რა წერია ევროკომისიის რიგით მეექვსე ანგარიში საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების შესახებ
19/10/2023 18:02:07 პოლიტიკა
ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების შესახებ რიგით მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც, მათ შორის საქართველოზე არის საუბარი.
ანგარიშის თანახმად, „საერთო ჯამში, საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები ევროკომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლად, თუმცა მეტი ძალისხმევაა საჭირო“.
მიგრაციის მართვა
"საქართველო აგრძელებს ძალისხმევას საქართველოს მოქალაქეთა მიერ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მიღების შესახებ დაუსაბუთებელი განაცხადების პრობლემის მოსაგვარებლად. 2021 წლის იანვარში ძალაში შესული ახალი კანონის საფუძველზე, საქართველოს ხელისუფლებამ 2022 წელს საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე „გასასვლელ-კონტროლის შემოწმება“ განახორციელა. საქართველოს მონაცემებით, 2021-2022 წლებში ამ სისტემით მოხდა საქართველოს 4677 მოქალაქის ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრების პრევენცია, რომლებიც განიხილებოდნენ ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციის საფრთხედ. საქართველოს ხელისუფლებამ მიმართა ძალისხმევას ამ საკითხის გადასაჭრელად მიგრანტთა კონტრაბანდაში ჩართული პირებისა და ჯგუფების სისხლისსამართლებრივი დევნის გზით, მათ შორის მათ მიმართ, ვინც მონაწილეობდა ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში ევროკავშირში თავშესაფრის წარმატებული მოთხოვნის პერსპექტივების შესახებ. თუმცა იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მცირეა (11 in 2022).
საქართველო რეგულარულად თანამშრომლობს ევროკავშირის იმ ქვეყნებთან, რომლებსაც გააჩნიათ შეშფოთება უვიზო მოგზაურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის – საქართველოს მოქალაქეების არალეგალური ყოფნის პრევენციის შესახებ. 2022 წელს ეს თანამშრომლობა მოიცავდა ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყნებში 16 ქართველი პოლიციის ოფიცრის გაგზავნას, რომლებიც ეხმარებოდნენ ადგილობრივ სამართალდამცველ ორგანოებს, და ჩაატარეს 8 ერთობლივი ოპერაცია. საქართველო რეგულარულად თანამშრომლობს „ფრონტექსთან“ (ევროკავშირის სასაზღვრო სამსახური), რაც ხორციელდება ოპერაციული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, რომელიც 2021 წელს განახლდა.
„ფრონტექსის" რამდენიმე ოფიცერი განლაგებულია სახმელეთო და საზღვაო სასაზღვრო–გამშვებ პუნქტებზე, ასევე თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში. ქართველი პოლიციელები ასევე განლაგდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამის აეროპორტებში. ამ თანამშრომლობის მთავარი მიზანია საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენების პრევენცია, მათ შორის თავშესაფრის უსაფუძვლო განცხადებების შეტანით.
საქართველო ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან რეადმისიის საკითხებზეც. ანგარიშის მიხედვით, 2017-2022 წლებში რეადმისიის მოთხოვნის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული პოზიტიური გადაწყვეტილებების საშუალო მაჩვენებელი 98%–ს შეადგენს. ანგარიშის მიხედვით, საქართველო ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს რეპატრიაციული ავიარეისების საკითხებზეც. რამდენიმე წევრი სახელმწიფო, ისევე როგორც „ფრონტექსი" მიესალმა საქართველოსთან კარგ თანამშრომლობას რეპატრიაციული ფრენებთან დაკავშირებით", – ნათქვამია ანგარიშში.
არალეგალური მიგრაცია
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს გაორმაგდა საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურად დარჩნენ.
- "2022 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით საქართველოს მოქალაქეების მიერ წარდგენილი განაცხადების რაოდენობა 2021 წლის მაჩვენებლეთან შედარებით, 81%–ით გაიზარდა. კერძოდ, 2022 წელს საქართველოს მოქალაქეებმა წარადგინეს 26 450 განაცხადი, 2021 წელს კი 14 635. ამ განაცხადებიდან 7% პირველმა ინსტანციამ დააკმაყოფილა (შარშან ეს მაჩვენებელი 5% იყო).
