
მოსკოვსა და ერევანს შორის ურთიერთობები სულ უფრო მწვავდება
02/11/2023 12:21:10 კავკასია
მოსკოვსა და ერევანს შორის ურთიერთობებში ბოლო დროის კრიზისი სულ უფრო მწვავდება. რუსეთის საგარეო უწყებამ სომხეთის ხელისუფლება "სამოკავშირეო ურთიერთობების მიზანმიმართულ განადგურებაში" დაადანაშაულა.
ასე გამოეხმაურა დღეს რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის არმენ გრიგორიანის მონაწილეობას კონფერენციაში "მალტა. მშვიდობის ფორმულა" და შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკთან.
"ჩვენ ამას სომხეთის მხრიდან დემონსტრაციულ ანტირუსულ ჟესტად განვიხილავთ. გვსურს, ყველას შევახსენოთ, რომ მანამდე კიევს პრემიერ ფაშინიანის მეუღლე ანა აკოფიანი სტუმრობდა, ვიზიტი ჰქონდა ასევე სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ალენ სიმონიანს, თავად პრემიერი ფაშინიანი კი ზელენსკის გრანადაში ესაუბრა. ვფიქრობ, ერევანში უნდა აცნობიერებდნენ, რომ საქმე გვაქვს დემონსტრაციულ კეკლუცთან მათთან, ვინც ჩვენს ქვეყანას აგრესიულად უპირისპირდება. სამწუხაროა, რომ სომხეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა მიზანმიმართულად და შესაშური ჟინით ანადგურებს ჩვენს სამოკავშირეო ურთიერთობებს, რომელსაც არცთუ დიდი ხნის წინ თავად უწოდებდა სომხეთის სტაბილურობისა და აყვავების უმნიშვნელვანეს ფაქტორს. რაც შეეხება სახელმწიფო ორგანოებთან აფილირებულ სომხურ მედიაში აგორებულ ანტირუსულ რიტორიკას, აქ სასაუბროც არაფერია, - ეს დაუარავი რუსოფობური კონტექსტია ჩვენი ქვეყნის მიმართ ნაციონალიზმის ზღვარზე" - განაცხადა ზახაროვამ.
რუსეთ–სომხეთის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოფიციალურმა ერევანმა ღიად დაიწყო საუბარი "სტრატეგიული პარტნიორის" მიმართ საკუთარ პრეტენზიებზე. ეს ძირითადად ეხებოდა უსაფრთხოების საკითხებს და მოსკოვის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას.
იხილეთ ასევე: "რუსეთმა ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა": ერევანსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა ახალ ფაზაში გადადის