
სანქტ-პეტერბურგში, სერაფიმოვსკოეს სასაფლაოსკენ მიმავალი გზები გადაკეტილია, სოციალურ ქსელებში პრიგოჟინის დაკრძალვის შესახებ იუწყებიან
29/08/2023 09:10:53 მსოფლიო
სანქტ-პეტერბურგში, სერაფიმოვსკოეს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული.
სასაფლაოსკენ მიმავალი გზები ამ დროისვის გადაკეტილია
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ცნობები, რომ აღნიშნული "ვაგნერის" ლიდერის ევგენი პრიგოჟინის დაკრძალვას უკავშირდება.
პრიგოჟინის დაკრძალვის თარიღსა და ადგილზე ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. ასევე უცნობია დაესწრება თუ არა "ვაგნერის" ლიდერის დაკრძალვას პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ორშაბათს განაცხადა, რომ ცერემონიაზე დასწრების შესახებ გადაწყვეტილებები პრიგოჟინის ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებოდა.
ცნობისთვის: 23 აგვისტოს რუსეთის ტვერის ოლქში პრიგოჟინის თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 10 პირი იმყოფებოდა, ჩამოვარდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, დაღუპულები არიან მგზავრები: სერგეი პროპუსტინი, ევგენი მაკარიანი, ალექსანდრ ტოტმინი, ვალერი ჩეკალოვი, დმიტრი უტკინი, ნიკოლაი მატუსეევი და ევგენი პრიგოჟინი. ასევე ეკიპაჟის წევრები: ალექსეი ლევშინი, რუსტამ კარიმოვი და კრისტინა რასპოპოვა.
„პრიგოჟინს ვიცნობდი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, 90-იანი წლების დასაწყისიდან. იგი იყო რთული ბედის ადამიანი. სერიოზულ შეცდომებსაც უშვებდა და საჭირო შედეგებსაც აღაწევდა. იყო ნიჭიერი ადამიანი, ნიჭიერი ბიზნესმენი", განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 24 აგვისტოს.
ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პეტერბურგელი ბიზნესმენის ევგენი პრიგოჟინის მიერ შექმნილ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ კრემლი აფრიკაში, სირიასა და უკრაინაში აქტიურად იყენებდა. 2023 წლის ივნისში პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელების წინააღმდეგ ამბოხება მოაწყო. მან 23 ივნისს, განაცხადა რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა, რასაც „სამართლიანობის მარშით“ უპასუხებდა. 24 ივნისს „ვაგნერელების“ ნაწილმა რუსეთის ქალაქი დონის როსტოვი პრაქტიკულად, წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა და ვორონეჟის ოლქშიც შევიდა, ნაწილი კი, მოსკოვისკენ დაიძრა. მოგვიანებით, 24 ივნისს ბელარუსის ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მოლაპარაკების შემდეგ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალური იყო და ამიტომ "ვაგნერელები" საველე ბანაკებში დაბრუნდებოდნენ. 24 ივნისს გვიან ღამით პრეზიდენტ პუტინის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ შეიარაღებული ამბოხების გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდებოდა და პრიგოჟინი ბელარუსში წავიდოდა. პუტინმა განვითარებულ მოვლენებს "ღალატი" უწოდა.