"ვაგნერთან" დაკავშირებული არხი: პრიგოჟინი დაიღუპა რუსეთის მოღალატეების ქმედებების შედეგად
23/08/2023 20:59:33 მსოფლიო
"ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი დაიღუპა ავიაკატასტროფაში, – იტყობინება ვაგნერთან აფილირებული ტელეგრამ–არხი Grey Zone.
”პრიგოჟინი დაიღუპა რუსეთის მოღალატეების ქმედებების შედეგად. მაგრამ ჯოჯოხეთშიც კი ის საუკეთესო იქნება!” – ნათქვამია შეტყობინებაში.
მოგვიანებით, მსგავსი შეტყობინება Gray Zone-მ გამოაქვეყნა პრიგოჟინის მოადგილის, დიმიტრი უტკინის შესახებაც, რომელიც, "როსავიაციის" ცნობით, ასევე იმყოფებოდა ჩამოვარდნილ Embraer ERJ 135-ის ბორტზე.
პარალელურად იუწყებიან, რომ "ვაგნერის" მეთაურები თათბირს მართავენ ბელარუსში.
ამჟამად ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით ორი ძირითადი ვერსია ფიგურირებს: თვითმფრინავს მოხვდა რაკეტა, ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა თვითმფრინავში. ოფიციალურად კატასტროფის მიზეზების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი.
როსავიაციის ცნობით, "Embraer - 135 (EBM-135BJ) თვითმფრინავის ფრენა განხორციელდა საჰაერო სივრცით სარგებლობის დადგენილი წესით გაცემული ნებართვის საფუძველზე.
"ცარგრადი" თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უტკინის და პრიგოჟინის ცხედრები იდენტიფიცირებულია, თუმცა უახლოეს მომავალში ჩატარდება გენეტიკური გამოკვლევა. "ბაზას" ცნობით, შემთხვევის ადგილზე 10 ცხედარი იპოვეს, უმეტესი მათგანი ძლიერ არის დაზიანებული და გენეტიკური ანალიზი გახდება საჭირო იდენტიფიცირებისთვის.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე, ვალდაიში ვლადიმერ პუტინის რეზიდენციიდან არც თუ ისე შორს ოთხი S-300–ია განთავსებული,– განუცხადა რუსეთის მთავრობიდან წყარომ The Moscow Times-ს.
მისი თქმით, ის, რაც პრიგოჟინის თვითმფრინავს დაემართა და თავად ვარდნის ადგილი, არ არის შემთხვევითი, არამედ, მაღალი ალბათობით, სასჯელი აჯანყებისთვის: „24 ივნისს მსვლელობა მოსკოვზე, 24 აგვისტოს ორი რაკეტა. ყველაფერი ლოგიკურია. თვითმფრინავი [პუტინის] რეზიდენციიდან ფაქტოფრივად 50 კილომეტრში ჩამოვარდა“, - უთხრა გამოცემას წყარომ.
თუ პრიგოჟინი მართლაც იმყოფებოდა ჩამოვარდნილ თვითმფრინავში, მიზეზი ივნისში მის ამბოხებაში უნდა ვეძებოთ, რომელსაც მან თავად უწოდა "სამართლიანობის მსვლელობა", - თქვა წყარომ.
ორი თვის წინ „ვაგნერის“ ქვედანაყოფებმა პრიგოჟინის მეთაურობით მოაწყვეს შეიარაღებული მარში მოსკოვზე, რომელსაც რუსეთის ხელისუფლებამ ამბოხების კვალიფიკაცია მისცა. ამასთან, „ვაგნერელებმა“ ჩამოაგდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების რამდენიმე თვითმფრინავი და ვერტმფრენი.
„ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების შემდეგ ბელარუსში გადავიდნენ. მაგრამ პრიგოჟინი დროის უდიდეს ნაწილს კვლავაც რუსეთში ატარებდა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა.
21 აგვისტოს გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც პრიგოჟინი ამბობს, რომ აფრიკაში იმყოფება. მან ახალი დაქირავებული ჯარისკაცების აყვანის შესახებ განაცხადა.


