ოლაფ შოლცი - "აგენტების" კანონზე:  მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ, დიდი იმედი გვაქვს, რომ მას არ მიიღებს საქართველო

12-04-2024 15:36:22 პოლიტიკა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესონფერენციაზე განაცხადა, ბერლინი და მთელიანად ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად უყურებს ე.წ. აგენტების შესახებ კანონს.

მან ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას.

მისივე თქმით, „მას შემდეგ რაც ეს კანონი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, რომ ის აღარ დადგებოდა დღის წესრიგში“.

„ახალი კანონპროექტი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა და ის თითქმის იგივეა, რაც შარშან. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას. ამიტომ ჩვენს საუბარში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, ოპოზიციისა და მთავრობის თანამშრომლობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისთვის“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, აქვს თუ არა ევროკავშირს მსგავსი კანონმდებლობა, კანცლერმა შოლცმა განაცხადა:

„ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. არსებობს დისკუსია იმის შესახებ, გამჭვირვალობა დამყარდეს სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონცეფცია გახლავთ და ჯერჯერობით არ არის, ალბათ არც იქნება გადაწყვეტილი“.

მან ხაზი გაუსვა, რომ ახლა მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმი განვითარდეს და აღნიშნა ქართველი ხალხის სურვილი ამ მიმართულებით.

„გერმანია-საქართველოს 1992 წლიდან უჭერს მხარს, სოციალურ - ეკონომიკურ, სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის აშენების გზაზე. ჩვენ ძალიან მჭიდრო პარტნიორები ვართ განვითარების, თანამშრომლობის საქმეში და გვახარებს მომავალი თანამშრომლობაც. გერმანია თავიდანვე უჭერდა მხარს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროკავშირის პერსპექტივის გახსნის შესახებ. ამიტომაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თარიღი - 2023 წლის დეკემბერი, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის იმდენად კარგად ორგანიზება, რომ წევრობისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმი განვითარდეს. აქ მნიშვნელოვანია სამართლებრივი, ეკონომიკური რეფორმები, მაგრამ, პირველ რიგში, ასევე სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატია.

ჩვენ ვიცით, რომ ეს არამარტო მთავრობის სურვილი გახლავთ, არამედ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მოქალაქეების ძალიან დიდი სურვილიცაა. სრული უმრავლესობა უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას და ამ პროცესის დაჩქარებას. მოხარულები ვართ იმიტომაც, რომ ევროპული ფასეულობებისადმი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გაიმაორა „ქართული ოცნების“ არგუმენტები "აგენტების კანონთან" დაკავშირებით და ამტკიცებდა, რომ ის დემოკრატიის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომელმაც შეახსენა პრემიერს კანცლერის და თავად ევროკავშირის პოზიცია პროექტის არაევროპულობასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერმა კვლავ გაიმეორა, რომ კანონპროექტი „ევროპულ სამართლებრივ პრინციპებზეა დაფუძნებული“. თქვა, რომ ამ კანონთან დაკავშირებით „მტკიცეა“ მმართველი გუნდის პოზიცია და მხოლოდ დაფინანსების „გამოქვეყნებას ისახავს მიზნად“ და „აღმოფხვას იმისა, რომ ნეგატიური პროცესების დაფინანსების განვითარება არ მოხდეს“.

„ღია ვართ დისკუსიისთვის“,– თქვა მან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები