კობახიძემ შოლცთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე „აგენტების" კანონპროექტი დაიცვა: "ჩვენი პოზიცია მყარია"

12-04-2024 16:15:36 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე „აგენტების" შესახებ კანონპროექტი დაიცვა.

მისი თქმით, "გამჭვირვალობის შესახებ კანონი სრულად შეესაბამება სამართლებრივ პრინციპებს".

როგორც მან აღნიშნა, მზად არიან, დისკუსია წარვამართონ ევროპელ, ამერიკელ თუ ადგილობრივ, ქართველ პარტნიორებთან ერთად.

„ჩვენი მიდგომა, ჩვენი პოზიციები მყარია. ეს კანონი ძალიან მოკლეა და ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება. ვერავინ იტყვის, რომ ფინანსების გასაჯაროება, შეიძლება უარყოფითად აისახოს ამა თუ იმ ორგანიზაციის საქმიანობაზე. რაიმეს არასწორად თუ ვამბობ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ გახსნილები ვართ დისკუსიისთვის, შემიძლია კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ერთადერთი, რასაც აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს, არის არასამთავრობო ორგანიზაციების და შესაბამისი მედიაორგანიზაციების ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება. გამომდინარე აქედან, შესაბამისი დისკუსია თუ წარიმართება, რაც პირველ წელს, ამ კანონის პირველი განხილვისას არ მომხდარა, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი პოზიციები ძალიან მყარი იქნება. გამჭვირვალობას დემოკრატიულ საზოგადოებაში, დემოკრატიულ წყობაში ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.

8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დარეგისტრირდა. კანონპროექტის განხილვა კომიტეტებში 15 აპრილს დაიწყება.

ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?

ახალი ამბები

სხვა სიახლეები