ევროკომისიის ანგარიში: 2022 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 87%–ით გაიზარდა
19/10/2023 18:07:31 პოლიტიკა
ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების შესახებ რიგით მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2022 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 2021 წელთან შედარებით, 87%–ით გაიზარდა.
"2022 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით საქართველოს მოქალაქეების მიერ წარდგენილი განაცხადების რაოდენობა 2021 წლის მაჩვენებლეთან შედარებით, 81%–ით გაიზარდა. კერძოდ, 2022 წელს საქართველოს მოქალაქეებმა წარადგინეს 26 450 განაცხადი, 2021 წელს კი 14 635. ამ განაცხადებიდან 7% პირველმა ინსტანციამ დააკმაყოფილა (შარშან ეს მაჩვენებელი 5% იყო).
2022 წელს საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის ქვეყნების საზღვრის უკანონოდ კვეთის 25 შემთხვევა დაფიქსირდა.
2022 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 2021 წელთან შედარებით, 87%–ით გაიზარდა და 21 910 ადამიანი შეადგინა. შარშან ეს მაჩვენებელი 11 695 იყო.
გასულ წელთან შედარებით, 31%–ით გაიზარდა საქართველოს იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვისაც ევროკავშირში შესვლა აეკრძალა. 2022 წელს ასეთი 3 970 მოქალაქე იყო. 2021 წელს მათი რიცხვი 3 030-ს შეადგენდა.
2021 წელთან შედარებით, 50%–ით არის გაზრდილი საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების მაჩვენებელიც. 2022 წელს ის 16 275-ს შეადგენს. 2021 წელს კი 10 820 იყო. ამასთან, 57%–ით არს გზარდილი ქვეყანაში დაბრუნებულ მოქალაქეთა რაოდენობაც და ის 2022 წელს 7760-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი 2021 წელს 4 935 იყო", – ნათქვამია ანგარიშში.
ამავე თემაზე: რა წერია ევროკომისიის რიგით მეექვსე ანგარიში საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების შესახებ.


