„ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?

05-04-2024 18:06:46 პოლიტიკა ,ანალიზი

თუ აქამდე „ქართული ოცნება“ დანაპირების მორიგ ჯერზე შეუსრულებლობისა და „აგენტების“ შესახებ კანონპროექტის პარლამენტში კვლავ ინიციირებისას საზოგადოების ინფორმირების აუცილებლობაზე აპელირებდა, დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უფრო შორს წავიდა და ის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს დაუკავშირა. ამაზე მან პარლამენტში ილაპარაკა 5 აპრილს, როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ამ კანონპროექტის ხელახალი ინიციირება ხელს ხომ არ შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას?

„რა გამოდის, რომ ჩვენი უსაფრთხოების დაცვა არ არის ევროპული საქციელი?! - ანუ ის, რასაც აკეთებს საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ის, რასაც აკეთებს ევროპარლამენტი და ევროკავშირი ახლა, როდესაც დირექტივას იღებენ. იგივე მიდგომა რომ ჩვენც გვქონდეს, ეს არ არის ევროპული?.

ეს მხოლოდ ჩვენ, ქართველ ხალხმა, შეგვიძლია, განვსაჯოთ, რა არის მნიშვნელოვანი ჩვენი უსაფრთხოებისთვის ამ გეოპოლიტიკურ სივრცეში, სადაც საფრთხეები ყველა მხრიდანაა, ფაქტობრივად, მათ შორის, სხვადასხვა სახის - ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხიც“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსმა ფორმულირებამ შეაშფოთა ევროპარლამენტის "მწვანეთა პარტიას" საპარლამენტო მრჩეველი თამარ გუგულაშვილი, „ფაქტობრივად თქვა, რომ დასავლეთს საფრთხედ განიხილავენ“:

„ისინი განიხილავენ ევროკავშირის, დასავლეთიდან სხვადასხვა დონორების დაფინანსებას, როგორც საფრთხეს. გამოდის, რომ ისინი აღარ არიან პარტნიორები, რომლებიც წლებია, საქართველოს აფინანსებენ, რომ გადარჩეს. ელემენტარულად, ყოველწლიურად 100 მილიონია პირდაპირ საბიუჯეტო დახმარება მხოლოდ ევროკავშირიდან, სხვა დახმარებებზე და ქვეყნებზე აღარ ვსაუბრობ. ევროკავშირიდან რა დახმარებაც მოდის საქართველოზე, ამაზე აქვეა ძალიან დიდი კონტროლი და ნუ ინერვიულებენ ამ დაფინანსებაზე. მათ რეალურად ის აღიზიანებთ, რომ ფინანსდება დამოუკიდებელი მედია, სამოქალაქო ორგანიზაციები“.

ის შეახსენებს „ქართულ ოცნებას“ იგივე საფრანგეთთან ანალოგიის აბსურდულობას, რადგან იქ ებრძვიან საკუთრივ პოლიტიკაზე რუსულ გავლენას, რასაც წინ უსწრებდა ფართო გამოძიებები და რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ფართო ქსელების გამოვლენა.

ინფორმაციისთვის: „ქართული ოცნება“ მეორედ ცდილობს, მიიღოს კანონი „აგენტების“ შესახებ. როგორც განმარტეს, ახალ პროექტს ძველისგან მხოლოდ ერთი რამ განასხვავებს – ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. შესაბამისად, ორგანიზაციები, რომლებიც მათ შორის მუშაობენ ადამიანის უფლებებზე, რეფორმების ხელშეწყობაზე, კორუფციის გამოვლენაზე, იმის გამო, რომ დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ მოინიშნებიან სახელმწიფოს მიერ. ხოლო დონორები, მათ შორის ევროკავშირი, აშშ – "უცხო ძალად".

„საგარეო გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტში სიტყვები, „უცხო ძალა“, ნამდვილად არ ჟღერს მეგობრულად, იმის გათვალისწინებით, რომ ეს დახმარება პარტნიორები ქვეყნებისგან მოდის“, - ხაზს უსვამს ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატიც X-ზე.

არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავს რეგისტრში აყვანა მიკერძოებული, დისკრიმინაციულია და არავითარი კავშირი არ აქვს ქვეყნის უსაფრთხოებასთან,– ამბობს რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი და დარწმუნებულია, რომ ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის (უმეტესის) მიმართ მონიტორინგის ისეთი წესების დაწესებასთან დაკავშირებული, რაც მათ დამატებით პრობლემებს შეუქმნის:

„სწორედ ასე მოხდა რუსეთში. და რატომ ვამბობთ რომ ეს რუსული კანონია? სწორედ რუსეთის კანონია ასე ორიენტირებული მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, თან ერთადერთი კრიტერიუმი, რითაც საზღვრავენ, რომ შენ, ორგანიზაცია ხარ უცხოური გავლენის გამტარი, არის ის, რომ რაღაც პროექტის დაფინანსებას საერთაშორისო წყაროებიდან იღებ – ეს შეიძლება იყოს გაერო, ევროპის საბჭოს პროგრამა და ა.შ. აბსოლუტური ნონსენსია და ეს არის განსხვავება იგივე ფრანგულ კანონპროექტთან. მსგავსი ანალოგიებით ადამიანების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ!“.

