Spiegel: უკრაინა გერმანული იარაღის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი გახდა
02/10/2023 15:31:49 მსოფლიო
უკრაინა გერმანული იარაღის ყველაზე დიდი იმპორტიორი გახდა, - იუწყება გერმანული გამოცემა Spiegel.
გამოცემის ცნობით, გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში ფედერალურმა მთავრობამ უკრაინაში 3,3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო ტექნიკის ექსპორტს დაუჭირა მხარი, რამაც კიევი გერმანული იარაღის ყველაზე მსხვილ მიმღებად აქცია.
„გერმანიის მუდმივი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად, რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, კვლავ აშკარად აისახება იარაღის ლიცენზირებული ექსპორტის მოცულობაზე“, - აღნიშნა გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა სვენ გიგოლდმა.
გერმანიის მიერ 2023 წლის პირველ ცხრა თვეში ექსპორტირებული იარაღის ღირებულება გასული წლის მაჩვენებლებს აღემატება.
იხილეთ ასევე: გერმანიის ხელისუფლებამ Rheinmetall-ს უკრაინაში სამხედრო ტექნიკის წარმოების უფლება მისცა


