Accentnews.ge
დღეს პარლამენტთან ბიზნესმენ მამუკა ფიფიას საკანონმდებლო ორგანოში ყოფნასაც გააპროტესტებენ

დღეს პარლამენტთან ბიზნესმენ მამუკა ფიფიას საკანონმდებლო ორგანოში ყოფნასაც გააპროტესტებენ

20/09/2023 12:26:15 საზოგადოება

დღეს პარლამენტთან ბიზნესმენ მამუკა ფიფიას საკანონმდებლო ორგანოში ყოფნასაც გააპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორები პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის - ახალგაზრდული ფრთა” და მოძრაობა „ნაბიჯია".

მანამდე, მამუკა ფიფიას პარლამენტში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებები მმართველ პარტიაში გააკეთეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვასილ ჩიგოგიძე აცხადებს, რომ საშვი ბიზნესმენისთვის თავად დაუშვა, თუმცა, მასთან შეხვედრა ვერ მოახერხა, ხოლო ფიფიას მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებთან დაკავშირებით, რომელშიც ის ჩიგოგიძის სამუშაო კაბინეტში, დეპუტატის სკამზე ზის, უმრავლესობის წევრმა შემდეგი აღნიშნა:

„შეიძლება უნდა პარლამენტის წევრი გახდეს ან უხარია სურათის გადაღება. არ ვიცი, რას ემსახურებოდა ფოტოების გადაღება და გამოქვეყნება“.

„მამუკა ფიფიას წლებია ვიცნობ, მაგრამ დიდი ხანი ნანახი არ მყავდა, ბოლო წლებში ორჯერ იყო ჩამოსული და შეხვედრა ვერ მოვახერხე და მთხოვა შეხვედრა. დაემთხვა, რომ სესია იყო, კენჭისყრები გვქონდა და მაგ დროს იყო მოსული, თანაშემწეს ვთხოვე, საშვი დაეშვა, ავიდა ჩემს ოთახში ჩვეულებრივად. მე ფიზიკურად ვერ მოვახერხე ასვლა ერთი საათი. გავიგე, სურათი გადაუღია, ჩემს სკამზე დამჯდარა, შეიძლება უნდა პარლამენტის წევრი გახდეს ან უხარია სურათის გადაღება. არ ვიცი, განცვიფრებული ვარ, რას ემსახურება ეს.

მე შევხვდი დაბლა, ვთხოვე სესიაზე ავალ და დამიცადე-მეთქი, რაიმე თემაზე საუბარი ვერ მოვახერხეთ. რაღაცაზე უნდოდა შეხვედრა, ბიზნესზე. არ უთქვამს არაფერი, გაგრძელდა სესია და ვერ მოვახერხე საუბარი. ვიცი, რომ ბიზნესმენი ბიჭია, 15 წლის წინ ნავთობგადაზიდვებში იყო, როცა მქონდა შეხება“, - განაცხადა ჩიგოგიძემ.

კითხვაზე, დარბაზის ფოტო, რომელიც ფიფიამ გამოაქვეყნა, მისი გადაღებულია თუ არა, ჩიგოგიძე პასუხობს - „ახალი გადაღებული არ არის. დიდი ხნის წინ გადაღებულია და აღებული აქვს, რაში სჭირდებოდა, არ ვიცი“.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მამუკა ფიფია „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვასიკო ჩიგოგიძესთან შესახვედრად იყო პარლამენტში შესული, ფოტოები კი მაშინ გადაიღო, როდესაც ვასიკო ჩიგოგიძე სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა.

მამუკა ფიფია სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა, ტყუილია. გუშინ, ეს ადამიანი, მთელი დღის განმავლობაში, დილიდან ურეკავდა მის ნაცნობ ვასიკო ჩიგოგიძეს, მასთან შეხვედრა უნდოდა. დიახ, ვასიკო ჩიგოგიძემ დაუშვა საშვი და შემოიყვანა. სხდომაზე რადგან სხვადასხვა საკითხი იყო, პირადად ვწერდი დეპუტატებს, რომ ყველა სხდომაზე ვიყოთ, კენჭისყრების დროს, მან უთხრა, რომ დალოდებოდა მის ოთახში, მის კაბინეტში. როგორც ჩანს, მაშინ აქვს გადაღებული ეს ფოტო.

ადამიანი, რომელიც მთელი დღე ურეკავს, შემოდის და მაინც და მაინც დიდი საქმე არ აქვს, უბრალოდ ფიქსირდება, შემდეგ ფოტოს დებს, შემდეგ თქვენ აგნებთ, როგორც გავრილოვს აგნებდით რაღაც მოვლენებიდან 3 წუთში რუსეთში რომ ჩაგეწერათ კომენტარი მისგან. აქედან დასკვნა ყველამ გამოიტანოს.

ჩემი აზრით, ეს მიზანმიმართული დადგმული პროვოკაციაა. დღეს ასე უნდა ადუღებულიყო სიტუაცია, დღეს მიაგენით ამას, გუშინ რატომ არ გამოქვეყნდა? რატომღაც, დღეს შემთხვევით აღმოჩნდა ეს ფოტოები. საერთოდ არ მაინტერესებს გავრილოვის ბიძაშვილია, თუ მეგობარი. თვითონ ვასიკო ჩიგოგიძეც ძალიან გაბრაზებულია იმიტომ, რომ ადამიანი პარლამენტში შეხვედრაზე შემოვიდა და ქართული გერბით ტვირთავს ფოტოებს დეპუტატის კაბინეტიდან. ჩემი აზრით, ეს შემთხვევითი ამბავი არ არის“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მამუკა ფიფია რუსეთში მომუშავე ბიზნესმენია, რომლის ინსტაგრამ–გვერდზე რუს პოლიტიკოს სერგეი გავრილოვთან ერთად გადაღებული ფოტოც იძებნება. საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატის სკამზე ჯდომის და ერთ-ერთ კაბინეტში ყოფნის ფოტოები მამუკა ფიფიამ თავად გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ დღეს „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტთან აქცია დააანონსეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S