
დღეს „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტთან აქცია დააანონსეს
20/09/2023 10:56:05 საზოგადოება
დღეს „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტთან აქცია დააანონსეს.
„დღეს, 19:00 საათზე შევიკრიბოთ რუსთაველზე, პარლამენტის წინ და ერთად ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ. მათ უკან დგას რუსული ჯაშუშური სისტემა პუტინის მიერ შექმნილი, ჩვენ უკან დგას სამშობლო. ჩხუბი კი არა, იარაღზე არ დაუხევია უკან ჩვენს არცერთ თანამემამულეს, არცერთ ნაბიჯზე უკან არ დავიხევთ - სადაც იქნება შეხების წერტილი, იქ მიიღებენ პასუხს ეს ლუსტრირებული რუსი ჯაშუშები, რომლებიც „ქართულ ოცნებაში“ არიან. „ქართული ოცნების“, მთელი სისტემის რღვევა დაწყებულია. ჩვენ გამარჯვების გოლს აუცილებლად გავიტანთ, პატრიოტები ვართ აქეთ, იქით არიან რუსი ჯაშუშები. წინ! არცერთი ნაბიჯი უკან - ვიბრძოლოთ ბოლომდე. დღეს ლაჩრულად გაიქცნენ. ერთადერთი უკან მოპარვა იციან ხოლმე, უკან მოპარულებმაც საკადრისი პასუხი მიიღეს, უფრო მეტ პასუხს მიიღებენ. არცერთი ნაბიჯი უკან!“, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.
გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა 19:00 საათზე პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდა.
„არ ვაპირებთ, ამ რუსებს ეს ქვეყანა დავუთმოთ. ცხადია ვიჩხუბებთ, თავსაც დავიცავთ, საკადრის პასუხსაც გავცემთ. დღეს ყველამ ნახა აკანკალებული კობახიძე, როდესაც ერთი კონკრეტული კითხვა დავსვით - რატომ აქვს ფარცხალაძეს დღემდე საქართველოს მოქალაქეობა. რატომ იცავენ „ეფესბეს“ აგენტს. ამაზე პასუხის ნაცვლად ვნახეთ აკანკალებული კობახიძე და მისი დამცველები - ბერაია და კოლექტიური პუტინისტები და ფარცხალაძეები. არაფრის გვეშინია! მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, 19:00 საათზე შევიკრიბოთ რუსთაველზე, რათა სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდეთ. ძალიან რთული ბრძოლა გველოდება და მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქის ჩართულობა. არ დავიღლებით, არ გვეშინია. ფიზიკურად დავიცავთ ამ ქვეყანას“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
დღეს პარლამენტში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის დეპუტატებს შორის ჩხუბი და დაპირისპირება იყო. ოპოზიციის პროტესტი უკავშირდება აშშ-ის მიერ ყოფილი გენპროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების გარშემო პროცესებს. დეპუტატები მოითხოვენ დღეს პარლამენტში დებატები ფარცხალაძის შესახებ გამართულიყო, თუმცა სხდომა არსებული წესრიგით წარიმართა - კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მოსმენით.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქალებმა ტრიბუნასთან, სადაც წულუკიანი სიტყვით გამოდის, გაშალეს ბანერი უკრაინელი მებრძოლის ცნობილი ფრაზით რუსული ხომალდის შესახებ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, რომელიც დერეფანში ჟურნალსიტებს კომენტარს აძლევდა, ანა წითლიძემ „ნაციონალური მოძრაობიდან“ „რუსი“ უწოდა. კობახიძემ წითლიძეს - აგენტი.
სიტყვიერი დაპირისპირება იყო მიხეილ ყაველაშვილს, მამუკა მდინარაძესა და ალეკო ელისაშვილს შორის.
დარბაზიდან გააძევეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. პარლამენტის ფოიეში ფიზიკურად იჩხუბეს დეპუტატებმა ირაკლი ზარქუამ, ვიქტორ სანიკიძემ ოპოზიციონერ გიორგი ვაშაძესთან.