
მინისტრი: ჩინეთმა შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმოს
23/10/2023 12:58:54 პოლიტიკა, საზოგადოება
ჩინეთმა შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმოს - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
დავითაშვილის თქმით, აღნიშნულის შესახებ საუბარი პეკინში, საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური კომისიის სხდომაზეც შედგა.
“სარკისებურად განიხილება ვიზების გაუქმება საქართველოს მოქალაქეთათვისაც, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირებს კიდევ უფრო გააძლიერებს. ასე რომ ძალიან პოზიტიური იყო კომისიის მუშაობა და დაიგეგმა რეგულარული კომისიების მოწყობა მომდევნო წლებშიც, რათა ის აქტუალური საკითხები, რომლის იდენტიფიცირებაც მოვახდინეთ, რეალურად სრულდებოდეს,”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
გასულ კვირაში პეკინში ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა გაიმართა. ლევან დავითაშვილმა ასევე გამართა შეხვედრა ჩინეთის კომერციის მინისტრ ვანგ ვენთაოსთან. ეს ბოლო 8 წლის განმავლობაში ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისი კომისიის პირველი სხდომა იყო.
საქართველომ ჩინეთთან სავიზო რეჟიმი მიმდინარე წლის სექტემბერში გააუქმა. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო. მან მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს ტურიზმის სფეროს და ეკონომიკას დაეხმარება.
მოგვიანებით საკითხზე განმარტება გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა, რომელიც ამბობს, რომ ჩინელ ტურისტებს საქართველოში უვიზოდ მოგზაურობა 30 დღის განმავლობაში შეეძლებათ: „30 დღის განმავლობაში ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველო უვიზოდ მოინახულონ, ტურიზმის კუთხით ეს სრულიად მისაღები ციფრია.“
იხილეთ ასევე: "განაჩენია!": ნათელაშვილმა მთავრობას სასამართლოში უჩივლა