი ბაზარი არსებობს ჩინეთსა და დანარჩენ მსოფლიოში, უცნობია. ამასთანავე, როგორც უაიტი აღნიშნავს, ამჟამად გარეული ცხოველებით ვაჭრობის დიდმა ნაწილმა ინტერნეტში გადაინაცვლა, რაც ვითარების კონტროლს კიდევ უფრო ართულებს.
მიმდინარე წლის მარტში ველური ბუნების მსოფლიო ფონდის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, ჩინეთისგან განსხვავებით, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებში გარეული ცხოველების ყველა არარეგულირებადი ბაზრის დაკეტვის იდეა სულ უფრო მეტ მხარდაჭერას ჰპოვებს. გამოკითხვისას 5 ათსამდე მოქალაქემ (რესპონდენტთა საშუალოდ 93%-მა) ჰონკონგში, იაპონიაში, მიანმაში, ტაილანდსა და ვიეტნამში განაცხადა, რომ მსგავს გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერდა.

ღამურები ინდონეზიურ კუნძულ სულავესის ერთ-ერთ “სველ ბაზარზე”
გარეული ცხოველების ხორცი, რომელსაც "bushmeat"-ად მოიხსენიებენ, დღემდე იყიდება ადგილობრივ ბაზრებზე არა მარტო აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, არამედ, მაგალითად, მთელს ინდოეთში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში. თავიდან ეს ტერმინი აფრიკის ტყეებსა და სავანებში დაჭერილი ცხოველების ნარჩენებთან მიმართებაში გამოიყენებოდა, თუმცა სადღეისოდ ფართოდ გამოიყენება სასაუბრო ენაში გარეული ცხოველების ნებისმიერი ხორცის აღსანიშნად.
მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, როგორც იქნა, სამუდამოდ ამოიღო საკვებად გამოყენებადი ცხოველების სიიდან ძაღლები. შინაური პირუტყვის სიაში აღნიშნულია, რომ ძაღლები აღარ უნდა განიხილებოდნენ ჩვეულებრივ შინაურ ცხოველებად. "ცივილიზაციის განვითარებისა და საზოგადოებრიობის ცხოველებზე ზრუნვის კვალდაკვალ ძაღლები კომპანიონ-ცხოველებად იქცნენ", – ციტირებს დოკუმენტს სააგენტო "Quartz”.
შინაური ცხოველების ბოლო ჩინურ სიაში "ტრადიციული პირუტყვის” (ღორები, ძროხები, ქათმები და ინდაურები) 13 და “სპეციალური პირუტყვის” (მაგალითად, საკვებად გამოყენებისთვის გამოზრდილი სხვადასხვა სახეობის ირემი) 18 სახეობაა შეტანილი. ჰონკონგოს ცხოველთა დაცვის ჯგუფ “Animals Asia”-ს მონაცემებით, ადრე ჩინეთში ყოველწლიურად სულ მცირე, 10 მილიონ ძაღლსა და 4 მილიონ კატას ხოცავდნენ.

მკვდარი ძაღლები ქალაქ იუილინის “სველ ბაზარზე”
ფორმალურად, ჩინეთის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2020 წლის თებერვლის ბოლოს მართლაც განაცხადა გარეული ცხოველებით ვაჭრობისა და მათი საკვებად გამოყენების მუდმივი აკრძალვის დაწესების თაობაზე. თუმცა მიღებულ საკანონმდებლო აქტებში, როგორც ზოოდამცველი ორგანიზაციები, მაგალითად ამერიკული "ველური ბუნების დაცვის საზოგადოება" (Wildlife Conservation Society, WCS) აცხადებდნენ, დატოვებულია უამრავი ხვრელი, რომელიც ამ ბიზნესის გაგრძელების შესაძლებლობას იძლევა - მაგალითად, "სამედიცინო მიზნით", “სამეცნიერო კვლევებისთვის” ან ბეწვეულით ვაჭრობისთვის.
ამასთან, მარტო გარეულ პანგოლინებს, რომელთა არსებობის შესახებ მსოფლიომ მასობრივად მხოლოდ COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ შეიტყო, ყოველწლიურად ჩინეთში არანაკლებ 10 000-ისა ხოცავენ, მათი ხორცი, შინაგანი ორგანოები, ბრჭყალები, კბილები და სხვა ნაწილები ვითომდა ძალზე მნიშვნელოვანია “ტრადიციული ჩინური მედიცინისთვის”, - შეგვახსენებს WCS-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი დენიელ ჩელენჯერი.

