მეთიუ მილერი: ჩვენი ერთადერთი ჩართულობა საქართველოში ჰუმანიტარული და დემოკრატიული მიზნებისთვისაა
03/10/2023 05:14:44 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ვაშინგტონის ერთადერთი ჩართულობა საქართველოში ჰუმანიტარული და დემოკრატიული მიზნებისთვისაა.
სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე მეთიუ მილერს ჟურნალისტმა ჰკითხა, როგორ შეაფასებდა "ქართული ოცნებისა" და სუს-ის ბრალდებებს USAID-თან დაკავშირებით. საპასუხოდ მან შემდეგი აღნიშნა:
"მე არ მინახავს ეს კონკრეტული კომენტარები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი ჩართულობა საქართველოში მხოლოდ ჰუმანიტარული და დემოკრატიული მიზნებისთვისაა".
ამავე თემაზე: რა თემებს მოიცავდა USAID-ის სასწავლო კურსი, რომელსაც სუს–ი "არეულობისთვის მზადებას" უკავშირებს.
„არეულობის გეგმის ავტორებად“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანმა 18 სექტემბერს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე დაასახელა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის – საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე მიხეილ სააკაშვილის ახლო გარემოცვის წარმომადგენელი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი. მათ სუს– ის განცხადებას „იდიოტობა“ და „სრული ბოდვა“ უწოდეს.


