სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ითანამშრომლოს აშშ-სთან, რადგან ეს გავლენას ახდენს კაცობრიობის ბედზე
25/10/2023 13:56:43 მსოფლიო
ჩინეთი მზადაა, გააგრძელოს ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან. ასეთ ურთიერთობებზეა დამოკიდებული კაცობრიობის ბედი. ამის შესახებ ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა აშშ-ჩინეთის ურთიერთობების ეროვნული კომიტეტის ყოველწლიურ ვახშამზე საკუთარ წერილში დაწერა,– იტყობინება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
„სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ, იპოვონ სწორი გზა ურთიერთგაგებისკენ, რაც გადამწყვეტია მსოფლიოს მშვიდობიანი განვითარებისა და კაცობრიობის მომავალი ბედისთვის. ჩინეთი მზად არის ხელი შეუწყოს აშშ-სთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას“, - ციტირებს ჩინეთის ლიდერს საგარეო უწყება.
სი ძინპინგი ასევე აღნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას, მშვიდობიან თანაარსებობას და ორმხრივ სარგებელს.
25 ოქტომბერს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ იმუშავებს ჩინეთთან ერთად ისრაელი-ღაზას კონფლიქტის გავრცელების შესაჩერებლად.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი სამდღიანი ვიზიტით შეერთებულ შტატებში ხუთშაბათს, 26 ოქტომბერს ჩავა. Associated Press-ის ცნობით, ვიზიტი განიხილება ვაშინგტონისა და პეკინის უკანასკნელ ნაბიჯად მაღალი დონის მოლაპარაკებებისთვის ღიაობის შესანარჩუნებლად ორმხრივ ურთიერთობებში დაძაბულობის ფონზე.
ვანგ ი გეგმავს, შეხვდეს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს ჯეიკ სალივანს მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის უკრაინის ომის, ისრაელის კონფლიქტისა და "ჰამასის" შესახებ.
ვიზიტი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტამდე დაახლოებით სამი კვირით ადრე ხორციელდება. სამიტი სან-ფრანცისკოში უნდა გაიმართოს, სადაც შესაძლოა, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი შეხვდნენ ერთმანეთს. ამასთან, ლიდერთა ასეთი შეხვედრა ოფიციალურ დონეზე არ დადასტურებულა.
2018 წლიდან აშშ-ჩინეთის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა სავაჭრო დისბალანსის, ადამიანის უფლებების, სამხრეთ–ჩინეთის ზღვის მილიტარიზაციის, ტაივანზე მზარდი ზეწოლისა და COVID-19 პანდემიის გამო, ამას დაერთო რუსეთის უკრაინაში შეჭრა და ჩინეთის პოზიცია აგრესორთან მიმართებით.
გასულ წელს ჯო ბაიდენი და სი ძინპინი ბალიში G20-ის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს. მხარეები შეთანხმდნენ მოლაპარაკებების განახლებაზე, კონკრეტულ საკითხებზე სამუშაო ჯგუფების შექმნაზე და პირადი კონტაქტების გაფართოებაზე.
2023 წლის ივნისში პეკინს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ეწვია. ხოლო მანამდე აშშ–ის კანონმდებლების პირველი ვიზიტი შედგა ჩინეთში 2019 წლის შემდეგ.


