რატომ შეიძლება, უკრაინაში რუსეთის წარუმატებლობა ჩრდილოეთ კორეის წარმატებად გადაიქცეს
12/09/2023 06:34:41 მსოფლიო
უკრაინის ბრძოლის ველზე რუსეთის წარუმატებლობა შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეის წარმატებად გადაიქცეს.
როგორც ამერიკელი ანალიტიკოსები აცხადებენ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შედეგად შესაძლოა, ფხენიანს გზა გაეხნას იმ იარაღზე, რომელზეც გაეროს სანქციების გამო მას 17 წელიწადია, წვდომა ეკრძალება.
”ეს შეხვედრა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, თუ ურთიერთობები წინ წაიწევს. რუსეთს აქვს სამხედრო ტექნოლოგია, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ლიდერს თანამგზავრის უკანონო გაშვებისა და ბირთვული იარაღის პროგრამებისთვის სჭირდება", – განაცხადა Ewha Womans–ის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების პროფესორმა ლეიფ-ერიკ ისლიმ.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თუ კიმ ჩენ ინმა რუსეთიდან ბირთვული ტექნოლოგიები აითვისა, ეს ფხენიანის ბირთვული პროგრამებისთვის უდიდესი წარმატება იქნება და დასავლელი ლიდერების მთავარი შეშფოთების საგანი გახდება.
- გაეროს სანქციების მიზანია, შეაფერხოს ჩრდილოეთ კორეის შესაძლებლობა, შექმნას სრულფასოვნად მოქმედი ბირთვული იარაღი და ბალისტიკური რაკეტები.
ცნობისთვის: ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთს დღეს ეწვია. იგი ფხენიანიდან რუსეთისკენ კვირას თავისი პირადი მატარებლით გაემგზავრა, მასთან ერთად არიან მთავრობისა და სამხედრო ძალების მაღალჩინოსნები.
როგორც კრემლში აცხადებენ, გაიმართება მოლაპარაკებები ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის. ასევე დაგეგმილია ქვეყნების ლიდერების შეხვედრა და ოფიციალური ვახშამი.
დღეს კრემლის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, კონკრეტულად სად გაიმართება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა.
"ჯერჯერობით არ ვამბობთ, შორეულ აღმოსავლეთში", - განაცხადა მან.
11 სექტემბერს აშშ–მა ჩრდილოეთ კორეას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რუსეთს იარაღი არ მიაწოდოს. ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში The New York Times-მა გაავრცელა ცნობა, რომ იგეგმებოდა ორი ქვეყნის ლიდერის მოსკოვში შეხვედრა, სადაც განხილვის მთავარი საკითხი მოსკოვის იარაღით მომარაგება იქნებოდა.
აგვისტოს ბოლოს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან აწარმოებს საიდუმლო მოლაპარაკებას იარაღის შესაძენად, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს. კირბის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ, რომელიც ივლისის ბოლოს ფხენიანში იმყოფებოდა, ცდილობდა ჩრდილოეთ კორეა დაერწმუნებინა რუსეთისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალების მიყიდვის აუცილებლობაში. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის მეთაურმა კიმ ჩენ ინმა გაცვალეს წერილები, რომლებშიც საუბარია ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე. ჯონ კირბის ცნობით, ამის შემდეგ ფხენიანში გაემგზავრა რუსი მაღალჩინოსნების კიდევ ერთი ჯგუფი. თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ დელეგაციის მიზანი იყო მოსკოვის და ფხენიანის პოტენციური გარიგების განხილვა.


