
"განაჩენია!": ნათელაშვილმა მთავრობას სასამართლოში უჩივლა
10/10/2023 14:38:26 პოლიტიკა, საზოგადოება
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მთავრობას სასამართლოში უჩივლა. პოლიტიკოსი ასაჩივრებს მთავრობის გადაწყვეტილებას ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ცალმხრივად დაწესების თაობაზე. ნათელაშვილი გადაწყვეტილების შეჩერებას მოითხოვს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განმარტებით, საქართველო "დაცლად საელმწიფოდ" ჩამოყალიბდა და ამგვარ კრიზისულ დემოგრაფიულ ვითარებაში უზარმაზარ სახელმწიფოსთან უვიზო კავშირი სახიფათოა.
"ჩვენი ხალხი უდიდეს პატივს სცემს ჩინურ კულტურას, ჩნელ ხალხს, ცივილიზაციას, მაგრამ მილიარნახევრიანი ქვეყნისთვის ასეთ დაცლად სახელმწიფოში უვიზო რეჟიმის შემოტანა გამოტანილი განაჩენია ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და მომავლის წინააღმდეგ. ამას ემატება არასტაბილური რუსეთისა და ირანისათვის უვიზო რეჟიმი და ძალიან მალე შეიძლება დადგეს დრო, როდესაც აქ სხვა ხალხის ჟრიამული იქნება და მოგონებად დაგვრჩება საქართველო",– განაცხადა სარჩელის წარდგენის შემდეგ ნათელაშვილმა და დასძინა, "აი, საკუთარი ბიზნესინტერესებისათვის სადამდე შეიძლება წავიდეს ოლიგაქრი, რომელსც არაფერი წმინდა არ გააჩნია".
საქართველომ ჩინეთთან სავიზო რეჟიმი მიმდინარე წლის სექტემბერში გააუქმა. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო. მან მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს ტურიზმის სფეროს და ეკონომიკას დაეხმარება.
მოგვიანებით საკითხზე განმარტება გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა, რომელიც ამბობს, რომ ჩინელ ტურისტებს საქართველოში უვიზოდ მოგზაურობა 30 დღის განმავლობაში შეეძლებათ: „30 დღის განმავლობაში ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველო უვიზოდ მოინახულონ, ტურიზმის კუთხით ეს სრულიად მისაღები ციფრია.“
ბოლო ორი წლის განმავლობაში – 2021-2022 წლებში საქართველოდან ემიგრაციაში წავიდა 87 222 ადამიანი. 2012 წლიდან 2022 წლის ჩათვლით კი საქართველო დატოვა და უკან აღარ დაბრუნებულა დაახლოებით იმდენივე ადამიანი, რაც მის ერთ რეგიონში - შიდა ქართლში ცხოვრობს (244 966). საქართველოდან გასულთა მონაცემებს ყოველ წელს საქსტატი აჯამებს. რიცხვები აჩვენებს, რომ პანდემიის შემდეგ საქართველოდან იმაზე ორჯერ მეტი ადამიანი გადის სხვა ქვეყნებში საცხოვრებლად, ვიდრე უკან ბრუნდება ემიგრაციიდან.
2023 წლის მარტში NDI-ს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები აჩვენებდა, რომ ქვეყნიდან წასვლაზე საქართველოში ყოველი მეექვსე ადამიანი ფიქრობს.
მათი რიცხვი კი, ვისაც ოჯახის ერთი წევრი მაინც ჰყავს საზღვარგარეთ და მისი გამოგზავნილი ფულით ინახავს ოჯახს, 2019 წლის ივლისიდან 2023 წლის მარტამდე 12-დან 16%-მდე გაიზარდა.