"რუსეთმა ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა": ერევანსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა ახალ ფაზაში გადადის

06-09-2023 16:36:06 კავკასია ,ანალიზი

ერევანსა და მოსკოვს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა ახალ ფაზაში გადადის: ორმხრივი ბრალდებები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სულ უფრო ხშირად ისმის და პროცესი კიდევ უფრო საინტერესო შინაარს იძენს.

მოსკოვი ჯერ თავისი პროპაგანდისტული მედიარესურსების მეშვეობით გამოეხმაურა სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ რუსი სამშვიდობოები არ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მისიას და რომ რუსეთი ტოვებს რეგიონს, ხოლო შემდეგ უკვე ოფიციალურად – კრემლის პრეს–მდივნის დონეზე.

„რუსეთი ამ რეგიონის აბსოლუტურად განუყოფელი ნაწილია, ამიტომ ვერსად წავა. სომხეთიდან წასვლა რუსეთს არ შეუძლია. და მოდით, ნუ დავივიწყებთ, რომ ბოლოს და ბოლოს რუსეთში მეტი სომეხი ცხოვრობს, ვიდრე თავად სომხეთში, რომელთა უმეტესობა ჩვენი ქვეყნის – რუსეთის აბსოლუტურად სანიმუშო და პატრიოტი მოქალაქეა“, - განაცხადა კრემლის პრეს–სპიკერმა.

მანამდე ლაჩინის დერეფანში [ მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც აზერბაჯანს აქვს გადაკეტილი] რუსი სამშვიდობოების რეალურ უმოქმედობასთან დაკავშირებით, იტალიურ გამოცემა La Repubblica-სთვის მიცემულ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ისტორიული პარალელები გაავლო და განაცხადა, რომ „ერთ დღეს ჩვენ უბრალოდ გავიღვიძებთ და დავინახავთ, რომ რუსეთი აქ არ არის“.

„ჩვენი რუსი პარტნიორები ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ დასავლელი პარტნიორები მუშაობენ სომხეთთან ან უბიძგებენ სომხეთის მთავრობას, მიიღოს ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთის განდევნას ჩვენი რეგიონიდან. მაგრამ როცა ჩვენს რუს პარტნიორებთან ვსაუბრობთ, ხანდახან ვამბობთ, გამოვთქვამთ ჩვენს აზრს და ჩვენს შეფასებას, რომ პირიქით, ვხედავთ, რომ თავად რუსეთი ტოვებს რეგიონს იმ ნაბიჯებით, რომლებსაც დგამს ან არ დგამს“, - აღწერა ვითარება სომხეთის ლიდერმა.

კრემლის სპიკერი მოჰყვა მტკიცებას, თითქოს რუსეთი აგრძელებს თანმიმდევრულ და ძალიან მნიშვნელოვან როლს რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციასა და კონფლიქტების მოგვარებაში და რომ მოსკოვი გააგრძელებს ამ როლის შესრულებას. ამავდროულად პესკოვმა მნიშვნელოვნად მიიჩნია, რეგიონის ყველა სახელმწიფო დარჩეს 2020 წლის სამმხრივი შეთანხმებების ერთგული. მაგრამ სწორედ 2020 წლის 9 ნოემბრის შეთანხმების შესაბამისად უნდა ყოფილიყო ლაჩინის დერეფანი რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ, თუმცა ის ამჟამად აზერბაიჯანულ მხარეს აქვს ჩაკეტილი. ამ გარემოებაზე აქცენტირებს პერიოდულად ოფიციალური ერევანი, როცა აცხადებს, რომ რუსი სამშვიდობოები არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. მეორე მხრივ, მოსკოვი შექმნილ ვითარებაში ფაშინიანის მთავრობას ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ეს სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების შედეგია. კერძოდ, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ თქვა, სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად აღიარების.

ინფორმაციისთვის: სომხეთს არ უღიარებია აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა. სომხეთის პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ მზადაა, მსგავსი ნაბიჯი გადადგას რიგი პირობების სანაცვლოდ.

ამასთან, ზახაროვამ ხელიდან არ გაეშვა შესაძლებლობა, საჯაროდ და უხეშად გაეკრიტიკებინა სომხეთის ხელისუფლება, კერძოდ, პრემიერ-მინისტრი. მოსკოვის ოფიციალური წარმომადგენლის აღშფოთების მიზეზი გახდა ნიკოლ ფაშინიანის განცხადება, რომ „უსაფრთხოების სფეროში მხოლოდ ერთ ქვეყანაზე დამოკიდებულება ან მიბმა სტრატეგიული შეცდომა“ იყო და რომ ახლა სომხეთი დივერსიფიცირებას ცდილობს.

ბრიფინგზე ზახაროვა ერევანსა და მოსკოვს შორის დაძაბულობის გამამწვავებელ კიდევ ერთ თემას შეეხო - რომის სტატუტს, რომელიც ჯერ სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ცნო კონსტიტუციასთან შესაბამისად, შემდეგ ქვეყნის მთავრობამ პარლამენტს გადაუგზავნა რატიფიცირებისთვის. ფონი კი გახლავთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ კრემლის ლიდერზე დაკავების ორდერის გაცემა. ოფიციალური მოსკოვის წარმომადგენლის თქმით, მათ სთხოვეს ერევანს განმარტება და სომხური მხარის პასუხის შემდეგ გადაწყვეტენ შემდგომ ნაბიჯებს.

