Accentnews.ge
ანა ნაცვლიშვილი: რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა იყო ორი სახელმწიფოს შეთანხმება

ანა ნაცვლიშვილი: რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა იყო ორი სახელმწიფოს შეთანხმება

28/09/2023 08:30:31 პოლიტიკა

„ლელოს" წევრი დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა იყო ორი სახელმწიფოს შეთანხმება.

"ლავროვს რომ არ დავუჯეროთ და ვთქვათ, რომ ეს ლავროვის განცხადებაა და არაფერს ნიშნავს და ეჭვი მაქვს, ამას იტყვიან და ასეთი იქნება რეაგირება „ქართული ოცნების“ მხრიდან. ამიტომ ლავროვს რომ არ დავუჯეროთ, დავუჯეროთ საკუთარ თვალებს - პირდაპირი ფრენები აღდგენილია რუსეთთან და ეს ვერ მოხდება მხოლოდ ერთი სახელმწიფოს თანხმობით. სტუმარი რომ მოდის, თუ კარზე დაგიკაკუნებთ და კარს არ გააღებთ, ვერ შემოვა თქვენს სახლში, ასე რომ, ძალიან მარტივია - პირდაპირი ფრენების აღდგენა იყო ორი სახელმწიფოს შეთანხმება. გაგახსენებთ, ეს ხდება მაშინ, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო ცდილობს რუსეთისგან დისტანცირებას, მის იზოლაციაში მოქცევას და სერიოზული ზომები მიიღეს ევროპულმა სახელმწიფოებმა და არამხოლოდ, რომ რუსეთთან ეკონომიკური კავშირები მუდმივ შემცირებას დაექვემდებაროს, ერთბაშად ეს პროცესი ვერ შეწყდებოდა, მაგრამ ეს არის ცალსახად კლებადი მაჩვენებელი. რუსეთის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა არის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ დასრულდეს უკრაინელი უდანაშაულო ხალხის ხოცვა-ჟლეტა, ამ დროს საქართველომ აღადგინა პირდაპირი ფრენები", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კვლავ აქებს საქართველოს ხელისუფლებას და აცხადებს, რომ რუსულმა მხარემ საქართველოს მთავრობასთან შეათანხმა პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხი, რომელზეც მანამდე თავად რუსეთს ჰქონდა აკრძალვა დაწესებული.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომლითაც გაუქმდა 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა. იმავე დღეს გამოიცა პუტინის მეორე ბრძანებულებაც, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს 15 მაისიდან მიეცათ შესაძლებლობა, უვიზოდ, 90 დღემდე ვადით ჩავიდნენ რუსეთში.

რუსეთსა და საქართველოს ქალაქებს შორის ფრენებს რუსული კომპანია „აზიმუტის“ გარდა, ახორციელებს Georgian Airways (თბილისი-მოსკოვი-თბილისი) და Red Wings (მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვი, სოჭი-თბილისი-სოჭი).

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S