„არ გამოვრიცხავ, აღდგომის ლიტურგია ონლაინ–რეჟიმში ჩატარდეს“
16/04/2020 08:38:28 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღის არც ერთ მონაკვეთში არ მცირდება ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების საფრთხე და მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა პასუხისმგებლობა საფრთხის გათვალისწნებით გადაინაწილონ.
„გვაქვს არაერთი მაგალითი, რომ რეკომენდაციების დაუცველობის გამო დატრიალდა ტრაგედია. მაგალითი გვაქვს როგორც კორეაში, ირანში, საუკეთესო მაგლითი გვაქსვს იტალიაში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ, დაიცვას სახელმწიფოს – ჯანდაცვის მხრიდან გაცემული ყველა რეკომენდაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ საფრთხე რჩება მიუხედავად დისტაციისა, რადგან ისინი [მრევლი] 9 საათის განმავლობაში იქნებიან ტაძარში. ეს დრო რისკებს ზრდის. აქედან გამომდინარე, საუკეთესო გამოსავალი საკუთარი ჯანმრთელობისა და ეკლესიის წევრების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად შინ დარჩენაა“,– განაცხადა ტიკარაძემ.
კითხვაზე, თუ საფრთხე მაინც რჩება, რატომ დაეკისრა პასუხისმგებლობა მთლიანად მოქალაქეს და რატომ ვერ შედგა შეთანხმება საპასტრიარქსთან, მინისტრი პასუხობს:
„ეკლესიასთან მოლაპარაკების კუთხით საკმაოდ დადებითი დინამიკა გვაქვს. გარკვეული წინამძღვრებისგან კარგი გამოხმაურებაა, როდესაც ისინი თავად მოუწოდებენ მრევლს საფრთხის გამო, დარჩნენ სახლში. დიდი იმედი მაქვს, მომდევნო ორი დღის განმავლობაში კიდევ უფრო ნათლად დავინახავთ, რამდენად მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა აქვთ ჩვენს მრევლს, მოქალაქეებს, ეკლესიასაც. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, აღდგომის ლიტურგია ონლაინ რეჟიმში ჩატარდეს და ეკლესიებში მრევლი არ მივიდეს. ჩვენ ვისაუბრეთ რესურსებზე, ამიტომ, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა საკუთარი ბედის გამოცდა არ დაიწყონ, არ ჩააყენონ ექიმები მწირი რესურსიდან გამომდინარე იმ რისკის წინაშე, რომ საქართველო მეორე იტალია გახდეს. თუ არ მოხდება რტეკომენდაციების მკაცრი დაცვა, რა თქმა უნდა, საქართველოც მეორე იტალია გახდება და მხოლოდ მთავრობა მკაცრი ღონისძიებებით უძლური იქნება, დავიცვათ საქართველო კოვიდინფექციის გავრცელებისგან“.
ცნობისთვის: ორიოდ დღის წინ მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში 256 ინფექციონისტია და მათი გადანაწილებით 853 პაციენტის მოვლაა შესაძლებელი. ამასთან, ქვეყანაში 1700-ზე მეტი სასუნთქი აპარატია, თუმცა მის სამართავად ქვეყანას არ ჰყავს საკმარისი რეანიმატოლოგები.