ამასთან, 5 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების რუსული ორგანიზაციიდან (ОДКБ) (რომელსაც ერევანი უმოქმედობაში ადანაშაულებს) თავისი მუდმივი წარმომადგენელი გაიწვია. მანამდე უარი თქვა ხსენებული ორგანიზაციის ეგიდით წვრთნებში მონაწილეობაზე, ხოლო 11-20 სექტემბერს სამხრეთ კავკასიის ამ სახელმწიფოში აშშ-სომხეთის ერთობლივი წვრთნები ARTSIV PARTNERS-2023 ჩატარდება. არც ეს საკითხი დატოვეს უყურადღებოდ მოსკოვში და როგორც კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა, სომხეთის განზრახვა „შეშფოთებას იწვევს“: „ეს იწვევს შეშფოთებას, განსაკუთრებით, დღევანდელ ვითარებაში. ამიტომ, ჩვენ ღრმად გავაანალიზებთ ამ ამბებს და დავაკვირდებით სიტუაციას“.

მაინც რა აძლევს რუსეთზე მაღალი დამოკიდებულების მქონე ქვეყნის პრემიერ–მინისტრს მსგავსი თამამი, ასე ვთქვათ, ლავირების შესაძლებლობას? საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე თვლის, რომ რუსეთმა ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა, როდესაც ყარაბაღში ხელი არ შეუშალა აზერბაიჯანს.

„სომხეთს რუსეთი სჭირდებოდა მანამდე, სანამ ყარაბაღი ჰქონდა და იმავდროულად ჰქონდა რუსეთიდან სამხედრო დახმარების იმედი. მაგრამ ომი მოხდა, რუსეთი სომხეთს არ დაეხმარა. შესაბამისად, მას რაღაში სჭირდება რუსეთი? ცხადია, დარჩა რიგი საკითხები გადასაწყვეტი, სომხეთს ბოლომდე არ გაურკვევია ყველაფერი ორმხრივ ურთიერთობებში აზერბაიჯანთან, თურქეთთანაც, მაგრამ როგორც ჩანს, ფაშინიანი ფიქრობს, რომ ეს დალაგებადია, შესაბამისად, არ სჭირდება რუსეთი – ეს ერთი ასპექტია; მეორე – როგორც ჩანს, ის ფიქრობს, რომ ვიდრე რუსეთი უკრაინით არის დაკავებული და მისთვის არ სცალია, ახლაა ისტორიული შანსი, დაუსხლტეს. რუსეთი ნამდვილად დაკავებულია უკრაინაში, არ სცალია და ომი გამოუცხადოს სომხეთს, ასე მარტივი არ იქნება, თუმცა არც იმას ვფიქრობ, რომ სომხეთიდან ასე მარტივად გაიყვანს ბაზას და ამ ბაზას სომხები ომს ვერ დაუწყებენ. ამდენად, ახლა ამ პროცესს ვადევნებთ თვალს. როგორც ჩანს, ამერიკამ სომხეთში კარგად იმუშავა და ეს მოსალოდნელიც იყო გარდა ჩამოთვლილი მიზეზების გათვალისწინებით, სომხური ლობიდან გამომდინარეც. ძალიან დიდი სომხური ლობია ამერიკაში, რომელიც ცხადია, თავის როლს თამაშობს და ახლაც ითამაშა. ეს ლობი ყოველთვის იცავდა სომხეთის ინტერესებს და ახლა მით უფრო გაუადვილდება, როდესაც სომხეთი აპირებს (ვნახოთ, გამოუვა თუ არა ), ჩაეხსნას რუსეთს“,– ამბობს „აქცენტთან“ შარაშენიძე.

აქვე შარაშენიძე აღნიშნავს, რომ რუსეთს რჩება ბერკეტები სომხეთის წინააღმდეგ და მათ შორის ყველაზე პრობლემურად მიაჩნია ენერგოდამოკიდებულება. ამ კონტექსტში საყურადღებოა, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში ირანულმა გაზის სახელმწიფო კომპანიამ გამოაცხადა ორი ქვეყნის ოფიციალურ პირებს შორის ხელშეკრულების გაფორმება სომხეთში ირანული გაზის ექსპორტის სამჯერ გაზრდის შესახებ. ახალი კონტრაქტის თაობაზე პირველი შეთანხმება სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თეირანში 2022 წლის ნოემბერში ვიზიტის დროს მიიღწა, მიმდინარე წლის 10 აგვისტოს კი ტექნიკურ დეტალებზე მოლაპარაკებები დასრულდა. „ირანის საექსპორტო გაზსადენს სომხეთში შეუძლია წელიწადში 1 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება, თუმცა ხაზის სიმძლავრის მხოლოდ მესამედი გამოიყენებოდა მისი ექსპლუატაციის პერიოდში“, - ნათქვამია ანგარიშში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები