შოლცი – "აგენტების" შესახებ კანონპროექტზე: ევროკავშირს მსგავსი კანონმდებლობა არ აქვს

12-04-2024 16:26:04 პოლიტიკა

გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიციირებული კანონპროექტი „უცხოური ძალის ინტერესების გატარების“ შესახებ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.

"ჩვენ, ისევე, როგორც მთელი ევროკავშირი, ძალიან კრიტიკულად ვსაუბრობთ ე.წ. აგენტების კანონზე. მას შემდეგ, რაც შარშან მისი მსვლელობა შეჩერდა, იმედი გვქონდა, რომ ეს საკითხი აღარ დადგებოდა დღის წესრიგში“, - განაცხადა კანცლერმა შოლცმა და დასძინა, რომ შარშანდელი ვერსია, „პრაქტიკულად, არ შეცვლლა“.

ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო არ მიიღებს ე.წ. აგენტების კანონს:

"დიდი იმედი გვაქვს, საქართველო არ მიიღებს ამ კანონს და პარლამენტი გაითვალისწინებს როგორც ჩვენი, ასევე საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას“.

მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ კონტექსტში, პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას.

ჟურნალისტების კითხვაზე, აქვს თუ არა ევროკავშირს მსგავსი კანონმდებლობა, კანცლერმა შოლცმა შემდეგი განაცხადა:

„ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. არსებობს დისკუსია იმის შესახებ, გამჭვირვალობა დამყარდეს სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონცეფცია გახლავთ და ჯერ–ჯერობით არ არის, ალბათ, არც იქნება გადაწყვეტილი“.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. მმართველი პარტია კანონის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე - მიღებას გეგმავს.

8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დარეგისტრირდა. კანონპროექტის განხილვა კომიტეტებში 15 აპრილს დაიწყება.

ამავე თემაზე: „ქართულმა ოცნებამ“ „საფრთხედ“ დასავლეთი მონიშნა?

ახალი ამბები

სხვა სიახლეები