ხოკრიშვილი: გარდა წარმატებულისა შეგიძლიათ, ყველანაირად შეაფასოთ

12-04-2024 18:29:46 პოლიტიკა ,კომენტარი

ფაქტია, რომ მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრაზე მთავარი თემა იყო ის, რომ გერმანიას უტიფრად ვუმეორებთ, ვიღებთ კანონს, რომელიც „შეესაბამება ევროკავშირის ფასეულობებს“ და ამაზე ევროკავშირის ყველა წევრი და ყველა ჩვენი პარტნიორი გვეუბნება, რომ „არ არის“. ეს წარმატების გარდა ყველანაირად შეგიძლიათ, შეაფასოთ,– ამბობს გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი საქართველოს პრემიერ–მინისტრისა და გერმანიის კანცლერის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაჟღერებული გზავნილების კომენტირებისას.

ის ხაზს უსვამს, რომ ვინაიდან ახალმა გეოპოლიტიკურმა მოცემულობამ საქართველოსთვის ის შესაძლებლობების ფანჯარა გახსნა, რაც აქამდე ტაბუდადებული იყო, ოფიციალური თბილისი ბერლინს ასეთი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრაზე, მათ შორის, შემდეგ თემებზე უნდა ესაუბრებოდეს:

  • გერმანიასთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე გადასვლაზე, „გერმანიას გარკვეული გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს რეგიონში“;
  • შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანი თემაა;
  • ამასთან, „ჩვენ გერმანიასთან ისტორიული ბმა გვაკავშირებს“;
  • „ვხედავთ საფრანგეთის დაინტერესებას და მეტ მხარდაჭერას მოლდოვის, სომხეთის მიმართ“;

„ნაცვლად ამ თემებზე საუბრისა, ჯიუტად ვიმეორებთ გაურკვეველ არგუმენტებს, რაც დაახლოებით ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, „რა ვქნათ, გვეუბნებიან ასე უნდა იძახოთ და ვაკეთებთო“.

მან გაიხსენა, რომ გერმანიაში საქართველოს პრემიერ–მინისტრის ვიზიტამდე „აგენტების“ შესახებ კანონთან მიმართებით იყო გერმანიის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონზე პასუხისმგებელი წარმომადგენლის და სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებები, რაც ცხადია, გერმანიის მთავრობის პოზიციას გამოხატავს და „ეს უკვე საკმარისია, მკაცრად შევაფასოთ მათი პოზიცია“:

„ასეთი მაღალი დონის შეხვედრაზე ვისურვებდი, კანცლერს ეთქვა, „შეგვიძლია განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლა“, და არა ის, რომ გერმანიის კანცლერს მოუწიოს, კიდევ ერთხელ გაიმეოროს, „გავიგე, მაგრამ არ არის“ – სხვაგვარად როგორ უნდა თქვან, რომ ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს?!“.

ხოკრიშვილმა ხაზი გაუსვა კანცლერის მოწოდებას სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობის თაობაზე და გაიხსენა, რომ მასაც ჰქონდა ექსპერტულ დონეზე საუბარი გერმანიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

„ეს თემა აქტიურად განიხილება და აქტიურად მოუწოდებენ გერმანიის მთავრობას, გამოიყენოს ყველა ბერკეტები, რომ შედეგები გახდეს ცხადი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რომ მოხდეს საქართველოს შემდეგი პროგრესირება ევროინტეგრაციის გზაზე“.

მისი თქმით, „გზავნილი ცხადი იყო“, პარტნიორები „მეტს ვერაფერს გააკეთებენ“. ახლა კი ჩვენი მოსახლეობის 80%–მა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, უნდა გააკეთოს არჩევანი ეროპულსა და ჩრდილოეთ–ევრაზიულს შორის.

„ვფიქრობ, ასეთი გადამწყვეტი არჩევანის გაკეთება მოგვიწევს ყველას ოქტომბერში“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები