ბოდბელი ეპისკოპოსი პაატა იმნაძეს მუშაობას უწუნებს
16/04/2020 09:45:51 საზოგადოება
ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი საქართველოს ჯანდაცვის სექტორს, მათ შორის – დაავადებათა კონტროლის ცენტრს აკრიტიკებს.
„ბატონ პაატას [იმნაძე] პატივს ვცემ, მაგრამ სჯობს, დაითვალოს, რეალურად რამდენი გვყავს დაინფიცირებული. მეტია და ეკლესიაზე გინდათ ახლა... ის რაოდენობა არ გვაქვს, რაც უნდა გვქონდეს. ექიმებს ჰკითხეთ!“,– განაცხადა მეუფე იაკობმა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის პროგნოზის საპასუხოდ. იმნაძის მოწოდების თანახმად, თუ მრევლი, მათ შორის აღდგომის დღესასწაულზე არ გაითვალისწინებს რეკომენდაციებს, ქვეყანას მაისის პირველ რიცხვებში ათასაობით ინფიცირებული ეყოლება და გექნება დანაკარგებიც.
მეუფე იაკობი ჯანდაცვის სექტორს სხვა ქვეყნების მაგალითის გათვალისწინებას ურჩევს:
„შეხედონ იმ ქვეყნების მაგალითებს, სადაც ექიმები არ ინფიცირდებიან. ლოჯისტიკა ისე აქვთ აწყობილი. აქაც მიხედონ ყველაფერს. იმის გამო, რომ ღარიბი სახლემწიფო ვართ, არ შეგვიძლია ყველაფერი ბოლომდე ვაკეთოთ. მათ რომ შეძლებოდათ და ტესტები ბოლომდე ეკეთებინათ, გვეცოდინებოდა, რამდენი ვართ [ინფიცირებული]“.
კითხვაზე, არსებული ვითარება მეტ პასუხსიმგებლობას ხომ არ აკისრებს ეკლესიას, მეუფე პასუხობს: „ადამიანს ხელი ვკრათ?.. თუ საქართველოში რამე მომხდარა, უკანა ხაზზე არ ვყოფილვარ. ვიღაცის ჭკუის დასარიგებელი არ ვარ... ვისაც ძალიან უნდა[ტაძარში მისვლა], იმას ვერ დავუშლით“.
შეგახსენებთ, რომ მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა, მრევლისთვის ეკლესიები არ დაიხურება. მედიკოსების განმარტებით, მიუხედავად დისტანციის დაცვისა, მოქალაქეები აღდგომის ლიტურგიისას დახურულ სივრცეში 9 საათის განმავლობნაში იქნებიან და ეს ვირუსის გავრცელების რისკს ზრდის.
იხილეთ ასევე: ერთდროულად რამდენი მძიმე პაციენტის მართვის რესურსი აქვს საქართველოს