პაპუაშვილის განცხადებამ გააღრმავა ეჭვი, რომ ხსენებული ანტიკონსტიტუციური კანონი არა მხოლოდ სამოქალაქო სექტორის და მედიაორგანიზაციების დისკრედიტაციისთვის გამოიყენება მათი „აგენტებად“ გამოცხადების გზით: „უსაფრთხოების“ საკითხები მხოლოდ რეგისტრირებით არ წყდება, შესაბამისად, რუსული პრაქტიკის გათვალისწინებით, არსებობს მოლოდინი, რომ ამას მოჰყვება მთელი რიგი შემზღუდავი ზომები. რაც შეეხება რუსულ პრაქტიკას, ჯერ „აგენტებად“ დაარეგისტრირეს სამოქალაქო ორგანიზაციები, შემდეგ სია ეტაპობრივად გაფართოვდა და მასში აღმოჩნდა ყველა კრიტიკული აზრის მქონე მეტ-ნაკლებად ცნობილი სახეც კი, მათ შორის მწერლები, მომღერლები, მხატვრები. მათ წინააღმდეგ დაწესდა მკაცრი შეზღუდვები და საბოლოოდ, ეს კანონი იქცა პუტინის რეჟიმის ხელში ეფექტურ იარაღად ნებისმიერი განსხვავებული აზრის წინააღმდეგ.

„ეს რომ მხოლოდ გამჭვირვალეობას ეხებოდეს, არც ამ მძიმე ტერმინოლოგიის გამოყენება იქნებოდა აუცილებელი. პაპუაშვილმა სწორედ ის ილაპარაკა, რა აზრიც აქვთ ჩადებული ამ კანონში. ეს კანონი დიდი საშინაო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, რომლის მთავარი არსიც არის ზეწოლის მექანიზმების შექმნა განსხვავებული აზრის მქონე, არალოიალურად განწყობილი პირების წინააღმდეგ. ეს სწორედ იმ პოლიტიკის შემადგენელია, რაც ბოლშევიკებს ჰქონდათ – ყველაფერი სუბიექტურად ვერ გადაწყდებოდა და ტერორის ჩარჩოებში მოქცევა იყო საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ეს საბჭოთა კავშირში კანონით იყო დარეგულირებული, იმისთვის რომ მანქანა სისტემაში მოსულიყო და ნებისმიერ კლერკს წარმატებით ებრძოლა განსხვავებული აზრის წინააღმდეგ, საჭირო იყო „მოწესრიგება“ – კანონი. „ხალხის მტრები“, „ნათელი მომავლის წინააღმდეგ მტრები“ ვერ შემოაქვთ და შემოაქვთ ის, რაც აპრობირებულია რუსეთში. რა არის მთავარი საფრთხე? როდესაც ადამიანი თავის აზრს გამოთქვამს, მაგრამ ასეთი ადამიანების რაოდენობა მცირდება, როდესაც მას ფინანსურ წყაროებს უკეტავ. შიდა ფინანსური წყაროების გადაკეტვა ადვილია – გაათავისუფლებ სამსახურიდან, არ მისცემ ბიზნესის კეთების საშუალებას, ბიზნესს აუკრძალავ, დააფინანსოს, მაგრამ ვერაფერს უხერხებ სამოქალაქო სექტორს. აქ ადამიანების ფულადი წყარო გამჭვირვალეა, არ არიან დამოკიდებული პოლიტიკურ ჯგუფებზე და მათი ძირითადი ნაწილი თავისი აზრის გამოთქმაში თავისუფალია. შესაბამისად, ამ ხელისუფლების გადასახედიდან, ისინი წარმოადგენენს რისკ–ჯგუფებს. სწორედ ამიტომ, ეს კანონი მხოლოდ პირველი ნაბიჯია, მას აუცილებლად მოჰყვება სისტემის შექმნა – ხდება სრულიად რუსული მანქანის აწყობა!“,– ეუბნება "აქცენტს" პოლიტიკის კომენტატორი გიორგი თავდგირიძე.

ის გამოდის გაფრთხილებით, რომ მსგავსი სისტემა ვნებს თავად მის შემოქმედსაც. ამასთან დარწმუნებულია, რომ „სიცრუის მანქანა“ „ტროლ“–„ბოტებისა“ და ხელისუფლებასთან აფილირებული ექსპერტების ჩართულობით, ვერ შეძლებს ადამიანების შეცდომაში შეყვანას და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები