აშშ ჩრდილოეთ კორეას სანქციებით ემუქრება, თუ ფხენიანი მოსკოვს იარაღს გაუგზავნის
12/09/2023 07:47:35 მსოფლიო
აშშ ჩრდილოეთ კორეას სანქციებით ემუქრება, თუ ფხენიანი მოსკოვს იარაღს გაუგზავნის. შესაბამისი განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა მეთიუ მილერმა გააკეთა.
„გვსურს, შევახსენოთ ორივე მხარეს, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთისთვის იარაღის ნებისმიერი გადაცემა იქნება გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მრავალი რეზოლუციის დარღვევა. ჩვენ, რა თქმა უნდა, აქტიურად ვიყენებდით სანქციებს პირების მიმართ, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის ომს, გავაგრძელებთ მათ გამოყენებას და უყოყმანოდ დავაწესებთ ახალ სანქციებს, თუ საჭირო იქნება“, – განაცხადა მილერმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ჩრდილოეთ კორეას–რუსეთის ურთიერთობების გააქტიურება, მიუთითებს იმაზე, რომ კრემლს სამხედრო თვალსაზრისით პრობლემები აქვს და დახმარებას ჩრდილოეთ კორეისგან ეძებს.
ცნობისთვის: ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთს დღეს ეწვია. იგი ფხენიანიდან რუსეთისკენ კვირას თავისი პირადი მატარებლით გაემგზავრა, მასთან ერთად არიან მთავრობისა და სამხედრო ძალების მაღალჩინოსნები.
როგორც კრემლში აცხადებენ, გაიმართება მოლაპარაკებები ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის. ასევე დაგეგმილია ქვეყნების ლიდერების შეხვედრა და ოფიციალური ვახშამი.
დღეს კრემლის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, კონკრეტულად სად გაიმართება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა.
"ჯერჯერობით არ ვამბობთ, შორეულ აღმოსავლეთში", - განაცხადა მან.
11 სექტემბერს აშშ–მა ჩრდილოეთ კორეას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რუსეთს იარაღი არ მიაწოდოს. ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში The New York Times-მა გაავრცელა ცნობა, რომ იგეგმებოდა ორი ქვეყნის ლიდერის მოსკოვში შეხვედრა, სადაც განხილვის მთავარი საკითხი მოსკოვის იარაღით მომარაგება იქნებოდა.
აგვისტოს ბოლოს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან აწარმოებს საიდუმლო მოლაპარაკებას იარაღის შესაძენად, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს. კირბის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ, რომელიც ივლისის ბოლოს ფხენიანში იმყოფებოდა, ცდილობდა ჩრდილოეთ კორეა დაერწმუნებინა რუსეთისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალების მიყიდვის აუცილებლობაში. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის მეთაურმა კიმ ჩენ ინმა გაცვალეს წერილები, რომლებშიც საუბარია ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე. ჯონ კირბის ცნობით, ამის შემდეგ ფხენიანში გაემგზავრა რუსი მაღალჩინოსნების კიდევ ერთი ჯგუფი. თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ დელეგაციის მიზანი იყო მოსკოვის და ფხენიანის პოტენციური გარიგების განხილვა.
ამავე თემაზე: რატომ შეიძლება, უკრაინაში რუსეთის წარუმატებლობა ჩრდილოეთ კორეის წარმატებად გადაიქცეს