2022 წელს საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის ქვეყნების საზღვრის უკანონოდ კვეთის 25 შემთხვევა დაფიქსირდა.
- 2022 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 2021 წელთან შედარებით, 87%–ით გაიზარდა და 21 910 ადამიანი შეადგინა. შარშან ეს მაჩვენებელი 11 695 იყო.
- გასულ წელთან შედარებით, 31%–ით გაიზარდა საქართველოს იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვისაც ევროკავშირში შესვლა აეკრძალა. 2022 წელს ასეთი 3 970 მოქალაქე იყო. 2021 წელს მათი რიცხვი 3 030-ს შეადგენდა.
2021 წელთან შედარებით, 50%–ით არის გაზრდილი საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების მაჩვენებელიც. 2022 წელს ის 16 275-ს შეადგენს. 2021 წელს კი 10 820 იყო. ამასთან, 57%–ით არს გზარდილი ქვეყანაში დაბრუნებულ მოქალაქეთა რაოდენობაც და ის 2022 წელს 7760-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი 2021 წელს 4 935 იყო", – ნათქვამია ანგარიშში.
კორუფცია
- ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო განაგრძობდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა ელიტური კორუფცია კვლავ გამოწვევად რჩება.
უზენაესი სასამართლო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წინა ანგარიშში კომისიამ საქართველოს მიმართა რეკომენდაციით, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურა სრულ შესაბამისობაში იყოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან და ასევე, მიღებული იყოს კანონმდებლობა, რომლითაც შეფასდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კეთილსინდისიერება და ეფექტურობა."საქართველოს ჯერ სრულად არ შეუსრულებია ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაციები", – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ წინა ანგარიშში კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დამოუკიდებლობა.
"საქართველომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი 2023 წლის ივნისში მიიღო და 2023 წლის სექტემბერში ვენეციის კომისიას გადაუგზავნა. კანონი მიზნად ისახავს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობას და მთლიანობაში ითვალისწინებს გაუმჯობესებას 2011 წლის კანონთან შედარებით. თუმცა, ჯერ კიდევ რამდენიმე საკითხია გადასაწყვეტი, განსაკუთრებით მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის წესებთან და მონაცემთა დაცვის უფლებებთან დაკავშირებულ გარკვეულ გამონაკლისებთან/შეზღუდვებთან დაკავშირებით", – ნათქვამია ანგარიშში.
რეკომენდაციები
- ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებას შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:"საქართველოს სავიზო პოლიტიკა უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირს მიდგომას იმ ქვეყნების მოქალაქეთა მიმართ, რომლებსაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზა სჭირდებათ. კონკრეტულად კი იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც ევროკავშირისთვის წარმოადგენენ არალეგალური მიგრაციისა და უსაფრთხოების რისკს.
- საქართველომ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა მოაგვაროს თავშესაფრის მოთხოვნის დაუსაბუთებელი განაცხადებისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურად დარჩენის პრობლემა.
- საქართველო უნდა ჩაერთოს „კრიმინალური საფრთხეების საწინააღმდეგო ევროპული მულტიდისციპლინური პლატფორმის“ ოპერაციულ სამოქმედო გეგმაში, რომელიც მიგრანტების უკანონო გადაყვანას ეხება;
- საქართველომ უნდა დააფუძნოს „აქტივების დაბრუნების ოფისი“ და ასევე „აქტივების მენეჯმენტის ოფისი“ და გაააქტიუროს აქტივების დაბრუნების ძალისხმევა აქტივების მონიტორინგით, გაყინვით, მენეჯმენტით, კონფისკაციითა და განადგურებით;
- საქართველომ უნდა მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, უზრუნველყოს ადეკვატური რესურსები მათი განხორციელებისთვის და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს იმ საქმეების გამოძიებას, სამართლებრივ დევნასა და სასამართლოების გადაწყვეტილებებს, რომლებიც ელიტურ კორუფციას ეხება;
- საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ იმ კანონმდებლობაში, რომელიც ეხება ანტიკორუფციულ ბიუროს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, გათვალისწინებული იყოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები".