პანგოლინი გალიაში ქალაქ უჰანის “ხუანანის” “სველ ბაზარზე”
მიმდინარე წლის დასაწყისში (როცა კორონავირუსი SARS-CoV-2 მსოფლიოს დაპყრობას იწყებდა) რუსეთში გამოიცა ჟურნალისტ სონია შახის (მისი პუბლიკაციები ეძღვნება მეცნიერებას ადამიანისა და ცხიველების უფლებების დაცვის ჭრილში) წიგნი "პანდემია. მომაკვდინებელი ვირუსების მსოფლიო ისტორია", რომელიც ჩინური ბაზრების კოშმარზე, კერძოდ, იმაზე მოგვითხრობს, რამდენად გლობალურად საშიშია ისინი ინფექციური თვალსაზრისით:
"ჩინური პროვინცია გუანდუნის დედაქალაქ გუანჩჟოუს ბაზარში დაიბადა ვირუსი, რომელმაც 2002 წელს კინაღამ პანდემია გამოიწვია. ამ ვირუსის მატარებლები ჩვეულებრივ ნალცხვირა ღამურები არიან. მათგან ვირუსი სხვა გარეულ ცხოველებს გადაედოთ, რომლებსაც მეზობელ დახლებზე ყიდდნენ, მათ შორის – ენოტისებრ ძაღლებს, ჩინურ მაჩვებს, ქვეწარმავლებსა და პალმურ ცივეტებს. ვირუსი თანდათან მუტირებდა და 2002 წლის ნოემბერში ერთ-ერთმა მუტანტურმა ფორმამ ადამიანების ინფიცირება დაიწყო".
ამჟამინდელი ვითარებისგან განსხვავებით, 2002 წელს ჩინეთის ხელისუფლება ბოლო წუთამდე უმალავდა მთელს მსოფლიოს საშიში ეპიდემიის დაწყებას. და ორ თვეში დაავადებამ ჯერ ჰონკონგსა და ვიეტნამში, ხოლო შემდეგ სხვა ქვეყნებსა და კონტინენტებზეც დაიწყო გავრცელება. ეს იყო SARS, "მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი", იგივე "ატიპური პნევმონია". მაშინ ამ ვირუსით “სულ” 8 ათასი ადამიანი ინფიცირდა, რომელთაგან, ოფიციალური ინფორმაციით, 774 დაიღუპა.
"ქალაქი გუანჩჟოუ, ბაზარი. გამყიდველები აღჭურვილ ბოქსებში სხედან, იქვე მუშაობენ, იქვე ცხოვრობენ მყიდველის მოლოდინში. პლასტმასის თეთრ კასრში, მღვრიე წყალში დაბორიალობს 14-კგ-იანი კუ. მის მეზობლად გალიებში გარეული იხვები და კატები, მღრღნელები და ქვეწარმავლები ელიან აღსასრულს. ჩვენს თვალწინ რიგიდან რიგამდე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ გალიები გარეული ცხოველებით, რომლებიც ბუნებრივ გარემოში ერთმანეთს არასოდეს ემეზობლებიან. აქ კი ისინი ერთი ჰაერით სუნთქავენ, გვერდიგვერდ იკვებებიან, იკმაყოფილებენ ბუნებრივ მოთხოვნილებებს... ეს სურათი ერთდროულად რამდენიმე მიზეზითაა აღსანიშნავი, რომელიც ხსნის, რატომ დაიწყო ატიპური პნევმონია სწორედ აქ.

ერთ-ერთი მიზეზი გარეული ცხოველების უჩვეულო, ბუნებრივ გარემოში ანალოგების არმქონე შეკრებაა. ჩვეულ გარემოში ნალცხვირები (ღამურების სახეობა) არ იმეზობლებს ხეებზე მცხოვრებ პალმურ ცივეტასთან, ადამიანების სიახლოვეს კი, როგორც წესი, არც ერთი ბინადრობს, არც მეორე. თუმცა ამ ბაზარზე სამივე სახეობა (ღამურები, ცივეტები და ადამიანები) ერთად აღმოჩნდნენ. ღამურებიდან ვირუსის ცივეტებზე გადადებამ საკვანძო როლი შეასრულა ატიპური პნევმონიის განვითარებაში. ცივეტები რატომღაც ამ ვირუსის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი აღმოჩნდნენ და დაიწყო მისი სწრაფი და ფართო გავრცელება. გარდა ამისა, ამან ნოყიერი ბაზა შექმნა მუტაციებისა და ინტენსიური ბუნებრივი გადარჩევისთვის, რის შედეგადაც პათოგენი, რომელიც ნალცხვირებს აინფიცირებდა, ადამიანში დაავადების გამომწვევში ტრანსფორმირდა" – დასძენს სონია შახი.
წყარო: "რადიო თავისუფლება"


