ვლადიმირ პუტინი კიმ ჩენ ინს კოსმოდრომზე ხვდება
13/09/2023 06:15:42 მსოფლიო
რუსეთის ამურის ოლქში მდებარე კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის შეხვედრა მიმდინარეობს.
კრემლის ინფორმაციით, შეხვედრის დაწყებამდე ვლადიმირ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა სარაკეტო კოსმოსური კომპლექსების – „ანგარას“ რაკეტის ამწყობი საამქრო და „სოიუზ 2“-ის სასტარტო კომპლექსი დაათვალიერეს.
როგორც რუსული სახელმწიფო მედია წერს, კიმ ჩენ ინი კოსმოდრომის სარკინიგზო სადგურამდე სპეციალური მატარებლით ჩავიდა და შემდეგ გზა ლიმუზინით გააგრძელა. ჩრდილოეთ კორეის მეთაურს რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის საპატიო ყარაულით დახვდნენ.
კრემლმა გაავრცელა პუტინის და კიმ ჩენ ინის მისალმების ამსახველი ვიდეოკადრები. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთის პრეზიდენტს მადლობას უხდის დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მისი მიწვევისა და გულთბილი მიღებისთვის.
ცნობისთვის: კიმ ჩენ ინი რუსეთში გუშინ, 12 სექტემბერს ჩავიდა.
11 სექტემბერს აშშ–მა ჩრდილოეთ კორეას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რუსეთს იარაღი არ მიაწოდოს. ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში The New York Times-მა გაავრცელა ცნობა, რომ იგეგმებოდა ორი ქვეყნის ლიდერის მოსკოვში შეხვედრა, სადაც განხილვის მთავარი საკითხი მოსკოვის იარაღით მომარაგება იქნებოდა.
აგვისტოს ბოლოს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან აწარმოებს საიდუმლო მოლაპარაკებას იარაღის შესაძენად, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს. კირბის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ, რომელიც ივლისის ბოლოს ფხენიანში იმყოფებოდა, ცდილობდა ჩრდილოეთ კორეა დაერწმუნებინა რუსეთისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალების მიყიდვის აუცილებლობაში. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის მეთაურმა კიმ ჩენ ინმა გაცვალეს წერილები, რომლებშიც საუბარია ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე. ჯონ კირბის ცნობით, ამის შემდეგ ფხენიანში გაემგზავრა რუსი მაღალჩინოსნების კიდევ ერთი ჯგუფი. თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ დელეგაციის მიზანი იყო მოსკოვის და ფხენიანის პოტენციური გარიგების განხილვა.
ამავე თემაზე: რატომ შეიძლება, უკრაინაში რუსეთის წარუმატებლობა ჩრდილოეთ კორეის წარმატებად გადაიქცეს.


