"ოცნებისა" და კრემლის რიტორიკა კვლავ სრულ თანხვედრაშია - ყველაფერში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის გარდა
23/08/2024 09:16:37 პოლიტიკა
საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების წარმომადგენლების მხრიდან ერთი და იგივე სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული ნარატივების ტირაჟირება გრძელდება.
"ოცნების" ერთ-ერთმა სახემ - დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ დღეს ამ კონტექსტში ერთბაშად რამდენიმე განცხადება გააკეთა, მათ შორის გაიმეორა სადეზინფორმაციო ნარატივი, რომელიც "ოცნებას" - საქართველოდ, დასავლეთს კი საქართველოს მტრად წარმოაჩენს - "უნდა დავიცვათ საკუთარი ქვეყანა და თვალში ნაცარი არავის შევაყრევინოთ - ევროპელი იქნება ის თუ ამერიკელიო", ასევე კრემლის ცნობილი ცრუ გზავნილი, თითქოს 2008 წლის ომში არა რუსეთის, არამედ საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლებაა დამნაშავე, რომელიც "გარედან" იმართებოდა.
"ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლების ამ სიტყვებს ამასწინათ სიამოვნებით ციტირებდა გაერო-ში რუსეთის წარმომადგენელი, მოგვიანებით კი - სხვა რუსი ოფიციალური პირებიც, რომლებიც საფუძვლად უკვე საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების სიტყვებს იშველიებდნენ.
დღეს მათ კიდევ ერთი რუსი ჩინოსანი - ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ ჯაბაროვი შეემატა, რომლის მტკიცებით, "დასავლეთი საქართველოს რუსეთთან ომში ჩაბმას ყველა გზითა და ხერხით ცდილობს", რაც, თურმე, ოკუპირებული ტერიტორიების გამო ხდება და ამასთანავე, "საქართველოში მორიგ ფერად რევოლუციას ამზადებებს".
"დასავლეთი კვლავაც ყველა ხერხით ცდილობს რუსეთთან კონფლიქტში საქართველოს ჩაბმას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო. იმისათვის, რომ გზიდან ჩამოიშოროს საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც უკრაინის რეჟიმისგან განსხვავებით, რუსეთის საწინააღმდეგო ძელად საქართველოს ქცევა არ ისურვა, ვაშინგტონში კვლავ დაიწყეს თბილისში ფერადი რევოლუციის მზადება" - წერს სოცქსელში ჯაბაროვი.
დამეთანხმებით, ერთი-ერთში იგივე სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტულ აზრებს ავითარებს წინასაარჩევნოდ საქართველოს ხელისუფლებაც. პარტნიორების მრავალგზის გაფრთხილების შემდეგ სამთავრობო უწყებებისთვის მრავალმილიონიანი დასავლური დახმარებების შეწყვეტის უკვე დაწყებული პროცესის, საქართველოს ევროინტეგრაციის ფაქტობრივი გაყინვის, განგრძობადი ოკუპაციისა და მუდმივი რუსული საფრთხის პირობებში მყოფი საქართველოს ცივილიზებული სამყაროსგან სულ უფრო მეტ იზოლაციაში მოქცევის მიუხედავად, "ოცნების" ხელისუფლება ქვეყანაში არც ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს წყვეტს, არც ანტიდასავლურ რიტორიკას - ფაქტობრივად, იგივე სცენარით მოქმედებს, რომლითაც პუტინმა რუსეთის მოსახლეობა დაიმორჩილა და რომლის საქართველოში რეალიზება მას ჩვენი ქვეყნის საბოლოოდ დამორჩილებასაც გაუნაღდებდა, თანაც ყოვეგვარი საომარი დანახარჯების გარეშე.
ერთადერთი, რაშიც კრემლისა და "ოცნების" ნარატივები კარდინალურად განსხვავდება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაა - ის, რაც "ოცნებისა" და ქვეყნის ფაქტობრივ მმართველ ბიძინა ივანიშვილის ორიოდ დღის წინანდელი მტკიცების თანახმად, "ნებისმიერ წუთს შეიძლება, აღდგეს" და რისთვის "მზადყოფნის უზრუნველსაყოფადაც" სჭირდება, თურმე, "ოცნებას" ახლა უკვე საკონსტიტუციო უმრავლესობა.
იხილეთ ასევე: საკონსტიტუციო უმრავლესობა - “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის მოსამზადებლად”: რამდენად დამაჯერებელია “ოცნების” არგუმენტაცია
აი, რუსეთის ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს კი ამ დრომდე არსად არაფერი უთქვამს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილების უკან გაწვევის შესაძლებლობის თაობაზე. პირიქით, ყველა ჩინოსანი, რომელიც ბოლო პერიოდში "ოცნების" ამ პროპაგანდისტულ გზავნილებს გამოჰხმაურებია, ცალსახად აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება და საქართველოს მოუწოდებს, "ეს რეალობა აღიაროს".
დღეს მოსკოვის ეს პოზიცია დაადასტურა ჯაბაროვმაც - მან, ვინც "ოცნება" 2023 წლის მაისშიც უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, გაამხილა რა, რომ ორ ქვეყანას შორის ავიაფრენების აღდგენის თხოვნით მოსკოვს თავად თბილისმა მიმართა:
"აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უკვე იქცნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, რომლებიც რუსეთის მიერაა აღიარებული და მათი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება შეუძლებელიაო".
ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ "ოცნების" მტკიცება მის მიერ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის "ნებისმიერ წუთს შესაძლო აღდგენის" შესახებ სხვა არაფერია, თუ არა მორიგი წინასაარჩევნო "ტრიუკი" მოსახლეობის შეცდომაში შეყვანით ძალაუფლების შესანარჩუნებლად - ისეთივე, როგორიც 2020-ის არჩევნების წინ დავით-გარეჯის სრულიად ყალბი "კარტის" გათამაშება იყო, თუმცა ბევრად მზაკვრული: ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ "ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, თუმცა "თუ, ღმერთმა დაგვიფაროს, ეს მაინც მოხდება, "ოცნება" გააუქმებს საქართველოს კონსტიტუციაში, მათ შორის, იმ ჩანაწერს, რომლის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია და შეუცვლელი, ასევე მუხლს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის სავალდებულოდ დაცვის შესახებ, რასაც საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე ვერ აღწევდა".


