Accentnews.ge
სახდეპი: განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ ურთიერთობის განმტკიცებისთვის უნდა გადადგას

სახდეპი: განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ ურთიერთობის განმტკიცებისთვის უნდა გადადგას

31/03/2026 23:09:00 პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის.

ამის შესახებ „აქცენტს“ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა გამოცემის მიერ გაგზავნილი კითხვების საპასუხოდ განუცხადა.

„აქცენტმა“ სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა კითხვებით, რომლებიც ეხებოდა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს, ასევე ირანის ელჩის განცხადებას, რომელიც საქართველოში მუქარის შემცველად შეფასდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბართან დაკავშირებულ კითხვაზე სახელმწიფო დეპარტამენტმა „აქცენტს“ მიუთითა ოფიციალურ განცხადებაზე, რომელიც საუბრის შემდეგ გავრცელდა.

„სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. მათ განიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროები, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები“, — ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა 30 მარტს გაავრცელა.

ამასთან, „აქცენტმა“ სახელმწიფო დეპარტამენტს დამატებითი კითხვებითაც მიმართა. კერძოდ, გამოცემა დაინტერესდა, როგორ აფასებს ვაშინგტონი ირანის ელჩის განცხადებას, ასევე მიმდინარეობს თუ არა საქართველოსთან განხილვები უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით, მათ შორის შესაძლო სამხედრო თანამშრომლობისა და ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის წერილობით პასუხში აღნიშნულია:

"ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში იყო საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორი. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად.

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის.

სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობით მიაღწია, ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს სთავაზობს მთელ სამხრეთ კავკასიას. საქართველოს შეუძლია როგორც საკუთარი წვლილი შეიტანოს, ისე დიდი სარგებელი მიიღოს იმ სტაბილურობისა და კეთილდღეობისგან, რომელსაც ეს შეთანხმება ხდის შესაძლებელს.

ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე.

ჩვენ ასევე განვიხილავთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად", - ნათქვამია პასუხში.  

ცნობისთვის: ირანის ელჩმა საქართველოში ალი მოჯანიმ  31 მარტს  Facebook-ზე დაწერა, რომ ყურადღებაა მისაქცევი ფრაზაზე: “არცერთი ქვეყანა არ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან”.  

მის პოსტს თან ერთვის სიმბოლური ვიზუალი – ავტომობილის სარკეზე დატანილი გაფრთხილება: “სარკეში ასახული ობიექტები იმაზე უფრო ახლოსაა, ვიდრე ჩანს“, – რაც მიმდინარე მოვლენების აღქმის მეტაფორად არის წარმოდგენილი. 

ეს განცხადებები გაკეთდა ერთი დღის შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ტელეფონით ესაუბრა ირაკლი კობახიძეს „ორმხრივი ინტერესის სფეროებზე“, მათ შორის „კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე“. 

“დონალდ ტრამპისა და ამერიკის პოლიტიკის შესახებ ერთ ფაქტს ვერავინ უგულებელყოფს: როდესაც ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად, საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს.

დღეს ნიშნები აშკარაა: საექსპორტო გზების შეფერხება, კაპიტალის გადინება და საზოგადოების მზარდი შფოთვა გამომფიტავი ომის შედეგების გამო, აგრეთვე ესკალაციის რისკები, მათ შორის ამერიკის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე – ეს ყველაფერი პატარა ქვეყნების გადაწყვეტილების მიმღებთა წინაშე დგას.

ახლა, ომის ოცდამეთორმეტე დღეს, თეთრი სახლი იმასაც კი განიხილავს, რომ ამ კონფლიქტის ხარჯების ირანის სამხრეთით მდებარე ქვეყნებს დაეკისროთ.

სწორედ ეს არის ის წერტილი, სადაც მოკლევადიანი გადაწყვეტილებები და მცდარი გათვლები გრძელვადიან გამოწვევებად იქცევა.

ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ.

ეს მიდგომა იმავე პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც ჯო ბაიდენიც პერიოდულად მისდევდა, როცა ხსნიდა ახალ ფრონტებს. დღეს კი თვით ნატოს ზოგიერთი მოკავშირე „ვაშინგტონთან დისტანციის შენარჩუნების პოლიტიკას“ ირჩევს.

ყურადღება მივაქციოთ ამ ფრაზას: არცერთი ქვეყანა არ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან.

კრიზისი ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.“ – წერს სეიედ ალი მოჯანი.




ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S